საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2017
საქმის ნომერი
2კ-190აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №190აპ-17 ქ. თბილისი

ნ-ე ნ., 190აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკატერინე ხარებავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ნ-ს ბრალი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ნ. ნ-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, ..... მე–..... კვარტლის .....–ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ნ. ნ-მ „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან გასროლით გულმკერდის, მუცლის ღრუსა და ხელის არეში სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიაყენა გ. ვ-ს და მიიმალა შემთხევვის ადგილიდან.

· ნ. ნ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს - საშტატო ნიმუში „…..“ და ხუთ ცალ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიან ვაზნას, განკუთვნილს „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისა და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 2015 წლის 18 ოქტომბერს.

· 2015 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ..... მე–..... კვარტლის .....–ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ნ. ნ-ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრიან პისტოლეტს - საშტატო ნიმუში „…..“ და 1951 წლის ნიმუშის - 9 მმ კალიბრიან ვაზნებს განკუთვილს „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისა და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივლისის განაჩენით ნ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ნ. ნ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ნ. ნ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ეკატერინე ხარებავამ, რომელმაც ითხოვა გამართლებულ ნ. ნ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლითა და 236–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები, რომ გამოძიებამ უყურადღებოდ დატოვა მკვლელობის მცდელობის ჩადენის მოტივი და მიზანი, რომლებიც ქმედების შემადგენლობის სუბიექტური ელემენტებია და სავალდებულოდ დასადგენია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გადასაწყვეტად.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ გ. ვ-ს ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო ნ. ნ-თან რაიმე სახის ნაცნობობა და ასევე განმარტა, რომ მას თავს დაესხა ორი პირი, რომელთა შორის ნ. ნ-ე არ ყოფილა. მანვე აჩვენა, რომ ჩატარებული ოპერაციის გამო იმყოფებოდა ძლიერმოქმედი მედიკამენტების ზემოქმედებაში, რის გამოც წინასწარ გამოძიებაში პირველი დაკითხვის დროს ზუსტად ვერ აღიდგინა შემთხვევის ადგილზე მომხდარი მოვლენები. რამდენიმე დღეში მან გაიხსენა ფაქტობრივი გარემოებები და დის - ტ. ვ-ს ტელეფონით არაერთხელ დაურეკა გამომძიებელს, რათა მისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მან ტელეფონს არ უპასუხა (აღნიშნულს ადასტურებს სატელეფონო ზარების ამონაწერი). მას შემდეგ, რაც გამოძიებამ, დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამოცნობის ჩატარება, დაცვის მხარემ თავისი ინიციატივით ჩაატარა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც გ. ვ-მ ფოტოსურათებში ვერ ამოიცნო მასზე თავდამსხმელი პირები. დაზარალებულსა და ნ. ნ-ს შორის რაიმე სახის კავშირი ასევე გამორიცხეს მოწმეებმა - კ. ა-მ და გ. დ-მ.

სასამართლომ ასევე შეაფასა, დაზარალებულის გარდა, მომხდარი შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი მოწმის - მ. ო-ს ჩვენება და აღნიშნა, რომ მან ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების ეტაპზე აღწერა ორივე თავდამსხმელის გარეგნობა, მაგრამ მის მიერ გადმოცემული გარეგნული ნიშნები და ასაკი აშკარად განსხვავდება ნ. ნ-ს გარეგნობისა და ასაკისაგან.

პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებში ნათლად არ ჩანს იმ ავტომანქანის მოდელი, სერია, მარკა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თავდამსხმელები, ასევე არ ჩანს მოქმედების ზუსტი დრო, ადგილი, თუ რომელ დღესა და დროის რა მონაკვეთში არის კონკრეტული კადრი დაფიქსირებული. უფრო მეტიც, ბრალდების მხარემ არ გამოიყენა რაიმე სახის პროგრამა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, ნათლად დაენახა კადრში ასახული მანქანა ნამდვილად იყო თუ არა ის შავი „ლექსუსის“ ჯიპი, რომელშიც ისხდნენ გ. ვ-ზე თავდასხმაში მონაწილე პირები.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებს, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების - მ. ქ-ს, ნ. მ-ს და გ. ტ-ს ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ შემთხვევის ადგილი - „.....“ მიმდებარე ტერიტორია სრულად დაათვალიერეს და ავტომანქანის სავალ ნაწილზე აღმოჩნდა სამი მასრა (დათვალიერება მიმდინარეობდა ბუნებრივი განათების პირობებში), ხოლო შემდეგ, გამომძიებელთან ერთად (ხელოვნური განათების დროს), დამატებით დათვალიერდა ადგილმდებარეობა და „.....“ შესასვლელთან მარჯვნივ, ქვის გვერდიდან, ამოიღეს ერთი მასრა, ხოლო მისგან დაახლოებით ერთ მეტრამდე მანძილში მიწის ზედაპირზე, ბალახებში, ნახეს კიდევ ერთი მასრა. მათივე განმარტებით, შემთხვევის ადგილი არ იყო დაცული. ამასთან, ექსპერტმა გ. გ-მ კატეგორიულად გამორიცხა, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, თუ თავდამსხმელები ისროდნენ ..... ამოსასვლელი გზის მიმართულებით, შეუძლებელი იყო მასრების იმ ადგილზე დაყრა, საიდანაც ისინი ამოიღეს.

ამდენად, მოგვიანებით ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებულ მასრებსა და ამავე მტკიცებულებით ჩატარებულ ბალისტიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წარმოიშვა ეჭვი, ვინაიდან, როგორც დასკვნის გამცემმა ექსპერტმა გ. ძ-მ განმარტა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მასრები გასროლილი იყო სამი სხვადასხვა იარაღიდან, მაშინ, როდესაც გამოკვლეული მტკიცებულებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მხოლოდ ორი პირი ისროდა გ. ვ-ს მიმართულებით, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა.

პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ეპიზოდთან დაკავშირებით და მიუთითა შემდეგი:

ეჭვს ბადებს საქმეში არსებული რამდენიმე პატაკი, რომ გ. ვ-თვის ჯანმრთელობის დაზიანება უნდა მიეყენებინა 19.. წელს დაბადებულ ნ. ნ-ს ძე ნ-ს, რეგისტრირებულს ქ. თბილისში, ..... ქუჩის №....–ში და მცხოვრებს ქ. თბილისში, .....ქუჩის №.....–ის, მესამე კორპუსის ბინა №.....–ში. ყველა პატაკი შედგენილია ..... სამმართველოს მე-….. განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ, სადაც დაწყებულია გამოძიება გ. ვ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე და თარიღდება 16 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დროის შუალედში, მათ შორის - ორი შედგენილია 17 ოქტომბერს. ყველა მათგანში გადმოცემულია, თუ კონკრეტულ დროს ვისთან და სად იმყოფება ნ. ნ-ე. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა ნ. ნ-ე დააკავეს მოგვიანებით და არა იმ განყოფილების თანამშრომლებმა, სადაც დაიწყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის გამოძიება, არამედ ..... სამმართველოს მე–..... განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა. მათი განმარტებით, დავალება მიიღეს არა უშუალოდ საქმის მწარმოებელი გამომძიებლის ან პროკურორის მითითებით, არამედ -პოლიციის უფროსისგან, რომ დაეკავებინათ ნ. ნ-ე. ეჭვს ჰბადებს ის გარემოებაც, რომ 2015 წლის 18 ოქტომბერს ნ. ნ-ე იმყოფებოდა მეგობრის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მან წინასწარ იცოდა, რომ უნდა მისულიყო მეგობრის დედა – ჩ. ა-ე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად და მიუხედავად ამისა, იგი პოლიციელებს დახვდა იარაღით ხელში. აღნიშნული ფაქტი ასევე საეჭვოა იმის გათვალისწინებითაც, რომ მანამდე, ნ. ნ-სა და მისი მეუღლის კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში ჩატარებული ჩხრეკების დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ნ. ნ-მ სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა არაერთი ჩანაწერი, რომ არ ჰქონდა და არც მომავალში აპირებდა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთის შენახვას ან ტარებას. მან წინასწარ დააანონსა მისი შესაძლო დაკავების შესახებ, რასაც უკავშირებდა პოლიციელების მიერ დაკავებული პირის - გ. ფ-ს მხარდასაჭერ აქციებში მის მონაწილეობას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო სხდომაზე ზუსტად ვერ გაიხსენეს, სად ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა, აღწერეს თუ არა ამოღებული ნივთების გვარეობითი და ინდივიდუალური ნიშნები, რომელი ლუქით დალუქეს ნივთები და ვინ მონაწილეობდა მათ გარდა საგამოძიებო მოქმედებაში. ბ. რ-სა და ა. ბ-ს ჩვენება ეწინააღმდეგება ჩ. ა-ს ჩვენებას, სადაც მან განმარტა, რომ სამი პოლიციელის ნაცვლად მასთან ერთად მივიდა ორი პოლიციელი და კარის გაღების შემდეგ მის სახლში შევიდნენ ასევე სპეცრაზმის თანამშრომლები, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საეჭვოა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსობრივი მხარე და „მოწამლული ხის ნაყოფის“ პრინციპის შესაბამისად, ასევე ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მათ შორის - საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ნ. ნ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იარაღზე გამოვლინდა მისი გენეტიკური პროფილის კვალი.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ეკატერინე ხარებავამ. კასატორი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ გ. ვ-ს მიერ წინასასამართლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლო სხდომაზე კანონიერად გამოქვეყნდა, რის გამოც მან შეიძინა ისეთივე მტკიცებულებითი ძალა, როგორიც სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს. ნაცვლად ამისა, სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულის ის ჩვენება, რომელიც წარმოდგენილია დაცვის მხარის პოზიციით და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, თუ რომელ შემთხვევაში იცრუა დაზარალებულმა და მის მიერ მიცემული რომელი ჩვენებაა ნამდვილი; გარდა ამისა, დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმეების ჩვენებებს, რაც დამატებით უთითებს, რომ მან სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება; სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოწმე მ. ო-ს ჩვენება, სადაც მან აღწერა თავდამსხმელთა გარეგნობა, ვინაიდან მის მიერ მითითებული გარეგნული ნიშნები აშკარად შეესაბამება ნ. ნ-ს გარეგნობას; რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებს, მათში ნათლად ჩანს ყველა დეტალი - ავტომანქანის მოდელი, სერია, მარკა, სახელმწიფო ნომერი (ა/მანქანა „ლექსუსი“, სახ. N…..), გადაადგილების ზუსტი დრო, ადგილი და თარიღები; მოწმე ნ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნის ნ. ნ-ს დას - გ. ნ-ს და ვინაიდან ნ-ს არ ჰყავდა საკუთარი ავტომობილი, იგი სარგებლობდა სწორედ თავისი დის მანქანით, მათ შორის - დანაშაულის ჩადენის პერიოდში; სასამართლომ არასწორად გაიზიარა ექსპერტ გ. გ-ს დასკვნა, ვინაიდან დაცვის მხარემ სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ; სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა ბრალდებულის მიერ მისი პირადი ჩხრეკის ირგვლივ მიცემული ჩვენება და ასევე ის გარემოება, რომ, ვითომდა, მისი დაკავება უკავშირდება გ. ფ-ს მხარდასაჭერად მოწყობილ აქციებში მის მონაწილეობას, რაც არ შეესაბამება რეალობას; ნ. ნ-ს პირადი ჩხრეკის კანონიერება, გარდა მათი ჩამტარებელი პოლიციელების ჩვენებებისა, ასევე დამატებით დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ ნ. ნ-გან ამოღებულ იარაღზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ იარაღზე აღმოჩნდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც ასევე არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად.

11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ნ. ნ-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - №14აპ-15, №294აპ-15, №480აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი - სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

12. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე მიღებულ გამამართლებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

13. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკატერინე ხარებავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი