საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №462აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ი ი, 462აპ-17 23 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. ა-ა და ნ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:
კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 5 იანვრიდან.
მ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 5 იანვრიდან.
ი. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 5 იანვრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - კ. ბ-ს, მ. ბ-ა და ი. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოხატა შემდეგში: გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში კ. ბ-ა, მ. ბ-ა და ი. ჩ-ა, განკარგვის მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და ქ.თ-ი, მ-ს გამზირის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ, ყოველგვარი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება - ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137), რომელთანაც უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
2015 წლის 25 დეკემბერს კ. ბ-ი, მ. ბ-ი და ი. ჩ-ი, უკანონოდ შეძენილი რადიოაქტიური ნივთიერების განკარგვის მიზნით, დაუკავშირდნენ ნაცნობს, თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე ა. ქ-ს და შესთავაზეს თ-ს რესპუბლიკაში მოეძებნა ისეთი პირი, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა რადიოაქტიური ნივთიერების შეძენით და მის სანაცვლოდ გადაიხდიდა 100000 აშშ დოლარს.
2016 წლის 5 იანვარ, ქ. თ-ი, მ-ს გამზირის №..-ში მდებარე რესტორან ,,დ-ს” ერთ-ერთ კუპეში, კ. ბ-ა, მ. ბ-ა და ი. ჩ-ა ლითონის კონტეინერში მოთავსებული რადიოაქტიური ნივთიერება Cs137 (ცეზიუმ 137) გადასცეს ა. ქ-ს და ი. ს-ს, რა დროსაც ისინი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული ი. ჩ-ი და მისი ინტერესების დამცველი ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
მსჯავრდებული მ. ბ-ი ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მან ადვოკატთან შეთანხმებით შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებული კ. ბ-ი და მისი ინტერესების დამცველი ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2017 წლის 19 აპრილის საქმის არსებით სხდომაზე, მსჯავრდებულმა კ. ბ-ა ადვოკატთან შეთანხმებით იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და უკან გათხოვნის თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა საოქმო განჩინებით.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს. ა-მ და ნ. დ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. ჩ-ს გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ი. ჩ-ს შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ.#395აპ-12), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატების მითითებას, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე ა. ქ-ს ჩვენებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა. ქ-ს, გ. ც-ს, ი. ს-ს, დ. გ-ს, ა. ლ-ა და სხვათა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, #001-2016 აქტის თანახმად, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის რადიოლოგიური ექსპერტიზის N.../რაფ დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ჯ. ფ-ა, ასევე, რადიაციული ექსპერტიზის N... დასკვნით დასტურდება ი. ჩ-ს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. ა-ა და ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი