დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.04.2018
საქმის ნომერი
2კ-10-I-18
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#330802218002367162

განჩინება

საქართველოს სახელით

10I-18 ქ. თბილისი

ვ-ი ბ., 10I-18 13 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების - ნანიკო ზაზუნაშვილის, თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - ი.ნ-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. ვ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად:

მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით ბ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა) და 176ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ბავშვის მიმართ კვალიფიციური სექსუალური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 16 მაისს გამოიცა ბ. ვ-ს დაკავების ბრძანება. 2017 წლის 13 ივნისიდან ბ. ვ-ი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ბ. ვ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2000 წლის დეკემბრიდან 2004 წლის მაისამდე პერიოდში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ….. ბ. ვ-მ 5 სხვადასხვა შემთხვევაში ჩაიდინა სექსუალური ძალადობა 1993 წლის 10 ნოემბერს დაბადებულ მ. რ.-ზე. დროის მითითებულ პერიოდში ბ. ვ-ი ცხოვრობდა მ.რ.-სა და მის დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში. დროის ამ შუალედში, გამოძიების მიერ ზუსტად დაუდგენელ დროს, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის 14 წელს მიუღწეველი დაზარალებულის უმწეო და მასზე დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით, ბ. ვ-ი არაერთხელ შეეცადა მ. რ.-სთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას სასქესო ორგანოს მ.რ.-ს სასქესო ორგანოში მოთავსების გზით. აგრეთვე, რიგ შემთხვევაში, ბ. ვ-მ ჩაიდინა მ.რ.-ს სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა თავისი სასქესო ორგანოს მ.რ.-ს პირის ღრუში მოთავსების გზით. გარდა აღნიშნულისა, ბ. ვ-ი დროის სხვადასხვა პერიოდში ეხებოდა მ.რ.-ს სასქესო ორგანოსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. ამასთან, ერთ ცალკეულ შემთხვევაში მან მ.რ.-ს აყურებინა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მ.რ.-ი, მცირე ასაკის გამო (დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის 6-11 წელი), ვერ აღიქვამდა ბ. ვ-ს უკანონო ქმედებების მიზანსა და ხასიათს.

3. 2017 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ.ვ-ი.

4. 2017 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ბ. ვ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

5. 2017 წლის 16 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

6. 2017 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ბ. ვ-ს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტების ასლები, ხოლო 2017 წლის 12 სექტემბერს - მათი დედნები.

7. 2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ბ. ვ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელთა ასლები მიიღო 2017 წლის 28 ნოემბერს, ხოლო დედნები - იმავე წლის 25 დეკემბერს.

8. 2017 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ვ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 4 თებერვლამდე.

9. 2017 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ვ-სა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა ბ. ვ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის - გირაოთი შეცვლის თაობაზე.

10. 2018 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ვ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 4 მაისამდე.

11. 2018 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ბ. ვ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა) და 176ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ბავშვის მიმართ კვალიფიციური სექსუალური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ვ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა) და 176ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ბავშვის მიმართ კვალიფიციური სექსუალური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები (ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ბ. ვ-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და ითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე) და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ვ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 4 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ბ. ვ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბ. ვ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე დაზარალებულის ოჯახის ახლობლების მხრიდან, რომლებიც მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), # 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), # 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016, „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008).

6. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ბ. ვ-ს მიმართ მესამე პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც, თავის მხრივ, ვერ მოიძია პროკურატურამ. ამდენად, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზოგადი განცხადება მისი უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ, როდესაც ეს არ არის გამყარებული მასთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

7. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენი ბ. ვ-ს მიმართ არ ემყარება პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობას და, ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი მყარი მტკიცებულება, გარდა მცირეწლოვანი დაზარალებულის არათანმიმდევრული ჩვენებისა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ბ.ვ-ს ბრალეულობის საკითხს და სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

8. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ბ. ვ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან იგი ცხოვრობს საქართველოში, ჰყავს მეუღლე და მისი ექსტრადიციის შემთხვევაში ვეღარ შეძლებს მასთან ურთიერთობას სასჯელის მოხდის პერიოდში, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირის ექსტრადიციის კანონიერ მიზანს. ამასთანავე, ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევა ვლინდება მაშინ, როდესაც პირს ჰყავს პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის ოჯახური ურთიერთობები აკავშირებს და ექსტრადიციის შედეგად მოხდებოდა მათთან დაშორება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლების შეზღუდვის ხარისხს („კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom) # 9742/07, 26.01.2010).

10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოში ცხოვრობს ბ. ვ-ს მეუღლე, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე, ვისთან ერთადაც საქართველოში ცხოვრობდა 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოში ჩამოსვლამდე მისი მეუღლე ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც არის მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი პერიოდულად მიემგზავრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ცხოვრობდა ბ. ვ-თან ერთად. გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცხოვრობენ ბ. ვ-ს მშობლები და და. შესაბამისად, დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირს არ აქვს მჭიდრო ოჯახური კავშირები საქართველოში. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი ძალადობის დანაშაულებისათვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

11. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბ. ვ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია არ არის შეუსაბამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან.

12. კასატორის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ირღვევა ბ. ვ-ს მიმართ საერთაშორისო დაცვისა და თავშესაფრის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მას მიმართული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის თავშესაფრის მოთხოვნით, რომელსაც გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ მიუღია, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბ. ვ-ს უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მითითებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თუ არა სასამართლოში დაცვის მხარემ, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. ამასთანავე, პალატა აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და ბ. ვ-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ნორმების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.

13. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი მძიმედ არის დაავადებული, რის გამოც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ვინაიდან დაცვის მხარეს არც მოცემულ შემთხვევაში წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საჩივარში მითითებული დაავადებების მკურნალობა შეუძლებელია პენიტენციურ დაწესებულებაში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა) და 176ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ბავშვის მიმართ კვალიფიციური სექსუალური ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინცის სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი