გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 19.11.2015
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №258აპ-15 ქ. თბილისი

ბ-ე ბ, 258აპ-15 19 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, ზაზა მეიშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - პ. მ-ს

ადვოკატ - ი. გ-ს

გამართლებულ - ბ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

2. ბ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ზ. ბ-ს (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ, 5000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარეს ა-ს რაიონის სოფელ წ-ი, „ს-ნ“, სარეგისტრაციო ზონა - ა-ე, კოდი - .., სექტორი - კლდე, კოდი - .., კვარტალი №.., ნაკვეთის №.., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 1500.00 კვ.მ. 4 000 ლარის ფარგლებში.

3. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ა-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ბ-მ 2013 წლის 2 აგვისტოს გამოსცა ბრძანება №202 მ. მ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის მ-ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 აგვისტოდან სამი თვის ვადით. 2013 წლის 19 აგვისტოს მანვე გამოსცა ბრძანება №230 მ. გ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 აგვისტოდან სამი თვის ვადით, ხოლო 2013 წლის 2 სექტემბერს გამოსცა №249 და №250 ბრძანებები, შესაბამისად, მ. ბ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 სექტემბრიდან სამი თვის ვადით და ქ. ი-ს - ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 სექტემბრიდან სამი თვის ვადით.

4. 2013 წლის ნოემბერში ბ. ბ-მ იმავე პირების მიმართ, მათ მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მოტივით, დაამზადა 2013 წლის 2 აგვისტოს, 19 აგვისტოსა და 2 სექტემბრით დათარიღებული - მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ბ-ა და ქ. ი-ს თანამდებობაზე დანიშვნის ოთხი ყალბი ბრძანება, რომელთა მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილი პირები თანამდებობაზე გამწესებულნი იქნენ თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ბ. ბ-ს მიმართ.

6. ბ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

7. ცნობად იქნა მიღებული, რომ ბ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ზ. ბ-ს (პირადი №....) საკუთრებაში არსებულ, 5000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარეს ა-ს რაიონის სოფელ წ-ი, „ს-ნ“, სარეგისტრაციო ზონა - ა-ე, კოდი - .., სექტორი - კლდე, კოდი - .., კვარტალი №.., ნაკვეთის №0.., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 1500.00 კვ.მ. 4 000 ლარის ფარგლებში.

8. ბ. ბ-ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

9. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

14. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

15. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა გამართლებული ბ. ბ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის მიხედვით, ბ. ბ-ს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენაში, პირადი მოტივით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ა-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ბ-მ 2013 წლის 2 აგვისტოს გამოსცა ბრძანება №202 მ. მ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის მ-ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 აგვისტოდან სამი თვის ვადით. 2013 წლის 19 აგვისტოს მანვე გამოსცა ბრძანება №230 მ. გ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 აგვისტოდან სამი თვის ვადით, ხოლო 2013 წლის 2 სექტემბერს გამოსცა №249 და №250 ბრძანებები, შესაბამისად, მ. ბ-ს ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 სექტემბრიდან სამი თვის ვადით და ქ. ი-ს - ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2013 წლის 2 სექტემბრიდან სამი თვის ვადით. 2013 წლის ნოემბერში ბ. ბ-მ იმავე პირების მიმართ, მათ მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მოტივით, დაამზადა 2013 წლის 2 აგვისტოს, 19 აგვისტოსა და 2 სექტემბრით დათარიღებული მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ბ-ა და ქ. ი-ს თანამდებობაზე დანიშვნის ოთხი ყალბი ბრძანება, რომელთა მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი პირები თანამდებობაზე გამწესებულნი იქნენ თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის გამამართლებელი განაჩენის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ბ-მ დანაშაული ჩაიდინა პირადი მოტივით.

4. საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, ემსჯელათ პირად მოტივთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევით. საქმის მასალებში წარმოდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების ფორმულირებაში არ არის მითითებული სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის პირადი მოტივი, რაც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია.

5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დასკვნით სიტყვაში პირად მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბ. ბ-ს სურდა გამოესწორებინა მის მიერვე დაშვებული შეცდომა, რომ თავის დროზე არასწორად, კანონის დარღვევით დანიშნა თანამდებობებზე მითითებული პირები და ამ გადაწყვეტილებით ცდილობდა, დაეფარა თავისი უკანონო მოქმედებები.

6. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. ბრალდების შესახებ დადგენილებაში კი საერთოდ არ არის მითითებული, თუ რა მიიჩნია სახელმწიფო ბრალდებამ ბ. ბ-ს მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის პირად მოტივად.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებულ პირად მოტივთან დაკავშირებით და თვლის, რომ ბ. ბ-ს ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება - სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი პირადი მოტივით, რადგან მის მიმართ შერაცხული ბრალდების ერთ-ერთ შემადგენელ, აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს პირად მოტივზე მითითება.

8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბ. ბ-ს ქმედებაში არის საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

9. 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ს თანხმობით დამზადდა ყალბი დოკუმენტები, რომლებითაც ზემოთ ჩამოთვლილი პირები თანამდებობაზე გამწესებულნი იქნენ თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

10. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით, უდავოა, რაც 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით იქნა დადგენილი, რომ მოხდა ბრძანების გაყალბება - გამოიცა 2013 წლის 2 აგვისტოს, 19 აგვისტოსა და 2 სექტემბრით დათარიღებული მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ბ-ა და ქ. ი-ს თანამდებობაზე დანიშვნის ოთხი ყალბი ბრძანება, რომლებშიც ზემოთ ჩამოთვლილი პირები თანამდებობაზე გამწესებულნი იქნენ თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე, რაც ასევე აღიარა დაცვის მხარემ.

11. დაცვის მხარისა და თავად ბ. ბ-ს განმარტებით, მან გადახედა დოკუმენტებს, მაგრამ ბოლომდე არ წაუკითხავს სრულად, თუ რაზე აწერდა ხელს. მან იცოდა, რომ უნდა შემდგარიყო დოკუმენტები მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ბ-ა და ქ. ი-ს თანამდებობებზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ კონკურსის წესით შერჩევამდე, მაგრამ ეს თუ დოკუმენტების გაყალბებით უნდა მომხდარიყო, მან ამის შესახებ არ იცოდა, რადგან სამსახურში გადატვირთულობის გამო, ისინი ბოლომდე არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი.

12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, 2013 წლის 2 აგვისტოს, 19 აგვისტოსა და 2 სექტემბრით დათარიღებული მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ბ-ა და ქ. ი-ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებების მიხედვით ამ პირების მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადის ათვლა იწყებოდა 2 აგვისტოდან, 19 აგვისტოდან და 2 სექტემბრიდან - ნოემბერ-დეკემბრამდე. ამ სიყალბეს ბრძანების სათანადოდ წაკითხვის შემთხვევაში ბ. ბ-ე შეამჩნევდა.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ბ-ს მოქმედებაში არის სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას, ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო; ხოლო ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, რომლებიც იმყოფებიან საჯარო სამსახურში, ანუ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ასრულებენ საჯარო მოსამსახურის ფუნქციას.

14. ბ. ბ-ე, იყო რა მოხელე, ვალდებული იყო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯეროვნად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რათა არ მომხდარიყო სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების, მისი ავტორიტეტისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა. იყო რა ა-ს მუნიციპალიტეტის გამგებელი (დროებითი მოვალეობის შემსრულებელი), თავისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, გაყალბებული ბრძანებებით დაინიშნენ არაუფლებამოსილი პირები შესაბამის თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩევამდე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. სამსახურებრივმა გულგრილობამ შედეგად გამოიწვია ის, რომ გაყალბებული დოკუმენტებით, საჯარო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, დაინიშნენ არაუფლებამოსილი პირები აღნიშნულ თანამდებობებზე, რამაც ხელყო სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანოების პრესტიჟი და ავტორიტეტი და ხელი შეუშალა მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას კანონით დადგენილი წესით შესაბამის თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს; ბ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ბ. ბ-ს მიმართ.

3. ბ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ზ. ბ-ს (პირადი №....) საკუთრებაში არსებულ, 5000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარეს ა-ს რაიონის სოფელ წ-ი, „ს-ნ“, სარეგისტრაციო ზონა - ა-ე, კოდი - .., სექტორი - კლდე, კოდი - .., კვარტალი №.., ნაკვეთის №.., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 1500.00 კვ.მ. 4000 ლარის ფარგლებში.

5. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ერთი CD დისკი შენახულ იქნეს ბ. ბ-ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

პ. სილაგაძე