დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2I-16 ქ. თბილისი
ნ-ე ე. 2I-16 28 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ბ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ე. ნ-ს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, კერძოდ:
2. 2002 წლის ნოემბრის დასაწყისში ე. ნ-ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. მ-ს, მ. ა-ს, ე. კ-ს და ვინმე ,,დ-ს“. მათ განიზრახეს ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ თბილისში, ….. დასახლებაში არსებულ შპს ,,ნ” ტერიტორიაზე მდებარე თ. ც-ს კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს.
3. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ისინი შეიარაღდნენ ავტომატური და ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებით და 2002 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნ. ვ-ს კუთვნილი ,,ვაზ-2107” მარკის ავტომანქანით მივიდნენ აღნიშნულ ადგილზე. შეთანხმებისამებრ, გ. მ-ი დარჩა ავტომანქანაში, მ. ა-ე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაჩერდა სავალუტო ჯიხურის გარეთ, ხოლო ე. ნ-მ, ე. კ-მ და ვინმე ,,დ-მ“, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატური და ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებით, უკანონოდ შეაღწიეს სავალუტო ჯიხურში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ იქ მყოფ თ. ც-ს, გ. ფ-ს, მ. ბ-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რასაც ჰაერში გასროლაც მოჰყვა, დაეუფლნენ სავალუტო ჯიხურში არსებულ 40000 აშშ დოლარს და 30000 ლარს. აღნიშნულის შემდეგ, თავდამსხმელები გადასხდნენ წინასწარ გამზადებულ, ზ. შ-ს კუთვნილ ,,ნივის” მარკის ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ყაჩაღური გზით დაუფლებული ფულადი თანხა კი გაინაწილეს თბილისის ….. მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდგომაც დასცილდნენ ერთმანეთს.
4. 2003 წლის 16 თებერვლის დადგენილებით ე. ნ-ე მიცემულ იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით.
5. 2003 წლის 21 თებერვლის ბრძანებით, ე. ნ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, 2003 წლის 10 ივნისის დადგენილებით გამოცხადდა ძებნა, ხოლო 2003 წლის 17 ივნისის დადგენილებით - საქართველოს სსსკ-ის 29-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის №….. საქმეზე შეჩერდა სამართალწარმოება ბრალდებულ ე. ნ-ს ადგილსამყოფლის დადგენა-დაკავებამდე.
6. 2015 წლის 15 აპრილს საქმე გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა განსასჯელ ე. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმის სასამართლოში შემოსვლამდე გავიდა ე. ნ-ს ბრალდებულად ყოფნის ვადა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ე. ნ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
9. აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პროკურორმა ზურაბ სიყმაშვილმა და დაზარალებულმა თ. ც-მ. აპელანტები ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის დადგენილების გაუქმებასა და ე. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის დადგენილება ე. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
11. ე. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ნ-ე და ბ. თ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებასა და ე. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ბ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კერძოდ:
3. საქმის მასალების მიხედვით, ე. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2003 წლის 16 თებერვალს, როდესაც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით. 2003 წლის 21 თებერვლის ბრძანებით ე. ნ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2003 წლის 10 ივნისის დადენილებით მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქართველოს სსსკ-ის 29-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2003 წლის 17 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება №….. სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების შეჩერების შესახებ ე. ნ-ს ადგილსამყოფლის დადგენა-დაკავებამდე.
4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია: ის ფაქტი, რომ 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება და ამოღებულ იქნა 29-ე მუხლის ,,ა“ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაში, არ ნიშნავს აღნიშნული ცვლილების ამოქმედებისთანავე ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების ავტომატურ რეჟიმში განახლებას. მითითებული ნორმა არ გაუქმებულა და ძალაში იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შემდეგაც, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც 1998 წლის 20 თებერვლისა და 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან, სახელდობრ: როდესაც 2003 წლის 10 ივნისის დადგენილებით გამოცხადდა ე. ნ-ს ძებნა, ავტომატურად ამოქმედდა 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე–5 ნაწილი და ე. ნ-ს ბრალდებულად ყოფნის 12-თვიანი ვადის დინება შეჩერდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის 329-ე მუხლში დამატებული მე-3 პრიმა ნაწილის თანახმად, „თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება“. ამდენად, ე.ნ-ს ბრალდებულად ყოფნის უკვე 9-თვიანი ვადის დინება სავალდებულო წესით უნდა განახლებულიყო 2015 წლის 1 მაისიდან, თუმცა ბრალდების მხარემ საქმე სასამართლოში წარმართა 2015 წლის 15 აპრილს.
5. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ როდესაც 2006 წლის 29 დეკემბრის #4212 კანონის საფუძველზე აღნიშნული კოდექსის 29-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ბრალდებულ ე. ნ-ს მიმართ ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება ავტომატურად განახლდა 2007 წლის იანვრიდან, როდესაც აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა; ასევე, არასწორია დაცვის მხარის მოსაზრება, როდესაც აიგივებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბრალდებულად ყოფნის 12-თვიანი ვადის დინების შეჩერებასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების ცნებებს, რადგან აღნიშნული სამართლებრივი ნორმები აწესრიგებენ სხვადასხვა საპროცესო პროცედურას, კერძოდ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი მხოლოდ აჩერებდა ბრალდებულად ყოფნის 12-თვიანი ვადის დინებას, რომლის განმავლობაშიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გაუქმების შემდეგ პერიოდში საქმის მწარმოებელ ორგანოს შეეძლო ბრალდებულის მიმართ განეხორციელებინა სისხლისსამართლებრივი დევნა, ე.ი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, განეხორციელებინა მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანი იყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების უზრუნველყოფა. რაც შეეხება ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას, იგი ძებნილი ბრალდებულის მიმართ გარკვეული დროით, მის მოძებნამდე აჩერებდა ზემოაღნიშნულ მოქმედებებს. ამ ნორმის მოქმედების პირობებში საქმის მწარმოებელი ორგანო ძებნილი ბრალდებულის მიმართ ვერ ახორციელებდა საპროცესო მოქმედებებს, მას არ შეეძლო დაზუსტებული ბრალდების წარდგენა, საბრალდებო დასკვნის შედგენა და საქმის სასამართლოში წარმართვა, ასევე ძებნილი ბრალდებულის გასამართლება. 2006 წლის 29 დეკემბრის №4212 კანონის საფუძველზე სწორედ იმ მიზნით იქნა ამოღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომ ძებნილი ბრალდებულის მიმართ შესაძლებელი ყოფილიყო დევნის განხორციელება, მტკიცებულებების მოპოვება, მისთვის ბრალდების დაზუსტება, საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საბრალდებო დასკვნით საქმის სასამართლოში წარმართვა და დაუსწრებლად მისი გასამართლება. ამიტომ უადგილოა აღნიშნულ ნორმებს შორის უპირატესობის მინიჭება.
6. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილებაში, სადაც განმარტა შემდეგი: ,,...2010 წლის 1 ოქტომბრამდე ბრალდებული პირების მიმართ 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გავრცელების პირობებში დევნა შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით (თუ პირი, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, არ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოებში), ან გაცილებით უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში. ...ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ პირებმა, რომლებიც ემალებიან გამოძიებას, წინასწარ იციან, რომ ეს იწვევს ვადის შეჩერებას. ანუ ისინი პრაქტიკულად თავად იღებენ გადაწყვეტილებას მათ მიმართ დევნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, მათ ნებაზეა დამოკიდებული ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ან უსასრულოდ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმალვით ბრალდებული პირები ობიექტურად ხელს უშლიან, სულ მცირე, ხელს ნამდვილად არ უწყობენ გამოძიების დროულად, ობიექტურად და ეფექტურად განხორციელებას. შესაბამისად, არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ბრალდებული პირების მიმალვა და გამოძიებისთვის თავის არიდება უნდა ხდებოდეს შეღავათების მოპოვების საფუძველი. შეუძლებელია იმის გამართლება, რომ პირმა, რომელიც გამოძიებას ემალებოდა, მოითხოვოს მის მიმართ საქმის ავტომატურად შეწყვეტა პრაქტიკულად გამოძიების ჩატარების და მისი ბრალეულობის ობიექტურად გამორიცხვის გარეშე, კანონმდებლობის შეცვლის შედეგად შემცირებული საგამოძიებო ვადების მასზე მექანიკურად გავრცელების გზით“.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ მიმალული ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელია გაგრძელდეს 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვინაიდან მოქმედებაშია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება შეჩერებულია.
8. იმავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: ,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევის დადასტურება, არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე დაყრდნობით ბრალდებული პირების მიმართ, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან (ან იმყოფებოდნენ 2009 წლის კოდექსის ამოქმედებამდე), სისხლისსამართლებრივი დევნის ავტომატურად შეწყვეტის ვალდებულებას, რადგან ეს გარდაუვლად შეუქმნის საფრთხეს ობიექტურ გამოძიებას და სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ბრალის საფუძვლების გამორიცხვის ან ვერდადასტურების გარეშე, მხოლოდ ნორმატიული ბაზის შეცვლის საფუძველზე შემცირებული ვადების გაცდენის მიზეზით, არ შეიძლება იყოს პირის უფლება და, შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის საფუძველი“.
9. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ, აღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, ვერ გაამართლა ბრალდებული პირების ნაწილის მიმართ ბრალდებულად ყოფნის ხანგრძლივი/განუსაზღვრელი ვადების შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც მეორე ნაწილის მიმართ ვრცელდება უფრო ხანმოკლე ვადა (9 თვე), გამოძიებისათვის თავის არიდების ფაქტის მიუხედავად. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შევიდა ცვლილება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლში, რომელსაც დაემატა 31 ნაწილი, რომლის თანახმადაც: - ,,თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება“. ამ ცვლილებით კანონმდებელმა დააზუსტა, თუ რა წესით უნდა წარმართულიყო სისხლის სამართლის პროცესი იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე და დღესაც შეჩერებულია, ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება. ანუ დღეს მოქმედმა საპროცესო კოდექსმაც მიზანშეწონილად მიიჩნია მიმალულ ბრალდებულთა მიმართ ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერების შესაძლებლობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის დადგენილება ე. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ნ-სა და ბ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი