საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
2კ-542აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№542აპ-17 ქ. თბილისი

მ-ე ვ., 542აპ-17 9 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. მ-ს, - - - ბრალი დაედო უსაფრთხოების წესის დარღვევაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „ი-ი“ აშენებდა შენობას ქ. ქ-ში, ც-ა ქუჩის №-–ში. მშენებლობაზე სამუშაოების წარმოებას ხელმძღვანელობდა სამუშაოთა მწარმოებელი ვ. მ., რომელმაც არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, არ გაითვალისწინა СН и П 3.04.01– 87 საიზოლაციო და მოპირკეთებითი საფარების ცხრილ №-–ში მითითებული მოთხოვნები, რის გამოც 2014 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 15.00 საათზე, ჩამოინგრა შენობის ფასადი. ჩამონგრევის შედეგად ლ. ლ-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით ვ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ და ითხოვა გამართლებულ ვ. მ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

ვ. მ-ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ვ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ვ. მ-ის ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე