საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №212აპ-16 ქ. თბილისი
შ-ი დ. 212აპ-16 7 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:
დ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. შ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
დ. შ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 10000 ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 თვითა და 28 დღით.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დ. შ-ს თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე ჩაეთვალა შინაპატიმრობის ერთ დღედ.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ დ. შ-ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2013 წლის 6 დეკემბრიდან 2014 წლის 3 ივლისის ჩათვლით - 6 თვე და 28 დღე, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, ამიტომ უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
დ. შ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 10000 ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ დ. შ-ის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი