საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.11.2017
საქმის ნომერი
2კ-339აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №339აპ-17 ქ. თბილისი

ს-ე თ, 339აპ-17 29 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 21 ოქტომბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ თ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. თ-ი, ნ-ს მე-...მ/რაიონის, №.. კორპუსის წინ მდებარე №...-ე საჯარო სკოლის ეზოში, .... წელს დაბადებულმა თ. ს-მ თექვსმეტ წელს მიუღწეველ ნ. დ-ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება, რაც გამოიხატა იმაში, რომ თ. ს-მ ნ. დ-ე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაისვა კალთაში, ჩახადა სპორტული შარვალი, ეფერებოდა ფეხებზე, თეძოზე, დაუწყო თითით ფერება სასქესო ორგანოზე, აკოცა ლოყაზე.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ-ა და გ. ფ-მ. აპელანტები ითხოვდენ მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

მსჯავრდებულ თ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა ლ-ს ტბაზე მდებარე სკოლის ეზოში, სადაც ყოველ დილით ვარჯიშობს და ასეირნებს ძაღლს. მან დაინახა ხეზე ასული ბავშვები, რომლებიც ეგონა სკოლის მოსწავლეები და მოუწოდა მათ, ხიდან ჩამოსულიყვნენ, რადგან შეიძლება ჩამოვარდნილიყვნენ. მას მოეწონა ერთ-ერთი ბავშვის - ნ. დ-ს ფიზიკური აღნაგობა, რაც მხატვრული ტანვარჯიშისთვის არის დამახასიათებელი. მან გამოჰკითხა ბავშვებს, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთის, რომელ სკოლაში სწავლობდნენ და სად ცხოვრობდნენ; ნ. დ-ს ასევე ჰკითხა, სპორტის რომელიმე სახეობით თუ იყო დაკავებული, რაზედაც ნ. დ-მ განუცხადა, რომ ცურვაზე დადიოდა. შემდეგ მან ნ. დ-ს ხელები მოხვია ბეჭებზე, ფეხებზე ჩამოუსვა ჰკითხა ასაკის თაობაზე, რაზეც ნ. დ-მ განუცხადა, რომ იყო 12 წლის. მან ურჩია ნ. დ-ს, რომ გაეგრძელებინა ცურვაზე სიარული, ვინაიდან მხატვრული ტანვარჯიშისთვის გვიანი იყო. მისი განმარტებით, ნ. დ-ე მოეფერა მის ძაღლს, რის გამოც მან აკოცა გოგონას ლოყაზე. ამ დროს მეორე ბავშვმა უთხრა ნ. დ-ს, რომ დედა ეძახდა, რის შემდეგაც იგი დაემშვიდობა ბავშვებს და წავიდა სახლში. მან კატეგორულად უარყო მისი მხრიდან ნ. დ-ს შარვლის ჩახდა და მოფერება.

არასრულწლოვანი დაზარალებულის - ე-ე (ნ-ა) დ-ს (დაბადებული .....წ.) ჩვენებით დადგენილია, რომ ის და მისი ძმა დ. დ-ე იმყოფებოდნენ სკოლის ეზოში, სადაც სურდათ დაეკრიფათ ფოთლები და გირჩები. ისინი ისხდნენ სკამზე, რა დროსაც მათთან მივიდა კაცი (თ. ს-ე), რომელიც ასეირნებდა ძაღლს. მას და მის ძმას თ. ს-ს გამოელაპარაკა, ჰკითხა სპორტის რომელიმე სახეობაზე დადიოდნენ თუ არა, შემდეგ თ. ს-მ უთხრა, რომ ლამაზი ფეხები ჰქონდა. მას თ. ს-მ ჩახადა სპორტული შარვალი და დაუწყო თითით ფერება სასქესო ორგანოზე, რის გამოც მან ტკივილი განიცადა, თანაც ძალიან შეშინდა; თ. ს-მ მას ტუჩებთან ახლოს აკოცა, პარალელურად „აა-ს“ იძახდა, შემდეგ უთხრა, რომ ხვალ, 12:00 საათზე, შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამ დროს მისი ძმა - დ. დ-ე თ. ს-ს გირჩებს ესროდა. მიუხედავად ამისა, იგი მას თავს არ ანებებდა. მისივე ჩვენებით, მან სახლში მისვლამდე მომხდარის თაობაზე მოუყვა ახლობელს მაღაზიაში და შემდეგ - დედას.

მოწმე ნ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან ჩაუტარა სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაზარალებულ ნ. დ-ს. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ ნ. დ-ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. ნ. დ-ს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა.

არასრულწლოვანი მოწმის - დ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის და მისი და - ნ. დ-ე იმყოფებოდნენ სკოლის ეზოში, სადაც თამაშობდნენ, კრეფდნენ ყვავილებს. მისი ჩვენებით, მათთან მივიდა კაცი ძაღლთან ერთად, ნ. დ-ე შეეკითხა ამ კაცს, თუ რა ერქვა ძაღლს. ეს მამაკაცი შეეკითხა ნ. დ-ს, დაკავებული იყო თუ არა სპორტის რომელიმე სახეობით, რაზედაც მან უპასუხა, რომ ცურვაზე დადიოდა. მამაკაცს მოეწონა ნ. დ-ს ტანი და უთხრა, რომ მას კარგი ტანი ჰქონდა, შემდეგ მამაკაცმა ნ. დ-ს ჩახადა შარვალი და ფეხებს შუა თითს უყოფდა, თან აკოცა ლოყაზე. მან ამის შემდეგ მისთვის უცნობ მამაკაცს დაუწყო გირჩების სროლა და ნ. დ-ს უყვიროდა, რომ დედა ეძახდათ. ამის შემდეგ მამაკაცი წავიდა, ხოლო ის და ნ. დ-ე გაიქცნენ სახლში. ნ. დ-ე შეშინებული იყო. კაცმა უთხრა, ხვალ, 12 საათზე, კიდევ შემხვდიო.

მოწმე დ. ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ. დ-ე და დ. დ-ე არიან მისი შვილები. ბავშვები სკოლის ეზოში იმყოფებოდნენ სათამაშოდ. მან სახლიდან დაინახა, რომ ნ. დ-ნ ერთად სკამზე იჯდა მამაკაცი, ხოლო დ. დ-ე ოდნავ მოშორებით ჯოხით და გირჩებით თამაშობდა. მისი განცხადებით, რამდენიმე ხანში ბავშვები დაბრუნდნენ სახლში, ნ. დ-ე იყო შეშინებული, რომელმაც უამბო მომხდარი ფაქტი, კერძოდ, მას ნ. დ-მ უთხრა, რომ მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ასეირნებდა ძაღლს, მასთან მივიდა, ჩაუწია შარვალი და ტრუსი, ხელით ეფერებოდა და კოცნიდა სასქესო ორგანოზე და აკოცა ტუჩებში. ასევე, ნ. დ-ს უცნობმა მამაკაცმა განუცხადა, რომ მეორე დღეს შეხვდებოდა. მისი განცხადებით, ნ. დ-ს მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი, ის იყო შეშინებული, ღამე შფოთავდა, რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა.

მოწმე კ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან კანონის მოთხოვნის დაცვით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები.

მოწმე ლ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ, დაკითხა მოწმეები, გამოიტანა დადგენილებები ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე, მან გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ თ. ს-ს. მისი განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ნ. დ-ე, მამის - გ. დ-ა და ფსიქოლოგის - ქ. გ-ს თანდასწრებით, დააკვირდა მის წინაშე წარმოდგენილ სამ პირს და ამოიცნო რიგით მარცხნიდან მარჯვნივ, შუაში მდგარი (მეორე) პირი და განმარტა, რომ დარწმუნებულია, აღნიშნული პირი არის სწორედ ის, რომელმაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ქ. თ-ი, ნ-ს მე-.. მ/რაიონში მდებარე ...-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შარვალი და ტრუსი გახადა და ეფერებოდა სასქესო ორგანოზე. იგი დარწმუნებულია მისი ამოცნობის სისწორეში. ნ. დ-ს მიერ ამოცნობილი პირი არის თ. პ-ს ძე ს-ე, დაბადებული .... წელს, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. თ-ი, ნ-ს მე-... მ/რაიონი, კორპ. №.., ბინა №....

2015 წლის 21 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ვ-ს მე-3 განყოფილების გამომძიებელმა კ. კ-მ, მოწმე ნ. დ-ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, მამამისის - გ. დ-ს, ფსიქოლოგის - ქ. გ-ა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, ვ-ს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან სამსახურებრივი ა/მანქანით მიიყვანა ისინი ნ-ს მე-.... მ/რაიონში არსებულ №...-ე საჯარო სკოლასთან, სადაც ნ. დ-ს მითითებით, მივიდნენ №...-ე საჯარო სკოლის ეზოში ნაძვის ხეებთან მდგარ სკამთან. ნ. დ-მ განაცხადა, რომ სწორედ ამ სკამზე იჯდა, როდესაც მას მიუახლოვდა მისთვის უცნობი მოხუცი მამაკაცი, რომელიც მას შეეხო სასქესო ორგანოზე და აკოცა.

თ. ს-ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე ამბოლატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექპერტიზის №... დასკვნითა და ამბოლატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექპერტიზის №.... დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ ე. (ნ-ა) დ-ა და დ. დ-ს ჩვენებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობა, ექსპერტ ნ. დ-ს ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. დ-ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ. დ-მ ამოიცნო თ. ს-ე (რომელსაც იგი მანამდე არ იცნობდა).

თ. ს-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით თ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც მას გადახდილი აქვს).

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-ა, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. ს-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ურთიერთშეუსაბამო ჩვენებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ თ. ს-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №90აპ-17, №77აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ურთიერთშეუსაბამო ჩვენებას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და ამასთან, სრულად თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - დ. დ-ს, ნ. დ-ს, დ. ო-ს ჩვენებებთან, პირის ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა ექსპერტიზების დასკვნებთან.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი