დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.09.2016
საქმის ნომერი
2კ-4-I-16
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

4I-16 ქ. თბილისი

თ-ი ჰ. 4I-16 23 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - მ. ჯ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. თ-ს

თარჯიმან - ზ. ჟ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ჰ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ქრთამის მიცემა ექსპერტისათვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 2 თვითა და 15 დღით.

2. 2013 წლის 25 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-5 სისხლის სამართლის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.

3. 2013 წლის 16 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. თ-ს დაკავების ბრძანება.

4. 2015 წლის 6 ოქტომბერს ჰ. თ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

5. 2016 წლის 8 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. თ-ი.

6. 2016 წლის 11 მარტს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. თ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

7. 2016 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის არხებით მიიღო ჰ. თ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი მიღებულ იქნა 2016 წლის 11 აპრილს.

8. 2016 წლის 20 მაისს ჰ. თ-ს ჩაუტარდა გასაუბრება მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

9. 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

10. 2016 წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჰ. თ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვის ვადით, ექვს თვემდე - 2016 წლის 8 სექტემბრამდე.

11. 2016 წლის 6 ივლისს, 15 ივლისსა და 25 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

12. 2016 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჰ. თ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვის ვადით, ცხრა თვემდე - 2016 წლის 8 დეკემბრამდე.

13. ამჟამად ჰ. თ-ი მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №..... დაწესებულებაში.

14. 2016 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა ექსპერტისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ქრთამის მიცემა ექსპერტისათვის) საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. 2016 წლის 15 და 25 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ჰ. თ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელშიც თურქეთის მხარე იძლევა იმის გარანტიას, რომ ჰ. თ-ს მიეცემა მისი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვის უფლება. საქართველოს მხარის მოთხოვნა იყო საქმის ხელახალი განხილვის გარანტია. მართალია, თურქეთის მხარე იძლევა ამ გარანტიას, მაგრამ დაცვის მხარის განმარტებით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ამ გარანტიის სამართლებრივი კუთხით შესრულებაში. საქმეში არსებობს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი, რომელმაც მიიღო საბოლოო სახე. სამართლებრივ ჩარჩოში ვერ თავსდება თურქეთის მხარის გარანტია საქმის ხელახალ განხილვასთან დაკავშირებით, მით უმეტეს - პირველი ინსტანციის სასამართლოში. თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. თურქეთის კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოს აქვთ უფლება, გააუქმონ საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და სასჯელი. 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჯერაც არ გაუქმებულა და დღესაც მოქმედებს. ამ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევის ფაქტები. 3000-ზე მეტი მოსამართლე და პროკურორი დაკავებული ან უკანონოდ გათავისუფლებულია სამსახურიდან. თურქეთის მმართველ პოლიტიკურ ელიტაში, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, გაისმის მოწოდებები სასჯელის უმაღლესი ზომის - სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით. თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები ცივილიზებული სამყაროს აღშფოთებას იწვევს.

18. 2016 წლის 8 სექტემბერს ჰ. თ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის სტადიაზეა და მაღალი ალბათობით შეიძლება დადებითად იქნეს გადაწყვეტილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. თ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 2016 წლის 8 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ჰ. თ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ, მართალია, თურქეთის მხარე იძლევა ჰ. თ-ს საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ამ გარანტიის სამართლებრივი კუთხით შესრულებაში, ვინაიდან ჰ. თ-მ აღნიშნულის შესახებ მიუთითა მხოლოდ ზეპირი განცხადებისა და მისი ვარაუდების საფუძველზე და ამის დამადასტურებელი თუნდაც ირიბი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის მაგალითებად ცალკეულ საქმეებში მიიჩნია: გამამტყუნებელი განაჩენის დაუსწრებლად გამოტანა ბრალის არსებითად ხელახალი გადახედვის შესაძლებლობის გარეშე; მოკლე, სამართლიანი სასამართლოს პროცედურული გარანტიების გარეშე ჩატარებული სასამართლო პროცესი, რომელიც დაცვის უფლების სრული უგულებელყოფით ჩატარდა; პირის დაკავება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ყოველგვარი წვდომის გარეშე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, განიხილოს დაკავების კანონიერება; განზრახი და სისტემატური უარი დაცვის უფლების განხორციელებაზე.

5. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები“; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით“. ჰ. თ-ს განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის სასამართლოს მიერ მის მიმართ საქმის განხილვის შესახებ, ის საწყის ეტაპზე დაესწრო სასამართლო პროცესს, შემდეგ არ დასწრებია მათ, თუმცა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთელი პროცესის მანძილზე იცავდა მის ინტერესებს, რომელმაც შემდგომ გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში გირესუნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, საქმის მასალებში მოიპოვება თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. თ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე, იგი ისარგებლებს საქმის ხელახალი განხილვის უფლებითაც.

6. ამდენად, არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებები, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქმის მასალებში მოიპოვება თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. თ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე - საქმის ხელახალი განხილვის უფლებით. ჰ. თ-ს ზეპირი განცხადება და მტკიცებულებების გარეშე მითითება ეჭვქვეშ ვერ დააყენებს თურქეთის სახელმწიფოს მიერ გადმოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, თურქეთის სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ ექტრადიციის შემთხვევაში ჰ. თ-ს მიეცემა საქმის ხელახალი განხილვის უფლება. ამდენად, ჰ. თ-ს მიმართ არც საქმის განხილვის დროს და არც თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში ექნება ადგილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეულ საქმეებში მითითებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის ფაქტებს. გარდა ზემოაღნიშნული გარანტიისა, ვინაიდან საექსტრადიციო მასალების მიხედვით, განაჩენი გამოტანილია ჰ. თ-ს დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიღებულ იქნა გარანტია, რომ ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.

7. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ ჰ. თ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ქრთამის მიცემა ექსპერტისათვის) საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი