გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 42-I 24 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია, მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულ ე. ა-შვილისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს უფროსი პროკურორის ე.ტყეშელაშვილის კერძო საკასაციო საჩივრები, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის განაჩენი გ. მ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა გარდაბნის რაიონის პროკურორს.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის განაჩენით, გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით გ. მ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2001წ. 7 ივლისს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფ. ... ჩაიდინა ე. ა-შვილის გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში: სოფ. ..., ერთსარულიან სახლში, მარტო ცხოვრობდა პენსიონერი, 1927წ. 22 ივლისს დაბადებული, დაზარალებული ე. ა-შვილი. 2001წ. 7 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, ე. ა-შვილი გამოაღვიძა ხმაურმა, საწოლიდან წამომდგარს მოულოდნელად ეცა მსჯავრდებული გ.მ-ძე, რომელიც სახლში შესული იყო ა-შვილის გაუპატიურების განზრახვით. გ.მ-ძემ უმწეო მდგომარეობაში, მყოფი 74წ. ქალი წააქცია საწოლზე, მუქარითა და ძალადობის გამოყენებით გახადა ქვედა საცვალი და გააუპატიურა ჩვეულებრივი გზით. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მსჯავრდებული გ.მ-ძე არ მოეშვა დაზარალებულ ე. ა-შვილს, ისევ მუქარითა და ძალადობით იქონია მასთან სქესობრივი კავშირი ჯერ უკანა ტანიდან, ხოლო შემდეგ პირის ღრუდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ. მ-ძის ადვოკატის ვ. მ-შვილის შუამდგომლობა, გააუქმა განაჩენი გ. მ-ძის მიმართ და საქმე 2002წ. 1 ივლისის განჩინებით დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა გარდაბნის რაიონის პროკურატურას, რაც დაასაბუთა იმით, რომ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 71-ე მუხლის მოთხოვნა, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივარში დაზარალებული ე. ა-შვილი აღნიშნავს, რომ არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლოში მისი დაცვის უფლებები არ დარღვეულა, რისთვისაც ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
კერძო საკასაციო საჩივარში პროკურორი ვ. ტ-შვილი უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რასაც ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სააპელაციო პალატამ დაზარალებულის დაცვის უფლების დარღვევის მოტივით გააუქმა განაჩენი და საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა მსჯავრდებულის ადვოკატ გ.მ-შვილის შუამდგომლობის საფუძველზე;
თვითონ დაზარალებული ყველგან მიუთითებს, რომ მისი დაცვის უფლება არც გამოძიებასა და არც სასამართლოში არ დარღვეულა, ამას ადასტურებს ე. ა-შვილი თავის კერძო საკასაციო საჩივარშიც და ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ე. ტ-შვილი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულ ე. ა-შვილის წარმომადგენელი და პროკურორი ა.ს-შვილი მხარს უჭერენ კერძო საკასაციო საჩივრებს.
მსჯავრდებული გ. მ-ძე და ადვოკატი ვ. მ-შვილი ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართოლს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომის მოსამზადებელ სტადიაზე, მსჯავრდებულ გ.მოსიძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-შვილმა იშუამდგომლა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაზარალებულ ე. ა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით.
სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა.
სააპელაციო პალატის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზარალებული ე. ა-შვილი მარჯვენა თვალიდან ითვლება პრაქტიკულად უსინათლოდ, ხოლო მარცხენა თვალზე მხედველობა მკაცრად აქვს დაქვეითებული, რომლის გაუმჯობესების საშუალებას წარმოადგენს მხოლოდ სათვალის ხმარება.
სამედიცინო თვალსაზრისით, ე. ა-შვილს სათვალის გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება, ასევე დაბეჭდილი ან ხელნაწერი ტექსტის წაკითხვა არ შეუძლია.
იხელმძღვანელა რა მოცემული დასკვნით, სააპელაციო პალატამ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების ძირითად მოტივად მიუთითა საქართველოს სსსკ-ის 71-ე მუხლის დარღვევაზე – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოძიებასა და სასამართლოში დაზარალებულ ე. ა-შვილის ადვოკატით სავალდებულო უზრუნველყოფის შესახებ.
პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების ამ მითითებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არ გაარკვია ექსპეტიზის დასკვნაში მითითებული დაავადებები გამორიცხავდა თუ არა დაზარალებულ ე. ა-შვილის მიერ საკუთარი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, მით უფრო, რომ დაზარალებულის დაცვის უფლების დარღვევის მოტივით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება იშუამდგომლა მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. მ-შვილმა. დაზარალებულ ე. ა-შვილის განცხადებით მისი უფლებები არც წინასწარ გამოძიებასა და არც სასამართლოში არ დარღვეულა და კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს დაზარალებულ ე. ა-შვილის და პროკურორ ე.ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრების მოტივებს გ.მოსიძის მიმართ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაცემის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ივლისის განჩინება გ. მ-ძის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.