გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №385აპ-14 ქ. თბილისი
კ-ა დ 385აპ-14 24 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ქ. ყ-ს
ადვოკატ - დ. ა-ს
გამართლებულ - დ. კ-ს
მონაწილეობით განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით:
დ. კ-ა საქართველოს სსკ–ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
დ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 3000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან ს. კ-ს (პ/ნ ) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ დ. კ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქმის მასალების მიხედვით, დ. კ-ს ბრალი დაედო მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მ. კ-ს ბრალდების საქმეზე დ. კ-მ, როგორც მოწმემ, მისცა გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენების არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან ყიფიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და დ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ყ-ს საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია დ. კ-ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა, კერძოდ:
დ. კ-ს მიერ 2013 წლის 29 ივლისს მიცემული ჩვენების თანახმად, „ავტოსაგზაო შემთხვევამდე ჩვენს სამოძრაო ზოლში გადმოსული მოპირდაპირედ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება იყო ,,მერსედესის“ მარკის, მუქი ლურჯი (მელნისფერი). ჩემთვის ცნობილია მძღოლის ვინაობაც, მე შევძელი დამეფიქსირებინა და კარგად მახსოვს, რომ ეს იყო ჩემს მეზობლად მცხოვრები მ. კ-ა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის მერე (დროს) იქ არ მინახია“.
მ. კ-ს მიმართ საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული ჩვენებით მოწმე დ. კ-მ განმარტა, რომ მათ გზაზე მოძრაობდა ,,მერსედესის“ მარკის მანქანა. მათი მანქანა გადავიდა გზიდან და მერე აღარ ახსოვს. მანქანა იყო მელნისფერი მუქი, ვერ მოასწრებდა მისი სანომრე ნიშნის და საჭესთან მჯდომის დანახვას. მძღოლი არ შეუნიშნავს, ვერც შეამჩნევდა. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას იყო სტრესულ მდგომარეობაში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. კ-ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც შედგენილია 2013 წლის 29 ივლისს, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის წინადადებებს; ასეთ ვითარებაში, ტექსტის ორაზროვანი აღქმის გამოსარიცხად, გამომძიებელს დამატებითი შეკითხვის დასმით არ აღმოუფხვრია არსებული წინააღმდეგობა, რაც არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დ. კ-მ სასამართლოს მისცა მოწმის სახით გამოძიებაში მიცემული ჩვენების არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება.
ის ფაქტი, რომ გამოძიების დროს დ. კ-ა მოწმის სახით დაიკითხა კანონის სრული დაცვით, დასტურდება მისივე დაკითხვის ოქმით, სადაც ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს. ასევე მან სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა, რომ დაკითხვის დროს რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა მასზე არ ყოფილა. აღნიშნული დაკითხვის ოქმი ასევე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მ. კ-ს ბრალდების საქმეზე წინა სასამართლო სხდომასა და საქმის არსებით განხილვაზე, სადაც მოწმე დ. კ-მ შეცვალა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და უარყო ბრალდებულ მ. კ-ს სასარგებლოდ მისი დანახვის ფაქტი. ის იყო საქმეში ერთ–ერთი პირდაპირი მოწმე, ვინც ამხელდა მ. კ-ს ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში. დ. კ-ა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მოწმის სახით დაიკითხა. მან აღწერა ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და მ.კ-ა დაასახელა იმ პირად, ვინც შეუქმნა საფრთხე მათ სამოძრაო ზოლში მიმავალ მანქანას, სადაც აშკარად შეამჩნია, რომ მძღოლი იყო მისი მეზობელი მ. კ-ა. ის გაეცნო მისი დაკითხვის ოქმს და რაიმე სახის შენიშვნა ან შესწორების შესახებ სურვილი არ გამოუთქვამს, მათ შორის ფრჩხილებში ჩასმულ სიტყვაზე - „დროს“ და შემდეგ ჩამატებულ სიტყვაზე ,,მერე“. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ჩამატება არანაირად არ ცვლის მის მიერ მიცემული ზემოაღნიშნული ჩვენების შინაარსს. ის გარემოება, რომ გამომძიებელს ჩამატებულ სიტყვაზე არანაირი შენიშვნა ოქმის ბოლოს არ გაუკეთებია, მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვლოს არაარსებითი ხასიათის დარღვევად, რაც ამ შემთხვევაში არ არის მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების მიუღებლობის საფუძველი. თავდაპირველად დ. კ-ა ცალსახად აჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე მათ სამოძრაო ზოლში გადმოსული, მოპირდაპირედ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება იყო ,,მერსედესის“ მარკის, მუქი ლურჯი (მელნისფერი) მანქანა. მისთვის ცნობილია მძღოლის ვინაობაც, შეძლო დაეფიქსირებინა და კარგად ახსოვს, რომ ეს იყო მის მეზობლად მცხოვრები მ. კ-ა, ხოლო შემდეგ წინადადებაში მითითებული სიტყვები ,,დროს“ და ,,მერე“ არ ცვლის ამ წინადადების შინაარსს, რადგან მას თუნდაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ან მერე რომ არ დაენახა მ. კ-ა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დაუნახავს ავტოსაგზაო შემთხვევამდე. დ. კ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და სასამართლოში მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება პირდაპირ ხაზს უსვამს მოწმის მიერ იმის უარყოფას, თუ ვინ იყო მძღოლი. ის კატეგორიულად უარყოფს სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მძღოლის შემჩნევის ფაქტს, რაც, თავისთავად, წარმოადგენს ფაქტების დამახინჯებას და მოწმის განზრახვას, ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას, ხოლო მისი დაკითხვის ოქმში გამომძიებელი სიტყვა ,,მერეს“ დაწერდა თუ ,,დროს“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მის განზრახვასთან. მთავარი აზრი მისი მოწმის სახით დაკითხვისა, იყო ის, რომ იგი, როგორც მოწმე, ასახელებდა მძღოლის ვინაობას, ხოლო იმას, შემთხვევის დროს თუ მერე არ უნახავს მძღოლი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. კ-ს მიერ მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან 2014 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მ. კ-ს ბრალდების საქმეზე, როგორც მოწმემ, მისცა მოწმის სახით გამოძიებაში მიცემული ჩვენების არსებითად ურთიერსაწინააღმდეგო ჩვენება.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. კ-ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ დ. კ-ს მიზანშეწონილია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ყ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 სექტემბრის განაჩენი დ. კ-ს მიმართ.
დ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711–ე მუხლის 1–ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
გაუქმდეს დ. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 3000 ლარი სრულად დაუბრუნდეს მის შემტან ს. კ-ს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი