დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.11.2017
საქმის ნომერი
2კ-29-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

29I-17 ქ. თბილისი

პ-ი ო, 29I-17 16 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - მ. ქ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. პ-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. პ-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის განყოფილების მიერ 2009 წლის 12 მაისს გამოტანილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ო. პ-ს ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ე.ი. პირის გადაბირება, მისი თანხმობით, კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ჩადენილი მოტყუებითა და პირის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 (ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობა) ნაწილებთან ერთობლივად, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

2. მ-ს რესპუბლიკის კ-ს მუნიციპალიტეტის ჩენტრუს სასამართლოს 2009 წლის 13 მაისს გადაწყვეტილებით ო. პ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და იმავე დღეს გამოიცა მისი დაკავების ბრძანება.

3. 2009 წლის 25 მაისს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ო. პ-ს ძებნა და იგი მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

4. მ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ო. პ-ს მიერ მ-ს რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის თ-ი ო. პ-ა ა. პ-ნ, უ-ს მოქალაქე რ. ტ-ა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანი იყო ადამიანებით ვაჭრობა და მათი სექსუალური ექსპლუატაცია უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით.

2009 წლის თებერვლის დასაწყისში ო. პ-ა, დანაშაულებრივი ჯგუფის გეგმის შესაბამისად, დაარწმუნა უ-ს მოქალაქე ტ. კ-ი, რომ თ-ს რესპუბლიკის ქ. ა-ი მაღაზიის გამყიდველად დაასაქმებდა და ექნებოდა მაღალი ანაზღაურება. ტ. კ-ი იყო სოციალურად დაუცველი და დასთანხმდა ო. პ-ს შეთავაზებას. დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტ. კ-ს თ-ს რესპუბლიკაში სექსუალური ექსპლუატაცია.

2009 წლის 2 მარტს თავისი დანაშაულებრივი განზრახვის განსახორცილებელად, ა. პ-ა, რომელიც რ. ტ-ა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედებდა, ო. პ-ს მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესაბამისად, ტ. კ-ს შეიძინა ავიაბილეთი ო-ა-ს-ს მიმართულებით. იმავე დღეს, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ქმედების შედეგად, ტ-ა კ-ი ო. პ-ს კონტროლქვეშ ქ. ს-ი გადაფრინდა. თუმცა, ვინაიდან არ გააჩნდა თ-ს რესპუბლიკაში ყოფნისათვის საკმარისი თანხა, მას უარი ეთქვა თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე. მითითებული მიზეზის გამო, ტ. კ-ი დაბრუნდა ქ. ო-ი და დაბრუნების მიზეზის თაობაზე შეატყობინა ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ წევრს.

შემდგომ, 2009 წლის 5-6 მარტის პერიოდში, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად ა. პ-ა, რომელიც რ. ტ-ა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედებდა, მისთვის ო. პ-ს მიერ მინიჭებული ფუნქციის შესაბამისად, ტ. კ-ი უ-ნ მ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანა, საიდანაც უნდა მომხდარიყო მისი თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამგზავრება. ამასთან, 2009 წლის 6 მარტს ა. პ-ა ტ. კ-ს შეიძინა ავიაბილეთი კ-ი-ს-ს მიმართულებით და მას გადასაცა თანხა - 1000 ამერიკული დოლარი თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებისათვის წარსადგენად. თ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ აღნიშნული თანხა ტ. კ-ს უნდა გადაეცა ო. პ-ს.

კ-ს საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას ტ. კ-ა ა. პ-ნ შეიტყო, რომ იგი თ-ს რესპუბლიკაში, ქ. ა-ი, ფასიანი სექსუალური მომსახურების გასაწევად გადაჰყავდათ, რის გამოც მან უარი თქვა ამ ქვეყანაში გამგზავრებაზე. ამის მიუხედავად, ა. პ-ა, ო. პ-ს მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესაბამისად, ბოროტად გამოიყენა ტ. კ-ს უმწეო მდგომარეობა, რაც გამოიხატა მისი უცხო ქვეყანაში, მატერიალური სახსრების გარეშე ყოფნით და არაგონივრულ ფარგლებში დადგენილი ვალის დაფარვის მიზნით, აიძულა იგი, გამგზავრებულიყო თ-ს რესპუბლიკაში, მისი შემდგომი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.

2009 წლის 6 მარტს ტ. კ-ი მ-ს რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს ქ. კ-ს აეროპორტში.

5. 2017 წლის 16 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. პ-ი.

6. 2017 წლის 18 მარტს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. პ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ო. პ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

8. 2017 წლის 21 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ო. პ-ს ექსტრადიციის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართის ასლები, ხოლო მათი დედნები - 2017 წლის 27 აპრილს.

9. 2017 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ო. პ-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2017 წლის 23 ივნისს.

10. 2017 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ო. პ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 16 სექტემბრამდე.

11. 2017 წლის 15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ო. პ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 16 დეკემბრამდე.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ო. პ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

13. 2017 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ო. პ-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ო. პ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის 2009 წლის 12 მაისის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ე.ი. პირის გადაბირება, მისი თანხმობით, კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ჩადენილი მოტყუებითა და პირის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 (ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობა) ნაწილებთან ერთობლივად.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დასაშვებად იქნა ცნობილი ო. პ-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ო. პ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის 2009 წლის 12 მაისის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ე.ი. პირის გადაბირება, მისი თანხმობით, კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ჩადენილი მოტყუებითა და პირის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 (ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობა) ნაწილებთან ერთობლივად.

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე არ მიეცა ორი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა; საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება და, შესაბამისად, მ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ ო. პ-ს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც იგი იმყოფება უკანონო პატიმრობაში; ო. პ-ი ცხოვრობდა მ-ს რესპუბლიკის სეპარატისტულ რეგიონში - დ-ი, რომელიც გამოყოფილია მ-ნ და მათ შორის მიმდინარე საომარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ ო. პ-ს ძმები (მ-ს წინააღმდეგ); ო. პ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის და აღნიშნული სამართლებრივი პროცედურები ჯერ დასრულებული არ არის, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. პ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 16 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ო. პ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას არ მისცა შუამდგომლობების წარდგენის შესაძლებლობა და მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს მიეცა უფლება და სრული შესაძლებლობა, თავის სიტყვაში ესაუბრა ყველა არგუმენტზე, მათ შორის იმ ორ შუამდგომლობაზეც, რომელზეც მითითებული აქვს საკასაციო საჩივარში, კერძოდ: ო. პ-ს მიმართული ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის თავშესაფრის მოთხოვნით. ასევე, დაცვის მხარისათვის უცნობი იყო, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაედო ბრალი ო. პ-ს. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმიდან დგინდება, მოსამართლეს არ გაურკვევია, ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობა, მაგრამ, თავის მხრივ, არც თავად დაცვის მხარეს წარუდგენია მოთხოვნები ცალკე შუამდგომლობების სახით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავისი პოზიცია და არგუმენტები დაცვის მხარემ ჩამოაყალიბა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავის სიტყვაში. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ კასატორმა საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა მ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან ო. პ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვა, რის შესახებაც საკასაციო პალატამ იმსჯელა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ ო. პ-ი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება და მ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ ო. პ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 34-ე მუხლის მე-9 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ო. პ-ს ბრალეულობის საკითხს და სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია მ-ს რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 34-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებათა გათვალისწინებით. არც ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია და არც მითითებული კანონი ექსტრადიციის თხოვნის გამგზავნ მხარეს არ აკისრებს ექსტრადიციას დაქვემდაბერებული პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებას, რის შესაბამისადაც, სასამართლო მსჯელობს ექსტრადიციის დასაშვებობის და არა - ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის შესახებ.

6. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ო. პ-ს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, რასთან დაკავშირებითაც ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და, ამდენად, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და ო. პ-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ნორმების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.

7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით: ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“[1]. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება.[2] უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.[3] ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას[4]

8 შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მ-ს რესპუბლიკაში ო. პ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან იგი ცხოვრობდა მ-ს რესპუბლიკის სეპარატისტულ რეგიონში - დ-ი, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვერ მოიძია, ხოლო კასატორმა ვერ წარმოადგინა რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც ო. პ-ს მიმართ მ-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატის ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

9. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ-ს რესპუბლიკაში არ მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი და, შესაბამისად, არ არის საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებები შეიზღუდება რაიმე ფორმით. გარდა ამისა, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მ-ს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ო. პ-ს მიმართ სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. პ-ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ო. პ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის 2009 წლის 12 მაისის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტრეფიკინგი, ე.ი. პირის გადაბირება, მისი თანხმობით, კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ჩადენილი მოტყუებითა და პირის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 (ამსრულებლისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობა) ნაწილებთან ერთობლივად, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), no 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), no 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991).

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016., „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 70, 04.02.2005.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005.