საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.12.2017
საქმის ნომერი
2კ-360აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №360აპ-17 ქ. თბილისი

ჩ-ი ზ, 360აპ-17 15 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განაჩენით ზ. ჩ-ი, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათით.

ზ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.

აღნიშნული განაჩენით ზ. ჩ-ს მსჯავრი დაედო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ-ს რაიონის სოფელ ზემო ქ-ი რეგისტრირებულ ზ. ჩ-ს არასრულწლოვანი შვილის - ი-ა-ვ-ო ჩ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა ალიმენტის სახით, რის საფუძველზეც იმავე დღეს გაიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ. ჩ-ა, ნამდვილი შემოსავლის დაფარვის გზით, ჯიუტად თავი აარიდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას.

2. აპელანტის მოთხოვნა:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ა, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ მან ჯიუტად თავი არ აარიდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას, ვინაიდან მხოლოდ ერთხელ არ გადაიხადა დაკისრებული ალიმენტი (ხელფასი აიღო ხელზე) იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ აღებული ხელფასით გადაიხადა ბანკის ვალი, რომელიც მშენებარე სახლის სწრაფად დასამთავრებლად ჰქონდა გამოტანილი.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი ზ. ჩ-ს მიმართ.

ზ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ზ. ჩ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

გამართლებულ ზ. ჩ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ჩ-ა ნამდვილი შემოსავლის დაფარვის გზით ჯიუტად თავი აარიდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას.

სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ პირმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის წესით საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მან ჯიუტად უნდა აარიდოს თავი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკვეთილი არ იქნება საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. „ჯიუტობა“ არ წარმოადგენს იურიდიულ კატეგორიას და მისი დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს. ის საკითხი, არის თუ არა ალიმენტის გადაუხდელობა ჯიუტი, უნდა გადაწყდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის გადაუხდელობის ხანგრძლივობის, მიზეზებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჯიუტად გადაუხდელობას ცალსახად მოწმობს ანალოგიური დანაშაულის განმეორება; ალიმენტის სისტემატური გადაუხდელობა; პირის მიერ, მოთხოვნის შემთხვევაში, თავისი ნამდვილი შემოსავლის დაფარვა ან აღნიშნულის თაობაზე ფიქციური დოკუმენტების წარდგენა; პირზე ძებნის გამოცხადება ალიმენტის გადაუხდელობის გამო; პირის მიერ თავისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა, რათა თავიდან აიცილოს სააღსრულებო ფურცლით სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ა, რომელმაც იცოდა, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავისი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა, 2015 წლის დეკემბერში სამსახურში კუთვნილი ხელფასი აიღო ხელზე, რის შემდეგაც თავი აარიდა ალიმენტის გადახდას, თუმცა სააპელაციო პალატამ მისი მოქმედება არ ჩათვალა ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებად, რადგან ზ. ჩ-ს მხრიდან ალიმენტის სისტემატური, დროში გახანგრძლივებული გადაუხდელობა არ გამოვლენილა, მას ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზით არ დაუტოვებია თავისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, თავისი ნამდვილი შემოსავლების დაფარვის მიზნით არ წარუდგენია გაყალბებული დოკუმენტები და სხვ. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო ზ. ჩ-ს მხრიდან ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზზეც. საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ი უარს არ ამბობს შვილისათვის ალიმენტის გადახდაზე, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ალიმენტის თანხის ოდენობას. მისი ყოველთვიური შემოსავალი სამსახურში შეადგენს დაახლოებით ათას ლარს, საიდანაც იხდის საბანკო კრედიტების თანხას, რაც შეადგენს 600 ლარზე მეტს. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული საბანკო-საბუღალტრო დოკუმენტაციით. ასევე დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს ზ. ჩ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი აქვს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომელიც მიღებულია განსახილველად. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ, როგორც სააპელაციო პალატის სხდომაზე ზ. ჩ-ა განაცხადა, 2016 წლის 16 თებერვალს გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო მანამდე, სანამ გაუქმდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება, მას გადახდილი აქვს ალიმენტის თანხა - 550 ლარი. ამჟამად მისი შვილი სრულწლოვანია, მაგრამ იხდის ალიმენტის დავალიანების თანხას, რომელიც 4 თვის განმავლობაში შეადგენდა 200 ლარს, შემდეგ ყოველთვიურად კი - 150 ლარს.

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ აღნიშნული კვალიფიკაციით ზ. ჩ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებას, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ს ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და იგი უნდა გამართლდეს.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ცირეკიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სიტყვა „ჯიუტობა“, რომელიც არ გულისხმობს სისტემატურ ხასიათს, არამედ ეს არის პირის ნამდვილი ნება, რომ არ სურს ალიმენტის გადახდა. ზ. ჩ-ს ნამდვილი ნება, რომ მას არ სურდა ალიმენტის გადახდა, გამოიხატა იმ დროს როდესაც მან 2015 წლის დეკემბრის ხელფასი აიღო ხელზე და არ გადაიხადა ალიმენტი.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ზ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 176-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ. ჩ-ს ბრალეულობაში (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №560აპ-16, №19აპ-17).

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი