დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 521A 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ბრალდებულ დ. ღ-ძის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ს. უ-ძის, დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. დ-შვილის და პროკურორ მ. მ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე დ. ღ-ძის მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურას, ხოლო აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა დ. ღ-ძეს შეეცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.
ბრალდებულისა და მისი ადვოკატის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას და დ. ღ-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.
დაზარალებულის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, დ. ღ-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობის შეფარდებას და საქმის გადაცემას კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
პროკურორის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით დ. ღ-ძეს ბრალი ედება მასში, რომ 2001წ. 16 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გენერალური მინდობილობით მართავდა რა გ. ა-შვილის კუთვნილ ავტომანქანა “ბმვ”-ს და მოძრაობდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ბარათაშვილის სახელობის ხიდის მხრიდან ორთაჭალის მიმართულებით, რესტორან “ქალაქურის” მოპირდაპირე მხარეს დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის დანართის 1.1 პუნქტის მოთხოვნა, წინ მიმავალი ავტომობილისათვის გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების სავალ გზაზე და დაეჯახა ორთაჭალის მხრიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მოძრავ ავტომანქანა “გრანდ-ჩეროკს”, რომელსაც მართავდა ა. ჭ-ძე. ამის შემდეგ კი შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუს _ “ფორდ-ტრანზიტს”, რომელსაც მართავდა მძღოლი მ. ც-ძე. ავტომანქანების შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით “გრანდ-ჩეროკის” მძღოლი ა. ჭ-ძე იმავე დღეს გარდაიცვალა ქალაქის პირველი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში, ხოლო “ფორდ-ტრანზიტის” მგზავრმა ნ. ბ-შვილმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
საქმე სასამართლოში განსახილველად წარიმართა 2001წ. 22 ოქტომბერს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 17 ივნისის დადგენილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განსასჯელ დ. ღ-ძის შუამდგომლობა და გაუქმდა საბრალდებო დასკვნა იმ მოტივით, რომ იგი გამომძიებლის მიერ შედგენილია სამთვიანი საგამოძიებო ვადის ამოწურვის შემდეგ.
მოსამართლის იმავე თარიღის მეორე დადგენილებით საქმე დაბრუნებულ იქნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. დ. ღ-ძის მიმართ გამოძიების პროცესში არჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა დარჩა უცვლელად.
მოსამართლემ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
1. საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა და საბრალდებო დასკვნა შედგენილ იქნა სამთვიანი საგამოძიებო ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით ვადის გაგრძელების გარეშე, რამაც შექმნა საპროცესო მოქმედებათა ბათილად ცნობის წინაპირობა;
2. საქმეზე შეკრებილი რიგი მტკიცებულებანი გამომძიებლის მიერ მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც მათ ეკარგებათ მტკიცებულებითი ღირებულება;
3. კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დანართ სქემასა და ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერების ოქმზე დამსწრე გ. ნ-შვილის სახელით შესრულებული ხელმოწერები ამ უკანასკნელს არ ეკუთვნის. ამის გამო დამატებითი გამოძიებით გამოკვლეული უნდა იქნეს შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერების სრულყოფილობა, შედგენილი ოქმების ობიექტურობა და ამ დოკუმენტების მტკიცებულებითი ღირებულება.
რაიონული სასამართლოს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებულმა დ. ღ-ძემ, მისმა ადვოკატმა ვ. თ-ძემ და პროკურორმა.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივართა მოთხოვნა და რაიონული სასამართლოს დადგენილებაში შეიტანა მხოლოდ ის ცვლილება, რომ ბრალდებულ დ. ღ-ძეს აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ შეუცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. მ-შვილმა ითხოვა როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების, ასევე რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის იმ დადგენილების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა საბრალდებო დასკვნა და იშუამდგომლა საქმის გადაცემა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
ადვოკატმა გ. ჯ-ძემ და დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. დ-შვილმა ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის ორივე დადგენილების, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ბრალდებულ დ. ღ-ძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობის შეფარდება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
ადვოკატმა ს. უ-ძემ და ბრალდებულმა დ. ღ-ძემ იშუამდგომლეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ საქმე აღიძრა გაყალბებულ საგამოძიებო დოკუმენტებზე დაყრდნობით, საბრალდებო დასკვნა შედგენილ იქნა საგამოძიებო ვადის ამოწურვის შემდეგ და საქმის მასალებით არსებითად დადასტურებული არ არის დ. ღ-ძეზე შერაცხული ბრალდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა თითოეული კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველა საჩივრის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს გამოირკვა, რომ რამდენიმე ოქმზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე დამსწრედ დასახელებული პიროვნების ნაცვლად ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ. ეს ფაქტი უდავოდ იწვევს დამატებითი გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, რის გამოც პროკურორისა და დაზარალებული მხარის მოთხოვნა საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაცემის შესახებ პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. დამატებითი გამოძიების მიერ სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ყველა საგამოძიებო მოქმედება უნდა შესრულდეს საპროცესო ნორმების სრული დაცვით და მათ მიეცეთ სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა არ იზიარებს დაზარალებული მხარის არც იმ მოთხოვნას, რომ ბრალდებულ დ. ღ-ძეს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და კვლავ დაპატიმრებულ იქნეს. ამ ეტაპზე ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის რაიმე კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
პალატა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებულისა და დაცვის მოთხოვნას დ. ღ-ძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამ ეტაპზე, როცა არც ერთ სასამართლო ინსტანციას არსებითად არ უმსჯელია შერაცხულ დანაშაულში დ. ღ-ძის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, როცა საკითხი დგას დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ, პალატას დ. ღ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის არც უფლება და არც კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნული საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სრულყოფილი გამოძიების შემდეგ უფლებამოსილი საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოს მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება დ. ღ-ძის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.