საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.09.2017
საქმის ნომერი
2კ-140აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№140აპ-17 ქ. თბილისი

კ. ბ-რ, 140აპ-17 6 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბ. კ., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. კ-ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. ბ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ბ. კ-ის სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 31 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ბ. კ-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0.0014 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2015 წლის 31 იანვარს თ-ში, მეტროს სადგურ „---“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს ავტომობილის ჩხრეკისას, რომელსაც ბ. კ. მართავდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ბ. კ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დაწერა პატაკი ა. ბ-მა თავისი ხელმძღვანელის -ვ. თ-ს სახელზე მაშინ, როდესაც იგი გ-ში არ იმყოფებოდა. თუ პატაკმა ადრესატამდე არ მიაღწია, გაურკვეველია, როგორ დაუდო საფუძვლად ვ. ე-მ იგი გამოძიებას მაშინ, როდესაც მან აღნიშნული პატაკი ელექტრონულად განიხილა პროგრამაში. გამოძიების მიერ მიწოდებული ვერსია, რომ ბ. კ-ეს ნარკოტიკი ჰქონდა დამყარებულია გამოძიების შეთხზულ ლეგენდებზე. ბ. კ-ეს ნარკოტიკი თან რომ ჰქონოდა, იგი ადევნებულ მანქანას ა-დან თ-მდე ბევრჯერ მოიშორებდა. კასატორის მოსაზრებით, ბ. კ-ის დაკავება მისი გადაადგილების უფლების შეზღუდვიდან, კერძოდ მისი პირადი ჩხრეკიდან უნდა ათვლილიყო. ამდენად, მას თავისი უფლებები განმარტება დაგვიანებით. ამასთან, დაკავების ოქმი 6 წუთშია შედგენილი, რაც გამორიცხავს მოცემულ დროში უფლებამოსილი პირის მიერ ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენასა და უფლებების განმარტების შესაძლებლობას. დაცვის მხარის ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბ. კ-ის დაკავებისთანავე სამივე ავტომობილი წინ მიემართება. მანქანები მათ გვერდზე კი არ გადააყენეს, არამედ ნ-ის ბაზართან შეჩერდნენ. ამდენად, ბ. კ-ეს ნარკოტიკები ჩაუდეს. მ. ბ-მა განმარტა, რომ მან ავტომანქანის დათვალიერებისას იცნო თავისი მეუღლეც და მეუღლის ავტომანქანაც. ბ. კ. - სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მასზე განხორციელდა ზეწოლა. მიყვანის ფაქტი მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, ხოლო -ის სამმართველოდან მიღებული წერილის თანახმად, ადმინისტრაციულ შენობაში ბ. კ-ის შემოყვანის ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, ბ. კ., როგორც დაკავებული, უახლოეს დაწესებულებაში საპროცესო კანონის ნორმის დაცვის მიზნით კი არა, არამედ მასზე ზეწოლის განსახორციელებლად გადაიყვანეს.

6. ამასთანავე, კასატორის მითითებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შედგენილი ოქმები სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ მოწმობს, რომ ბ. კ-ეს მარჯვენა წვივის უკანა ზედაპირზე აღმოაჩნდა დაზიანებები. ბ. კ-ეს შეეძლო აღნიშნული დაზიანება ვ. თ-სთვის დაებრალებინა, მაგრამ ასე არ მოქცეულა და სიმართლე დააფიქსირა ოქმში, რომ დაზიანებები მან დაკავებამდე მიიღო. კასატორის მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად (საქმეებში: დანელია საქართველოს წინააღმდეგ, დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ), სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გამოავლინოს და დასაჯოს ის პირები, რომლებიც განმცხადებლს, მისი მტკიცებით, არასათანადოდ მოექცნენ.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ ბ. კ-ის მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №515აპ-14, №314აპ-12 ).

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ბ. კ-ის დაკავების ვადის მისი პირადი ჩხრეკიდან ათვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბრალდებულის უფლებების განმარტების ერთი საათით დაგვიანებასთან მიმართებით, ვინაიდან ბ. კ. დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ რაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად შეიქმნა საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი დაკავების საფუძვლები; ხოლო დაკავების ოქმიდან გამომდინარე, ბრალდებულს დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლებები. რაც შეეხება დაცვის მხარის ვიდეოჩანაწერს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას.

11. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს ბ. კ-ის მიმართ სამხარეო სამმართველოს უფროსის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე. კასატორი აგრეთვე იშველიებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე: დანელია საქართველოს წინააღმდეგ და დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, სახელმწიფომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ეფექტურად დაცვისათვის უნდა უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ამასთანვე, ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს დასაბუთებული. მითითებული ფაქტების დასადგენად, სასამართლო იყენებს მტკიცებულებათა შეფასების ისეთ კრიტერიუმს, რომელიც „ყოველგვარ გონივრულ ეჭვს სცილდება.“[1] განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „დანელია საქართველოს წინააღმდეგ“ (Danelia v. Georgia), №68622/01, 17/10/2006, §41, §44; „დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (Davtyan v. Georgia), №73241/01, 27/07/2006, §37, §40;