შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
2კ-634აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№634აპ-17 28 მარტი, 2018 წელი

ყ-ი ი., 634აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განაჩენით ი. ყ., – , ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2016 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, თ-ში, ც. დ-ს ქ. №-თან, ი. ყ. მოძრაობდა თავისი „ჰონდას“ მარკის ავტომობილით, სახ. №, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით ი. ძ-ს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ი. ძ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ი. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით,1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ყ-სათვის პირობითი მსჯავრის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ი. ყ-ისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, ვინაიდან პირობითი სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; მსჯავრდებულის აღიარება მიმართული იყო მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებისაკენ, რეალურად კი მას დაზარალებულისათვის მკურნალობის ხარჯებიც კი არ აუნაზღაურებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ყ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი. ყ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ: თავად ი. ყ-ის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №, სამედიცინო ექსპერტიზის № დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი. ყ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ყ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის – ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. მსჯავრდებულ ი. ყ-სათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ი. ყ-სათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრისათვის და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის შეფარდებული 1 წლით პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, უნდა გაიზარდოს 6 თვით და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ი. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე