საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.05.2017
საქმის ნომერი
2კ-63აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №63აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი ი., 63აპ-17 2 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ი. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი. მ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე,….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….., ზღვის სანაპიროს მიმდებარედ არსებულ გ. ღ-ს კუთვნილ კაფე-ბარში, ი. მ-მ თანნაქონი ,,…..მაგნუმის’’ მოდელის პისტოლეტიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ზ-ს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვა არ დააკმაყოფილა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ უცვლელად დატოვა.

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. მ-თვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ი. მ-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება მატერიალური სისხლის სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცია, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სასამართლომ უნდა დაიცვას მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, კერძოდ: სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ი. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ი. მ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ), ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებითა და ასევე სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. მ-ს განუსაზღვრა სასჯელი - ჯარიმის სახით, რომლის შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ პირობებში ასეთი სასჯელის დანიშვნა არ განსხვავდება მსგავს საქმეებზე სასჯელის გამოყენების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისგან (მაგალითისთვის იხ.392აპ-16).

9. ამავე დროს, მოცემული საქმის შესწავლით არ დგინდება, რომ ამ საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ დაუშვა რაიმე სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

10. ასევე არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, ასეთი საქმეების თაობაზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი