საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №229აპ-16 ქ. თბილისი
ხ. ჯ., 229აპ-16 14 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით პ. ლ., – დაბადებული --- წლის ----ს, ნასამართლობის არმქონე, და ჯ. ხ., – დაბადებული ---- წლის 1 მაისს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრათ ჯარიმა: პ. ლ-ს – 5000 ლარის, ხოლო ჯ. ხ-ს – 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამავე განაჩენით პ. კ., – დაბადებული --- წლის ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
პ. კ-სა და პ. ლ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად ს. ფ-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ---, - ქ. №-, 70.57 კვ.მ. ფართობის მქონე ბინა, საკადასტრო კოდი – ---) 5000-5000 ლარის, სულ – 10000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
ჯ. ხ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის გირაოს უზრუნველსაყოფად მ. მ-ას სახელზე რიცხული ქონების (მდებარე ---, --- ქ. №--, დაზუსტებული ფართით – 19.11 კვ.მ., საკადასტრო კოდი – ----) 2000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენით შეიცვალა: პ. კ. და პ. ლ. ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მათვე განემარტათ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ჯ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ე. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე