გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
2კ-531აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#531აპ.-17 ქ. თბილისი

მ. ნ-რ, 531ap.-17 13 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენით ნ. მ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360–ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. მ-ემ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის აგვისტოში ნ. მ-ემ თვითნებურად, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავისად დაგულებული უფლების საფუძველზე გათიბა ა. ა-ის კუთვნილი ორი ჰექტარი სათიბი მიწის ნაკვეთი, მდებარე ნ-ის რაიონის სოფელ ს-ში, მოთიბული თივა კი შინ წაიღო, რითაც ა. ა-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

4. კასატორი - მსჯავრდებული ნ. მ. წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

იგი 2003 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე სარგებლობდა ნ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 2 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომელიც 2002 წლის შემოდგომაზე გადასცა მას ნ-ის რაიონის იმდროინდელმა გამგებელმა რ. ა-მა და მისმა მოადგილემ რ. ნ-ემ. იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ყოველწლიურად ამუშავებდა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში იყენებდა სათიბად. 2016 წლის აგვისტოშიც ჩვეულებისამებრ გათიბა მიწის ნაკვეთი, რის გამოც ა. ა-მა საჩივარი შეიტანა პოლიციაში. აპელანტის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი მიწის ნაკვეთის ა. ა-ზე გასხვისების შესახებ. წერილი, რომელიც გამგზავნეს, შედგენილი იყო სომხურ ენაზე და მისი შინაარსი ვერ გაიგო, ხოლო როცა მისმა შვილმა უთხრა ლ. ა-ის დანაბარები, მას ნაკვეთი უკვე გათიბული ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ-ის მიერ თვითნებობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებმა საქმეში არსებული ბრალდების მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული შემდეგი მტკიცებულებები:

3. დაზარალებულ ა. ა-ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2003 წლიდან ნ-ის რაიონის სოფელ ს-ში იჯარით, 10 წლის ვადით აღებული ჰქონდა სათიბი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას. 2016 წლის იანვარში შეისყიდა იჯარით აღებული 5,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2016 წლის 13 იანვარს საჯარო რეესტრში გაიფორმა საკუთრების უფლებით, დაზუსტებული ფართობი: 54 900,00 მ2, საკადასტრო კოდი: -. დაზარალებულის განმარტებით, 2003 წლიდან იგი აღნიშნული 5,5 ჰა მიწის ნავეთიდან თიბავდა მხოლოდ 3,3 ჰა–ს, ხოლო დანარჩენ 2 ჰა–ს თიბავდა სოფელ ს-ში მცხოვრები ნ. მ.. 2016 წლის ივლისში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა დაიწყებდა სათიბების გათიბვას, დაახლოებით 15 დღით ადრე, განცხადებით მიმართა ნ-ის გამგეობის წარმომადგენელს გ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში ლ. ა-ს და სთხოვა, რომ გაეფრთხილებინა ს-ს მოსახლეობა, აღარ გაეთიბათ მისი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ჰქონდა ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წლის 6 აგვისტოს დაინახა, რომ ვ. ე. და ნ. მ. თიბავდნენ მის ნაკვეთს, რის გამოც მიმართა პოლიციას.

4. მოწმე ლ. ა-ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის ნ-ის გამგებლის წარმომადგენელი გ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2016 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მას განცხადებით მიმართა ა. ა-მა, რომელიც ითხოვდა, რომ გაეფრთხილებინა ნ. მ., არ გაეთიბა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ვინაიდან გაფორმებამდე მიწის ნაკვეთით ნ. მ. სარგებლობდა. განცხადების შესახებ ტელეფონით აცნობა სოფელ ს-ის სპეციალისტს - ა. ნ-ეს, რომელსაც აუხსნა განცხადების შინაარსი და უთხრა, გაეფრთხილებინა ნ. მ. აღნიშნულთან დაკავშირებით. განცხადება კი ა. ნ-სათვის გადასაცემად გაატანა ნ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს - ჯ. ბ-ს.

5. მოწმე ა. ნ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მან ლ. ა-ის მითითების შესაბამისად, გააფრთხილა ნ. მ-ის შვილი, ა. მ., რომ მამამისს აღარ გაეთიბა მიწის ნაკვეთი, რადგან იგი შეიძინა ა. ა-მა. როდესაც მან ა. მ. გააფრთხილა, თიბვის სეზონი არ იყო დაწყებული.

6. მოწმე ჯ. ბ-ის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ არის ნ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2016 წლის ივლისის ბოლოს, რიცხვი არ ახსოვს, ლ. ა-მა მას გაატანა ა. ა-ის განცხადება, რომ ნ. მ-ეს არ გაეთიბა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. განცხადება იმავე დღეს გადასცა ნ. მ-ეს. ამ დროს ჯერ თიბვის სეზონი დაწყებული არ იყო. სეზონი დაახლოებით 15 დღის შემდეგ დაიწყო.

7. მოწმე ა. მ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, არის ნ. მ-ის შვილი. 2003 წლიდან მისი ოჯახი ყოველწლიურად თიბავდა სოფელ ს-ის ტერიტორიაზე მდებარე 2 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მას შეხვდა სოფელ ს-ის რწმუნებული ა. ნ. და უთხრა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად თიბავდნენ, იყიდა და თავის სახელზე დაარეგისტრირა ა. ა-მა და მიუთითა, აღარ გაეთიბათ. მას ამის თაობაზე მამისათვის თქმა დაავიწყდა. ათი დღის შემდეგ მამამისმა, რომელმაც მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ არაფერი იცოდა, აღნიშნული 2 ჰა მიწის ნაკვეთი გათიბა.

8. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს -ის მომსახურების ცენტრის სპეციალისტის, მოწმე მ. ბ-ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ა-ს საკუთრებაში გადაეცა მანამდე მის მიერ იჯარით აღებული, ნ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე 54900.00 მ 2 სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ნ. მ-ეს, მის სახელზე რაიმე უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ ფიქსირდება.

9. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ნ-ის რაიონის სოფელ ს-ში 54900. 000 კვ. მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ -) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. ა-ის სახელზე.

10. 2016 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, ნ. მ-ის მიერ გათიბული მიწის ნაკვეთის კოორდინატები შეესაბამება ა. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სკ -. კოორდინატებს.

11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები - ა. ვ. და ა. ვ., კერძოდ:

11.1. ა. ვ-ემ განმარტა, რომ 1997 წლიდან 2007 წლის ბოლომდე მუშაობდა ნ-ის რაიონის გამგებლის მოადგილედ და იყო მიწის იჯარით გადაცემის კომისიის წევრი. 2002 წელს გამგეობაში განცხადება შეიტანა ნ. მ-ემ, რომელიც ითხოვდა მიწის ნაკვეთს. გამგებლის დავალებით, 2002 წლის ნოემბერში სოფელ ს-ში, სადაც იყო თავისუფალი მიწა, 2 ჰა აუზომა და მისცა ნ. მ-ეს 10 წლით. 2003 წლიდან ნ. მ-ემ დაიწყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამუშავება და მოჰყავდა კარტოფილი. ვადის ამოწურვის შემდეგაც ნ. მ. სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით, თუმცა რაიმე დოკუმენტი არ გააჩნდა და მასთან იჯარის ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა. რადგან ჩამოსახლებული იყო, არ უფორმებდნენ, თუმცა 2004 წლამდე იჯარის გადასახადსაც იხდიდა, მერე საერთოდ შეწყდა იჯარის გადახდები. ნ. მ-ემ 2016 წელსაც ისარგებლა ამ მიწის ნაკვეთით, გათიბა და თივა წაიღო, რადგან იცოდა, რომ მიწის ნაკვეთი მისი იყო. ნ. მ-მ არ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გაფორმებული ჰქონდა ა. ა-ს.

11.2. ა. ვ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2002 წელს ნ-ის გამგებლის დავალებით ნ. მ-ეს გამოეყო 2 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლითაც იგი სარგებლობდა 13– 14 წლის განმავლობაში. ამ მიწის ნაკვეთზე ნ. მ-ეს იჯარის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმებული არ ჰქონია. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წელსაც ნ. მ-ემ გათიბა და თივა წაიღო. 2002 წელს ხუთმა ოჯახმა ერთიანი იჯარა გააფორმა და ფულიც გადაახდევინეს, მაგრამ საბუთი არ მისცეს. გარკვეული წლები გადასახადებსაც იხდიდნენ.

12. ბრალდებულმა ნ. მ-ემ განმარტა, რომ 2003 წელს ნ-ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რ. ა-მა და მისმა მოადგილემ რ. ნ-ემ ნ-ის რაიონის სოფელ ს-ის ტერიტორიაზე მისცეს 2 ჰა ნაკვეთი კარტოფილის მოსაყვანად. მას შემდეგ, 12 წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთი აღარ მოხნა და როგორც სათიბი, ისე სარგებლობდა. 2016 წლის 8 აგვისტოს მიწის ნაკვეთი გათიბა. როდესაც უკვე გათიბვა დამთავრებული ჰქონდა, მასთან მივიდა შვილი ა. მ. და უთხრა, რომ მას შეხვედრია სოფელ ს-ის სპეციალისტი ა. ნ. და უთქვამს, რომ სათიბი შეუძენია ა. ა-ს და მას აღარ უნდა გაეთიბა. დანაბარების მისთვის თქმა კი ა. მ-ეს დავიწყებია. რაც შეეხება ა. ა-ის განცხადებას, რომლითაც მას აფრთხილებდა, რომ ნაკვეთი არ გაეთიბა, რადგან იყო მისი საკუთრება, შედგენილი იყო სომხურ ენაზე და ვერ გაიგო, რა ეწერა. ამასთან, განცხადება ჯ. ბ-ემ გადასცა ნაკვეთის გათიბვის შემდეგ. ნ. მ-ის განმარტებით, მიწის ნაკვეთი რომ ა. ა-ს ჰქონდა გაფორმებული, გაიგო ნაკვეთის გათიბვის შემდეგ, ხოლო გათიბული ბალახი, 210 ტუკი, სახლში წაიღო, რათა არ გაფუჭებულიყო. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს ნ-ის გამგეობისათვის და ითხოვდა, რომ გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. აქამდე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გაუგებრობა არ ჰქონია.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება.

14. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნ. მ-ემ ნაკვეთის გათიბვის მომენტისთვის არ იცოდა ნაკვეთზე ა-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ იგი თავისად დაგულებული უფლებით სარგებლობდა.

15. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თვითნებობა განზრახი დანაშაულია, რა დროსაც პირი აცნობიერებს, რომ თავის/თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს.

16. ბრალდების მხარის მოსაზრებით, უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება გამოიხატა იმაში, რომ ნ. მ-ემ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე ისარგებლა მიწის ნაკვეთით, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-ის რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთით 2003 წლიდან სარგებლობდა ნ. მ.. მართალია, ოფიციალურად აღნიშნული ფაქტი არ დარეგისტრირებულა (არ ასახულა შესაბამისი მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში), მაგრამ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება არ იყო სადავო.

17. ამდენად, საფუძველს მოკლებულია ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ნ. მ. არ იყო უფლებამოსილი, ესარგებლა სადავო მიწის ნაკვეთით.

18. ამასთან, მას შემდეგ, რაც სადავო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. ა-ის საკუთრების უფლება, ბუნებრივია, ნ. მ-ეს შეეზღუდა მიწით სარგებლობის უფლება, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მან ამის შესახებ შეიტყო ქმედების განხორციელების შემდეგ, მისი ქმედება ვერ შეფასდება თვითნებობად, ვინაიდან მისი განზრახვა ქმედების ჩადენის მომენტისთვის არ მოიცავდა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რის გამოც ნ. მ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ქმედების სუბიექტური შემადგენლობის დაუდასტურებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი.

3. მსჯავრდებული ნ. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გამართლებულ ნ. მ-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე