საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.11.2017
საქმის ნომერი
2კ-331აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №331აპ-17 ქ. თბილისი

ს-ე თ, 331აპ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 თებერვლიდან. მასვე სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 სექტემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

თ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

განაჩენით მსჯავრდებულ თ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, თ-ი, ხ-ს ქ. №-..-ში მდებარე სადღეღამისო მაღაზია ,,....-ში’’ თ. ს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე მაღაზიის მოლარე-ოპერატორ რ. კ-ს მოსთხოვა ფული, რის შემდეგაც შეეცადა მაღაზია ,,...-ის’’, სალაროდან დაუფლებოდა აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საბოლოოდ თ. ს-მ ვერ შეძლო თავისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან რ. კ-მ გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც თ. ს-მ დატოვა მაღაზიის ტერიტორია და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

2. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-ა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. ს-ს გამართლებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ. ს-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია. 2015 წლის 23 სექტემბერს, დღის 3 საათზე, ე.წ. ,,მარშრუტკით“ ჩამოვიდა თბილისში, მეგობრის - ს. ვ-ს სანახავად, რომელიც რ-ს ფედერაციიდან იყო ჩამოსული. მეგობრებმა ერთად იქეიფეს და როდესაც ეზოში ჩავიდნენ, ორივე მათგანი დააკავა პოლიციამ, წაუყენეს ყაჩაღობის ბრალდება და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ვინაიდან მისი მეგობარი საქართველოს მოქალაქე არ იყო, იგი გაუშვეს. ს. ვ-ნ ბავშვობიდან მეგობრობს, გაიცნო სოფელში. ადრეც ჰქონია პოლიციასთან შეხება იარაღთან დაკავშირებით, რომელიც იპოვა და ჩამოართვეს. თ. ს-ს განცხადებით, ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი თავად არ არის, ხოლო ვინცაა ვიდეოზე ასახული, იმ პირს არ იცნობს.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია მსჯავრდებულ თ. ს-ს ჩვენების გაუზიარებლობის ნაწილში და მიიჩნია, რომ მისი ჩვენება უნდა შეფასდეს როგორც მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ამასთან, თ. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად დასტურდება ურთიერთთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც კანონით დადგენილი წესით გამოიკვლიეს სასამართლო სხდომაზე, ესენია: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ რ. კ-ს ჩვენება, მოწმეების - ლ. ჯ-ს, გ. გ-ს, ჯ. მ-ს, ა. ე-ს, ლ. ე-ს, ზ. უ-ს, ი. კ-ს, მ. ჩ-ს, ნ. გ-ს, ზ. გ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2015 წლის 24 სექტემბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ დადგენილება და ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ნიმუშის აღების ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. ს-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა რ. კ-მ სასამართლოს მისცა გულწრფელი და საკმაოდ დამაჯერებელი ჩვენება; განმარტა, რომ თავდამსხმელმა იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული, თუმცა იგი შეეწინააღმდეგა დამნაშავეს, რის გამოც მან ვერ მოახერხა თანხის დაუფლება. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ კარგად დაამახსოვრდა თავდამსხმელის გარეგნული ნიშნები და აღწერილობა. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თ. ს-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი სრულად დადასტურდა მაღაზიაში დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერით; გარდა ამისა, ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ამოიცნო მასზე თავდამსხმელი პირი, რომელიც აღმოჩნდა თ. ს-ე; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, მაღაზიის იატაკიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია თ. ს-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მტკიცებულებად არ უნდა გამოიყენოს ვიდეოჩანაწერი, ვინაიდან იგი მოპოვებულია სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით და განმარტა: სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალების მიხედვით დგინდება, მოწმე ლ. ჯ-ა დაკითხვის დროს გამომძიებელს განუმარტა, რომ თან ჰქონდა DVD დისკზე გადატანილი, მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერი, რომელსაც გამოძიებას წარუდგენდა ნებაყოფლობით. მოწმის აღნიშნული ჩვენების შემდეგ გამომძიებელი ვალდებული იყო, წარდგენილი დისკი კანონით დადგენილი წესით ამოეღო, ვინაიდან იგი გახდა მოწმის ჩვენების შემადგენელი ნაწილი. გამომძიებელმა კანონით დადგენილი წესით ამოიღო მოწმის მიერ წარდგენილი DVD დისკი, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურეს როგორც გამომძიებელმა გ. გ-მ, ასევე მოწმე ლ. ჯ-ა. 2015 წლის 24 სექტემბერს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (DVD დისკი) გახსნეს და დაათვალიერეს, რის თაობაზეც ასევე შედგა ოქმი და მასში სრულად აისახა დისკზე აღბეჭდილი გარემოებები და ფაქტები. შესაბამისად, თუკი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე არ გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერი, გამოძიებას უკვე მოპოვებული ჰქონდა მოწმის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი DVD დისკის დათვალიერების ოქმი, რომელშიც ასახული იყო მაღაზიაში განვითარებული მოვლენები და რაც წინასასამართლო სხდომაზე, დასაშვებ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასამართლოს განაჩენი ვერ იქნება მიჩნეული უკანონოდ, თუკი მოსამართლე დაეყრდნო სისხლის საპროცესო კოდექსით დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა DVD დისკის ამოღებისა და ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმებით, რაც გამოძიებამ მოიპოვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევით არ მომხდარა პირადი მონაცემების დაცვის უფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფა; მაღაზიის პერიმეტრზე ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით, კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით და არა – ქუჩაში გადაადგილებულ მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩასარევად; ვიდეოჩანაწერი გამოიყენეს მხოლოდ საგამოძიებო მიზნებისათვის და ჩანაწერზე ასახული პირების რაიმე მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ დაფიქსირებულა.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელოს ამოცნობის ოქმით, ვინაიდან ამოცნობაში მონაწილე გ. მ-ა და ჯ. მ-მ ვერ გაიხსენეს ამოცნობაში მონაწილეობის ფაქტი; გარდა ამისა, ამოცნობაში მონაწილე პირები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეების – გ. მ-ა და ჯ. მ-ს ჩვენებები, სადაც მათ თითქოსდა ვერ გაიხსენეს თ. ს-ნ ერთად ამოცნობაში მონაწილეობის ფაქტი. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებები სრულად ეწინააღმდეგება პირის ამოცნობის ოქმში ასახულ გარემოებებს, სადაც დაფიქსირებულია მათი მონაცემები, ტელეფონის ნომრები და დასმულია მათი ხელმოწერები. გარდა ამისა, დაზარალებულმა რ. კ-მ და გამომძიებელმა ი. კ-ა დაადასტურეს, რომ ამოსაცნობად წარდგენილი იყო სამი პირი - თ. ს-ე, გ. მ-ი და ჯ. მ-ე, რომლებიც გარეგნობით მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ამოცნობის დაწყებამდე თ. ს-ს მიეცა შესაძლებლობა, ამოსაცნობ პირებს შორის თავად აერჩია ადგილი. გამომძიებლის განმარტებით, როგორც თ. ს-მ, ასევე ამოცნობაში მონაწილე გ. მ-ა და ჯ. მ-მ ხელმოწერებით დაადასტურეს ოქმის სისწორე და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ. ის ფაქტიც, რომ დაზარალებულმა რ. კ-მ ამოცნობის ჩატარებამდეც და სასამართლო სხდომაზეც სრული სიზუსტით აღწერა ბრალდებულის გარეგნობა, მათ შორის ისეთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა სვირინგი და ნაიარევი, ამოცნობის ოქმის სისწორესა და რეალურობაზე მეტყველებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოვლენილი არ არის ისეთი სერიოზული არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო უარს იტყვის ამოცნობის ოქმის მტკიცებულებად გამოყენებასა და მასში ასახული ინფორმაციით ხელმძღვანელობაზე.

რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების დაწყებისთანავე ექსპერტ-კინოლოგებმა სალაროაპარატის მაგიდის წინ, მეტლახის ზედაპირიდან, აიღეს სუნის კვალის ნიმუში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ჯ. მ-ა განმარტა, რომ მაღაზიაში პირველები შევიდნენ კინოლოგიის სამსახურის ექსპერტები და აიღეს სუნის ნიმუში, რაც დაილუქა და მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. 2015 წლის 25 სექტემბერს, კანონით დადგენილი წესის დაცვით, სუნის ნიმუში აიღეს თ. ს-ნ. ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად კი 2015 წლის 24 სექტემბერს თ-ი, ხ-ს ქუჩა №..-ში მდებარე მაღაზია ,,...-ში’’ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მაღაზიაში სალაროს მაგიდის წინ, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ თ. ს-ნ აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სუნის კვლების ნიმუშების აღების დროს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე[1].

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ თ. ს-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის ჩადენას.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება და შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-ა, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. ს-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; არ ემყარება ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №616აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა თ. ს-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

9. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

10. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95.