დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.01.2018
საქმის ნომერი
2კ-3-I-18
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#330703518002260561

განჩინება

საქართველოს სახელით

3I-18 ქ. თბილისი

ი-ი ი, 3I-18 29 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატების - გ. ს-ს, თ. ბ-ს, მ. კ-ს, ი. ჩ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ი-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ი-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ს-ს, თ. ბ-ა და მ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ი-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, 2016 წლის 1 თებერვალს რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-ს რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ი. ი-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ი. ი-ს ბრალი დაედო რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ი-ს ბრალი დაედო შემდეგი ქმედებისათვის:

ი. ი-ა, რომელიც 2012 წლის 29 მარტიდან წარმოადგენდა შპს „რ-ს“ დირექტორს, რ-ს ფედერაციის შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინა მცდარი მონაცემების შემცველი დოკუმენტები, რის შედეგადაც შპს „რ-ს“ უსაფუძვლოდ აუნაზღაურდა დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 1,242,159 რუბლის ოდენობით 2013 წლის პირველი კვარტლის საგადასახადო პერიოდისათვის, რა ოდენობის ზიანიც მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

რ-ს ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ექსპორტის შემთხვევაში საქონლის დაბეგვრა ხორციელდება 0 % - იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ 0%-იანი საგადასახადო განაკვეთის გამოყენების საფუძველს. კერძოდ, შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს, რომ საქონელი შეძენილია შიდა ბაზარზე, შეძენისას გადახდილია დამატებითი ღირებულების გადასახადი და აღნიშნულ საქონელზე განხორციელდა საექსპორტო პროცედურები.

ზემოაღნიშნული რეგულაციების ბოროტად გამოყენების მიზნით, ი. ი-ა ორგანიზება გაუკეთა ფიქტიური დოკუმენტების დამზადებას, რომლებიც ასახავდნენ შპს „რ-ს“ მიერ იმ საქონლის შესყიდვას დღგ-ს გადამხდელი კომპანიის - შპს „ს-ნ’’, რომლის ღირებულებაშიც გათვალისწინებული იყო შესაბამისი დღგ-ს ოდენობა.

ფაქტობრივად, ი. ი-ა ხე-ტყის მასალები შეისყიდა ინდმეწარმე ი-მ საპოჟნიკოვისაგან, შპს „ზ-ა“ და შპს „ლ-ი ბ-ნ“. აღნიშნული სუბიექტები არ წარმოადგენდნენ დღგ-ს გადამხდელებს, რის გამოც მითითებული საქონლის შეძენისას შპს „რ-ს“ არ გადაუხდია დღგ. ამასთან, მითითებული სუბიექტებისაგან საქონლის შეძენისა და გადამუშავების შემდგომ განხორციელდა მისი ექსპორტი.

შესაბამისად, შპს „ს-ნ“ გარიგება ხე-ტყის მასალების შესყიდვის თაობაზე იყო იმიტირებული კ-ს ოლქის =3 რ-ს საგადასახადო სამსახურის ფედერალური რაიონული ინსპექციის მოტყუებისა და დღგ-ს უკანონო ანაზღაურებაზე უფლების მიღებით მიზნით.

22.04.2013 წლიდან 26.07.2013 წლამდე პერიოდში კ-ს ოლქის =3 რ-ს საგადასახადო სამსახურის ფედერალურ რაიონულ ინსპექციაში ჩატარდა შპს „რ-ს“ 2013 წლის პირველი კვარტლის დღგ-ს საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო კამერალური შემოწმება. 26.07.2013 წელს ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „რ-ს“ დღგ-ს გადასახადის ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ 2013 წლის პირველი კვარტლის პერიოდისათვის 1,242,159 რუბლის ოდენობით. მითითებული თანხა კ-ს ოლქის =3 რ-ს საგადასახადო სამსახურის ფედერალური რაიონული ინსპექციიდან 30.07.2013 წელს გადაირიცხა შპს „რ-ს“ ანგარიშზე - =........

3. 2016 წლის 3 თებერვალს რ-ს ფედერაციის ო-ს კ-ს რაიონული სასამართლოს განჩინებით ი. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

4. 2016 წლის 25 მაისს იმავე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ი. ი-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2016 წლის 3 თებერვლის განჩინების დაზუსტების თაობაზე.

5. 2016 წლის 6 სექტემბერს გამოცხადდა ი. ი-ს ძებნა ინტერპოლის არხებით.

6. 2017 წლის 27 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი-ი.

7. 2017 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ი. ი-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

8. 2017 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2017 წლის 30 მაისის განჩინების შეცვლის თაობაზე.

9. 2017 წლის 29 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე რ-ს ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები, ხოლო დედნები - 2017 წლის 12 ივლისს.

10. 2017 წლის 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ი. ი-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 27 ნოემბრამდე.

11. 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინების შეცვლის თაობაზე.

12. 2017 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ი. ი-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 27 თებერვლამდე.

13. 2018 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ი. ი-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ო-ს რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების ო-ს უფროსი გამომძიებლის 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ი. ი-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ს-ი, თ. ბ-ა და მ. კ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ი-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 27 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ი. ი-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას, რომ რ-ს ფედერაციის უშიშროების სამსახურები ი. ი-ე ახდენდნენ ზეწოლას და შესაძლებელია, იგი გახდეს წამების, ან სხვა უკანონო მოქმედების მსხვერპლი, ვინაიდან ი. ი-ი არის ტაჯიკი და მიაჩნდათ, რომ მას კავშირი ექნებოდა მითითებული ეროვნების კრიმინალებთან, რის დასადასტურებლადაც მათ საქართველოს პროკურატურას წარუდგინეს ვიდეოკადრები, რაზეც პროკურატურამ რეაგირება არ მოახდინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, Soering v. the United Kingdom, N 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, Vilvarajah and others v. United Kingdom, N 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“, J.K. and others v. Sweden, # 59166/12; § 91,96, 23.08.2016, „საადი იტალიის წინააღმდეგ“, Saadi v. Italy, # 37201/06, § 129, 28.02.2008). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით („მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“, Mamatkulov and Askarov v. Turkey, # 46827/99 and # 46951/99, § 70, 04.02.2005).

6. მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ ვერ მოიძია, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები (მათ შორის ვიდეოჩანაწერი, რის შესახებაც კასატორები აპელირებენ საკასაციო საჩივრებში), რომლებიც დაადასტურებდა ი. ი-ს რაიმე ნიშნით დევნის რეალური საფრთხის არსებობას. ამდენად, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადებები, რომელიც დადასტურებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

7. რაც შეეხება კასატორების პოზიციას, რომ რ-ს ფედერაციაში ტოტალურად ირღვევა ადამიანის უფლებები და რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა რ-ს ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005.).

8. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ რ-ს ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ი. ი-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ი-ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას. ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით.

9. საკასაციო პალატა ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად ასევე ვერ მიიჩნევს კასატორების პოზიციას, რომ ი. ი-ს ბრალდება არ ემყარება უტყუარ, საფუძვლიან მტკიცებულებებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს მისი ბრალეულობის საკითხს და სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ი. ი-ს ექსტრადიცია რ-ს ფედერაციაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით.

10. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების კიდევ ერთ არგუმენტს, რომ ი ი-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული „ოჯახის ურღვეობის პრინციპი“, ვინაიდან არ არსებობს რ-ს ფედერაციის ტერიტორიაზე მისი უსაფრთხოების გარანტიები, რის გამოც ვერ შეძლებს მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან შეხვედრას და მიუთითებს: როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, კასატორებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც რ-ს ფედერაციაში რაიმე ნიშნით მის მიმართ დევნის ეჭვს წარმოშობდა და ამასთანავე, არ არსებობს „ოჯახის ურღვეობის პრინციპის“ დარღვევის სხვა რომელიმე საფრთხე, რის შესახებაც დეტალურად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ი-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების ო-ს უფროსი გამომძიებლის 2016 წლის 1 თებერვლის დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ი-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ს-ს, თ. ბ-ა და მ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი