განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 30.03.2016
საქმის ნომერი
342აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №342აგ-15 თბილისი

ძ-ა ზ., 342აგ-15 30 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ზ. ძ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ. ძ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 25 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ძ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა წარდგენილ ბრალდებაში გამართლებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ზ. ძ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ. ძ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ-ს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 25 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ და საქმე ამჟამად იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

5. 2015 წლის 26 აგვისტოს მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ სააპელაციო საჩივრის პარალელურად შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილისა და 2013 წლის 25 ივნისის განაჩენები (ისე, რომ სამართალწარმოება არ იყო დასრულებული) და მსჯავრდებულ ზ. ძ-ს ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ძ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულ ზ. ძ-ს პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით, რომელიც საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ. საქმე ამჟამად იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და სამართლაწარმოება ჯერ დასრულებული არ არის.

3. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ზ. ძ-მ არასწორად მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (ისე, რომ არ ჰქონდა განხილვის საფუძველი) 2015 წლის 25 სექტემბერს განიხილა საქმე და განაჩენი შესაბამისობაში მოიყვანა მაშინ, როდესაც ამ საქმეზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 310-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განაჩენი;

2. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი