გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 04.07.2017
საქმის ნომერი
2კ-19აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№19აპ-17 4 ივლისი, 2017 წელი

გ. ლ-ა, 19აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გია შაიშმელაშვილის

ადვოკატ – თ. მ-ის

მსჯავრდებულ _ ლ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით ლ. გ., – დაბადებული - წლის -ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2012 წლის 28 ივნისს ლ. გ-მა შეიძინა „მაკაროვის“ სისტემის PX 6002 Ф პისტოლეტი, რომელზეც გაიცა შენახვის ნებართვა (-). აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილად მიეთითა ლ. გ-ის რეგისტრაციის მისამართი – თ., დ. ა-ის გამზირის №-. ლ. გ-მა შენახვის უფლებით შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის იარაღი მიიტანა თ-ში, მე-- მასივში, ზ. პ-ს მე-- კორპუსის --ე ბინაში, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა მეუღლესთან – ნ. ნ-თან ერთად. ლ. გ-მა ვერ უზრუნველყო იარაღის უსაფრთხო შენახვა, დაარღვია მისი შენახვის წესი და ცეცხლსასროლი იარაღი საძინებელ ოთახში არსებული წიგნების კარადის თავზე შეინახა, რითაც შექმნა ნ. ნ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფლად გამოყენების პირობა. ნ. ნ-ემ იცოდა იარაღის შენახვის ადგილი, დაეუფლა მას, რის შემდეგაც 2014 წლის 11 დეკემბერს თ-ში, დ. ა-ის -ზე მდებარე შპს „-“ ადმინისტრაციულ შენობაში, ლ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის PX 6002 Ф პისტოლეტიდან გასროლით ჩაიდინა ა. გ-ის განზრახ მკვლელობა.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა თ. მ.. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება და ლ. გ-ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი ლ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი, თუ სად, ვისთან და რა პირობებში ინახებოდა ლ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე დაუდგენელია, თუ ვინ, სად და რა ვითარებაში დაეუფლა ლ. გ-ის იარაღს. ვიდრე არ დადგინდება, ლ. გ. სად, როგორ ინახავდა და რა ვითარებაში დაეუფლა ნ. ნ. იარაღს, იქამდე ლ. გ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული. შესაბამისად, განაჩენი ეყრდნობა ვარაუდით გამოტანილ დასკვნებს, ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. მ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ლ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-მა და ადვოკატმა თ. მ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს ლ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

8. პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა ლ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ის შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენით შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში წარმოდგენილ დასკვნას მსჯავრდებულ ლ. გ-ის ბრალეულობის თაობაზე, რადგან ეს დასკვნა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–13 ნაწილით, იმავე კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილითა და 82–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა დაუცველად.

3. ლ. გ-ის ბრალდების შესახებ პროკურორის დადგენილებითა და გასაჩივრებული განაჩენით სარწმუნოდ მიჩნეული ვერსიის მიხედვით, მსჯავრდებულმა დაარღვია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის – „MAKAROV–ის“ სისტემის №PX 600 Ф პისტოლეტის შენახვის წესები, რითაც შექმნა მისი მეუღლის – ნ. ნ-ის მიერ აღნიშნული იარაღის თავისუფლად გამოყენების პირობა, რომლითაც მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალი არ არის დადასტურებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ითხოვს ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმებით გათვალისწინებული ფუნდამენტური მნიშვნელობის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნათა უზრუნველყოფისათვის საჭირო მტკიცებულებები ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობის აღიარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, დაარღვია თუ არა ბრალეულმა პირმა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და უსაფრთხოების ის წესები და პირობები, რაც დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ლ. გ. მასზე რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა არა მისი ოფიციალური რეგისტრაციის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თ., დ. ა-ის გამზირის №- და რომელზედაც ასევე მითითებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და შენახვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში, არამედ მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე: თ-ში, ვ-ის - მასივი, ზ. პ., კორპუსი -, ბინა №--ში. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ გარემოებას სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რის გამოც გვრჩება მხოლოდ ვარაუდი – რადგან მსჯავრდებული ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა, მაშასადამე, ცეცხლსასროლ იარაღსაც იქ ინახავდა. მოქმედი კანონმდებლობით, პირი, რომელიც სათანადო ნებართვით ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს, მოვალეა, მას ინახავდეს სწორედ იმ მისამართზე, რომელიც ნებართვაშია მითითებული. სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენში უთითებს, რომ ლ. გ-მა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღი ნებართვაში მითითებული ოფიციალური რეგისტრაციის ადგილიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე წაიღო და იქ შეინახა, მაგრამ საქმეში ამ ვერსიის დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რის გამოც არ არის უარყოფილი კანონიერი საფუძვლით დაცვის მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ლ. გ-ი მასზე რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღს სწორედ მისი ოფიციალური რეგისტრაციის ადგილზე ინახავდა, ამასთან, შენახვის წესების სრული დაცვით, და არა – სადმე სხვაგან.

6. უდავოა, მოცემული საქმისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულ ლ. გ-ზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა მისი მეუღლის – ნ. ნ-ის ხელში, რომლითაც მან მკვლელობა ჩაიდინა. აღნიშნული ფაქტი ბრალდების მხარემაც და სააპელაციო სასამართლომაც საკმარისად ჩათვალეს იმის დასადასტურებლად, რომ ლ. გ-ს დარღვეული ჰქონდა აღნიშნული იარაღის შენახვის წესები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმალური ლოგიკის მიხედვით, ეს იარაღი ნ. ნ-ს ვერ უნდა მოეპოვებინა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმეში არსებობს განაჩენი განზრახ მკვლელობასთან (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლი) ერთად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობის გამო (საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილები) ნ. ნ-ის მსჯავრდების შესახებ, რომლითაც დადგენილადაა მიჩნეული, რომ მას ეს იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი. თუმცა, იმავე განაჩენის მიხედვით, არ არის გარკვეული, ნ. ნ-ემ როდის, სად, რა ვითარებაში და რა გზით შეიძინა ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მან მკვლელობა ჩაიდინა და რომელიც მისი მეუღლის – ლ. გ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება ლ. გ-ის მსჯავრდების განაჩენითაც არ არის გარკვეული.

7. საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სავსებით შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღი მის კანონიერ მფლობელს დადგენილი წესების სრული დაცვით ჰქონდეს შენახული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვა პირი, მათ შორის – ოჯახის წევრი მაინც დაეუფლოს და გამოიყენოს იგი მართლსაწინააღმდეგოდ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმალური ოჯახური ურთიერთობებისას ერთ–ერთი მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის კანონიერი ფლობა ვერ დარჩება დაფარული მეორე მეუღლისათვის და მას ეცოდინება ოჯახში იარაღის არსებობისა და მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის, ანუ შენახვის ადგილის შესახებაც. ეს გარემოება კი ქმნის იმის აუცილებელ შესაძლებლობას, რომ იგი დაეუფლოს და გამოიყენოს აღნიშნული იარაღი მართლსაწინააღმდეგო გზით. მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია, არსებობდეს მხოლოდ იმის გარანტია, რომ ოჯახში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი თვითნებურად არ მოხვდეს ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ან გარეშე პირების ხელში.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე ჩატარებული სასამართლო გამოძიების შედეგებით არ არის გარკვეული და დადგენილი, როდის, როგორ და რა გზით მოიპოვა ნ. ნ-ემ მეუღლის – ლ. გ-ის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს იარაღი ნ. ნ-ის ხელში აღმოჩნდა, არ არის საკმარისი იმ ვერსიის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა ლ. გ-მა დაარღვია აღნიშნული იარაღის შენახვის წესები, რითაც მან შექმნა შესაძლებლობა, იგი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ნ. ნ-თვის, რომლითაც მან მკვლელობა ჩაიდინა.

9. ამრიგად, ლ. გ-ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების ისეთი დარღვევის შერაცხვისათვის, რამაც შედეგად გამოიწვია ამ იარაღის მისი მეუღლის – ნ. ნ-ის ხელში მოხვედრა და მკვლელობის ჩასადენად გამოყენება, საჭიროა სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რასაც ითხოვს საქართველოს სსსკ–ით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. განხილულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა, რაც შეიძლებოდა, რომ კანონიერი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო, არ მოიპოვება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი დაუდასტურებელი ეჭვი, „in dubio pro reo-ს“ პრინციპის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენი ლ. გ-ს მსჯავრდების შესახებ უნდა გაუქმდეს, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მის მიმართ საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის საფუძველზე შერაცხულ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს.

3. ლ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ლ. გ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება – „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი (ინახება თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველ განყოფილებაში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე