გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 28.07.2014
საქმის ნომერი
2კ-134აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №134აპ-14 ქ. თბილისი

ბ-ა კ., 134აპ-14 28 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით კ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა კ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ კ. ბ-ს უნდა განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

კ. ბ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის 2012 წლის 13 ნოემბერს ადმინისტრაციულად სახდელდადებულ კ. ბ-ს 2013 წლის 10 ნოემბერს დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას - კ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კ. ბ-ს ბრალად შეერაცხა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ კ. ბ-ს გამართლებას ბრალად შერაცხულ დანაშაულში საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს და ასეთ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ნარკოტიკული საშუალების მესამედ მოხმარება წარმოადგენს არა ახალი დანაშაულის (როგორც სახდელშეფარდებული პირის მიერ მოხმარება) შემადგენელ კომპონენტს, არამედ დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუკი პირს განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი აქვს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების აღნიშნული მოსაზრება.

საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანაშაულადაა გამოცხადებული ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ან ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ამდენად, სსკ–ის 273–ე მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია, ან პირის ნასამართლობა სსკ–ის 273–ე მუხლით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39–ე მუხლისა და ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მეორე ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოხსენებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ითვლება სახდელის მოხდის დღიდან ან სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში და ამ კოდექსით სხვა საგამონაკლისო სამართლებრივი საფუძველი არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის ამ სამართლებრივი რეჟიმის გაუქმების მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან ნასამართლობის მოხსნის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისათვის პირის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ წყვეტს პირის, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივ რეჟიმს. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება (თუნდაც რამდენჯერმე) 1 წლის განმავლობაში, თუ არც ერთ ფაქტზე არ არის მიღებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი, გვაძლევს მოცემულ თითოეულ შემთხვევაში სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ე.ი. სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.

ასევე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია სსკ-ის 273-ე მუხლით და კანონით გათვალისწინებული რომელიმე სამართლებრივი საფუძვლით ის გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან მოეხსნა ნასამართლობა, ის ითვლება ისევ ადმინისტრაციულ სახდელდადებულად და გრძელდება მისი, როგორც ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი, თუ მის მიმართ არ არის გასული ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წელი და შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მოხმარების ახალი ფაქტი გვაძლევს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

საქმის მასალების მიხედვით, კ. ბ-ს 2012 წლის 13 ნოემბერს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით, ხოლო შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, განმეორებით მოხმარების გამო, მას წარედგინა ბრალდება სსკ–ის 273–ე მუხლით და 2013 წლის 12 თებერვალს გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

2013 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის №... განკარგულებით კ. ბ-ა შეწყალებულ იქნა და მოეხსნა 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ბ-ს, როგორც ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ პირად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ არის შეწყვეტილი და ის გრძელდება 2013 წლის 13 ნოემბრამდე, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №... განკარგულებით კ. ბ-ს სსკ-ის 273-ე მუხლით შეწყალებისა და ნასამართლობის მოხსნის შემდეგ, მის მიერ 2013 წლის 10 ნოემბერს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი ისევ გვაძლევს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან სახდელის დადებიდან - 2012 წლის 13 ნოემბრიდან არ არის გასული 1 წელი და შესაბამისად, გრძელდება მისი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ყოფნის სამართლებრივი რეჟიმი.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ბ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენი. იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომლის ფაქტობრივ გარემოებები გარდა იმისა, რომ დადასტურებულია საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, ასევე დაცვის მხარე მათ სადავოდ არ ხდის.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა კ. ბ-ს პიროვნებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენი.

კ. ბ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი