დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.06.2017
საქმის ნომერი
2კ-714აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №714აპ-16 ქ. თბილისი

თ. გ-მ, 714აპ–16 5 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორების _ ვლადიმერ ვექილიანის, ირაკლი ქარდავას

ადვოკატების – ა. მ-ის, გ. კ-ის

მსჯავრდებულ _ გ. თ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, გ. თ-ს, - დაბადებულს - წლის -ს, ნასამართლობის არმქონეს, - ბრალი დაედო სამსახურებრივ გულგრილობაში, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში, ან არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. თ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის №75 ბრძანებით 2008 წლის 31 დეკემბრიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო დეპარტამენტის ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსად, შესაბამისად, იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 30-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის შენობას, მდებარეს ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩა №43-ში და ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიულ კორპუსს, მდებარეს ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩა №43ა-ში. ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ბრძანებები. ანალოგიურად, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს 1998 წლის კანონის და ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 თებერვლის №05.03.112 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის” თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - არქიტექტურის სამსახურს უფლება აქვს, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, ისეთივე თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, როგორც წერილობითი ფორმით გამოცემულ დოკუმენტებს.

ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი გ. თ. უფლებამოსილი იყო, ზემოაღნიშნული ელექტრონული საქმისწარმოების ინსტრუქციით დადგენილი წესების შესაბამისად, ელექტრონულად თანხმობა მიეცა არქიტექტურის სამსახურის სახელით გამოსაცემი აქტებისთვის - ბრძანებებისთვის, რომლებსაც, თავის მხრივ, ამზადებდა არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ კი ბრძანებები ოფიციალურად გამოიცემოდა და ძალაში შედიოდა. მოცემულ შემთხვევაში ასეთ ბრძანებას - აქტს წარმოადგენდა არქიტექტურის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 ნოემბრისა და 26 დეკემბრის №- და №- ბრძანებები, რომლებიც არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა სწორედ გ. თ-ის ელექტრონული ვიზირებით, რის საფუძველზეც შპს ,,-” განახორციელა ქ. თ-ში, კ-ას ქ. №--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: №- განთავსებული უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები, ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.” კანონის ეს იმპერატიული მოთხოვნა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დაუცავთ და არ შეუსრულებიათ. აქედან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახურმა 2012 წლის 14 ნოემბრისა და 26 დეკემბრის №- და №- ბრძანებებით ცალსახად დაარღვია ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. გ. თ. იყო რა საჯარო მოხელე, ბრძანებებზე ელექტრონული წესით თანხმობის გაცემისას ვალდებული იყო, დაეცვა,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები. მასვე ევალებოდა, ზუსტად და ჯეროვნად შეესრულებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წინა პირობები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოებისას ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გ. თ. მშენებლობის ნებართვის (ელექტრონული წესით) გაცემამდე ვალდებული იყო, გადაემოწმებინა ინფორმაცია იმის შესახებ, ხომ არ წარმოადგენდა დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რაც არ გააკეთა და აღნიშნული მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა გასცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, გ. თ-ემ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რასაც შედეგად მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტების დემონტაჟი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის განაჩენით გ. თ., – დაბადებული - წლის -ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გამამართლებელი განაჩენი. გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგნია, რომ გ. თ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ-ემ და ითხოვა გ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

6. საკასაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება (იხ. საკასაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

7. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმას, რომ სადავო ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დემონტაჟი, ელექტრონულად ვიზირებულია გ. თ-ის მიერ. ადვოკატი გ. თ-ის უდანაშაულობის დასადასტურებლად ძირითადად აპელირებს შემდეგ საკითხებზე: ელექტრონული ვიზირება არის მხოლოდ ფორმალური საკითხი და ემსახურება პროექტის სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე მოხვედრას, სადაც პროექტი დეტალურად განიხილება; საბჭოს დადებითი დასკვნა შესასრულებლად სავალდებულოა არქიტექტურის სამსახურისთვის, შესაბამისად, ფაქტობრივად, საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა (ანუ ბრძანების გაცემის ბედი) საბჭოს გადასაწყვეტია და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ აღასრულებს მას; კ-ას ქ-ის №-–სა და №-–ში მდებარე შენობა–ნაგებობა არის ერთი მთლიანი ძეგლი, რომელზეც გაიცა უძრავი ძეგლის (კ-ას ქ-ს №- და №-) სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია, ცვლილება) ჩატარების ნებართვა, რაც დაშვებულია ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ჩატარდა არა ცალკე აღებული უძრავი ძეგლის დემონტაჟი, არამედ - ერთი მთლიანი უძრავი ძეგლის რეკონსტრუქცია.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.

4. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის #3/181 ბრძანებისა და ძეგლის სააღრიცხვო ბარათების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კ-ას ქ-ის #--სა და #--ში მდებარე შენობები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ძეგლებია. კერძოდ: #- ბრძანების დანართის მიხედვით, აღნიშნული შენობები ნუსხის #- და #- პუნქტებში მითითებულია დამოუკიდებელ ობიექტებად. ამასთან, ორივე შენობაზე გახსნილია დამოუკიდებელი სააღრიცხვო ბარათები: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი #- (კ-ას ქუჩა #-) და სააღრიცხვო ბარათი #- (კ-ას ქუჩა #-).

4.1. საქმეში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნე გ. ჭ-ის საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომლის თანახმად, მ.კ-ას ქ.#--ში მდებარე ნაგებობა არის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი და ამიტომ აუცილებელია მისი დაფიქსირება, საფასადო სახის შენარჩუნება და თავდაპირველი სახით აღდგენა. მ.კ-ას ქ.#--ში მდებარე ნაგებობაც - არქიტექტურული ძეგლია. სახლი აშკარად რიგითი ნაგებობაა და აქვს დაბალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, თუმცა აღრიცხულია არქიტექტურულ-მემორიალურ ძეგლად.

4.2. საპროექტო დოკუმენტაციაზე დართულ ისტორიული კვლევაში, რომელშიც დეტალურადაა ასახული ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, მითითებულია, რომ ლაბორატორიულ კორპუსს, მდებარეს ქ.თ-ში, კ-ას ქუჩის #--ში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მართალია, გ. ჭ. აღნიშნავს, რომ ძეგლისთვის სტატუსი მინიჭებული უნდა იყოს მექანიკურად, მაგრამ არ და ვერც უარყოფს, რომ შენობას გააჩნია არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ კ-ას ქუჩის №-–სა და №-–ში არსებული შენობა–ნაგებობა არის ერთი მთლიანი ძეგლი, რომელზეც გაიცა უძრავი ძეგლის (კ-ას ქუჩა №- და №-) სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია, ცვლილება) ჩატარების ნებართვა, რაც დაშვებულია ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. პალატა არ იზიარებს ასევე ადვოკატის მოსაზრებას ელექტრონული ვიზირების ფორმალობასთან (უმნიშვნელობასთან) დაკავშირებით და მიუთითებს: თავად დაცვის მხარეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული ვიზირების გარეშე შეუძლებელია, რომელიმე პროექტი მოხვდეს სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე განსახილველად. ამასთანავე, დაცვის მხარე ადასტურებს იმასაც, რომ საბჭოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემის შემდეგ უკვე ტექნიკურად უნდა აღსრულოს იგი არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა, ისე რომ დამატებით შეთანხმებას აღარ საჭიროებს სამსახურის უფროსთან.

5.1. ამდენად, ნათელია, რომ ბრძანების ელექტრონული ვიზირება, ფაქტობრივად, ნიშნავს ბრძანების გამოცემაზე თანხმობას და იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო-მეთოდური საბჭოც დადებით დასკვნას გასცემს, ბრძანება უკვე ოფიციალურად გამოიცემა ყოველგვარი დამატებითი განხილვების გარეშე, რაც ხაზს უსვამს ელექტრონული ვიზირების მნიშვნელობას და გ. თ-ის ასეთი ზერელე დამოკიდებულება ვიზირების მიმართ, სწორედ სამსახურებრივი მოვალეობებისადმი მის დაუდევარ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. თ., როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ჯეროვნად გამოეკვლია საკითხი, რა დროსაც იგი ნახავდა, რომ წარმოდგენილი პროექტი ეხებოდა უძრავი ძეგლის დემონტაჟს, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ძეგლის დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უხეშად დაარღვევდა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. თ-ეს, სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, საკითხის გულდასმით შესწავლის შემდეგ თუკი ჩათვლიდა, რომ ძეგლს არ გააჩნდა არავითარი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე შეეძლო გაეტანა არა ძეგლის დემონტაჟის, არამედ - ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის საკითხი, რაც შედიოდა საბჭოს უფლებამოსილებაში. კერძოდ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება შესაბამისი დასკვნის მომზადება ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის თაობაზე. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო.

8. საკასაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარეს, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გამოიცა საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, თუმცა არ იზიარებს მის პოზიციას, რომ აღნიშნული გარემოება გ. თ-ის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

8.1. პალატა მიუთითებს: ის ფაქტი, რომ შესაძლოა, სხვა მოხელეებმაც გამოიჩინეს დაუდევარი დამოკიდებულება საქმისადმი, არ გამორიცხავს გ. თ-ის ვალდებულებას, კეთილსინდისიერად შეესრულებინა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ჯეროვნად გამოეკვლია საკითხები. გ. თ-ეს არ უნდა მიეცა ელექტრონული თანხმობა იმ ბრძანებაზე, რომელიც შეუსაბამო იყო ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. თ-ემ, რომელიც იყო ქ.თ-ის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო დეპარტამენტის ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების უფროსი, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემისას, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, არ გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან, არ შეისწავლა არსებული საკანონმდებლო რეგულაციები, რასაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით შედეგად მოჰყვა ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რამაც არსებითად ხელყო სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე