საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.11.2017
საქმის ნომერი
2კ-329აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №329აპ-17 ქ. თბილისი

ტ-ი მ, 329აპ-17 13 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილისა და დაზარალებულის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 1998 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით მ. ტ-ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1961 წლის რედაქცია). მ. ტ-ს 1998 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო გამომძიებლის იმავე წლის 16 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე გამოცხადდა მისი ძებნა და დადგენილების შესრულება დაევალა თბილისის შს მთავარ სამმართველოს. განსასჯელ მ. ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა 2016 წლის 5 აგვისტოს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. შ-ს შუამდგომლობა და მ. ტ-ს (დაბადებული ...., პირადი №....) მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; გაუქმდა მ. ტ-ს მიმართ 1998 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა; გაუქმდა 2001 წლის 20 აგვისტოს ბრძანებით მ. ტ-ს მეუღლის - ვ. ტ-ს (მცხ. ქ. თ-ი, ვ-ი 3, მე-.. მ/რ, კორპუსი №.., მე-.. სადარბაზო, ბინა №..) მისამართზე გამოგზავნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციის ამოღებაზე დადებული ყადაღა.

3. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა და დაზარალებულმა - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლმა ბ. ნ-მ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების არსებითად გაგრძელება მ. ტ-ს მიმართ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოზე წარდგენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობის ხარისხით უტყუარად დასტურდება ბრალდებულ მ. ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

დაზარალებულის წარმომადგენელმა ბ. ნ-მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების არსებითად გაგრძელება მ. ტ-ს მიმართ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ყოფნის ვადის საკითხი, არ გაითვალისწინა პროკურატურის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაცვის უფლების გარეშე დატოვა დაზარალებული მხარე, ვინაიდან, წარდგენილი ბრალის მიხედვით, მ. ტ-ა ჩაიდინა თაღლითობა, რის შედეგადაც ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მოტივაციას მ. ტ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიეცეს არა უმეტეს 12 თვისა. ამ ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც იგი ემალებოდა გამოძიებას და გამოცხადებული იყო მისი ძებნა.

2010 წლის პირველ ოქტომბერს ძალაში შესული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდებოდა უკვე ძალადაკარგული, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა განრიდებისა). იმავე მუხლს, 2015 წლის 30 აპრილს №3520 კანონის საფუძველზე, დაემატა შემდეგი შინაარსის მე-31 ნაწილი, რომლის თანახმად: „თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.“ კანონი ამოქმედდა 2015 წლის 1 მაისიდან. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, მ. ტ-ს სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად სასამართლოში შევიდა 2016 წლის 5 აგვისტოს, ანუ ბრალდებულად ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით და მას ვადის გასვლამდე ახალი ბრალი არ წარდგენია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილისა და დაზარალებულის წარმომადგენლის - ბ. ნ-ს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის განჩინება მ. ტ-ს მიმართ დატოვა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა და დაზარალებულის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ბ. ნ-მ. კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მ. ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გაგრძელებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ კასატორების მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილისა და დაზარალებულის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელ ბ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი