საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
2კ-605აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №605აპ-17 ქ. თბილისი

შ-ი კ., 605აპ-17 2 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მირიან მეგრელიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. შ-ს ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვასა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 17:15 საათზე, ქ.თბილისში, ….., მე-…..მიკრორაიონის მე-….. კვარტლის №….. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ კ. შ-ს თან ჰქონდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ - 0.01287 გრამის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით კ. შ-ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 20 აგვისტოს, ქ.თბილისში, ….., მე-….. მიკრორაიონის მე-….. კვარტლის №….. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი კ. შ-ი ავტომანქანაში უკანონოდ ინახავდა პირადი მოხმარებისთვის შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“ - 2,53 გრამის ოდენობით. იმავე დღეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კ. შ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის განაჩენით კ. შ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 273-ე მუხლით (2014 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

კ. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

კ. შ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ მოწმეების (პოლიციელების) ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები, კერძოდ: შეტყობინების მიმღები და პატაკის ავტორი ვ. გ-ი განმარტავს, რომ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია მიიღო 2014 წლის 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, 3 საათის შემდეგ. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით დაახლოებით დღის იმავე მონაკვეთს ასახელებენ გ. ჯ-ი, ი. გ-ი და პ. ბ-ი, თუმცა ადგილზე მისვლის დროდ უთითებენ დაახლოებით 17 საათს. პირადი და ა/მანქანის ჩხრეკის უშუალო მონაწილე ვ. გ-ი კატეგორიულად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ 20 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში, ანუ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაფიქსირებული შეტყობინება. ასევე, განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან მოწმეები (პოლიციელები) პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფხვნილისა და ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასის შეფუთვასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის, სად და ვისი მონაწილეობით დაილუქა კ. შ-ს კუთვნილი ა/მანქანა, კერძოდ, მოწმეების - პ. ბ-ს, ი. გ-სა და ვ. გ-ს ჩვენებების თანახმად, კ. შ-ს ა/მანქანა ,,მერსედეს-ბენცი“ სახ.#....., ჩხრეკის დასრულების შემდეგ პ. ბ-მ გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, რაც დაფიქსირებულია შესაბამის ჩხრეკის ოქმში, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, მოხდა თუ არა ან როდის მოხდა ხსენებული ა/მანქანის დალუქვა. მოგვიანებით, 2014 წლის 18 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ხსენებული ა/მანქანა დალუქულია, კერძოდ, „ა/მანქანის ოთხივე კარზე, საბარგულსა და ძრავის საფარზე დაკრულია ლუქის ბეჭდები №….., რომელზეც არის ხელმოწერა.“ ამასთან, არც ა/მანქანის ჩხრეკის ოქმში, არც დათვალიერების ოქმსა და არც ა/მანქანაზე არსებულ ლუქებზე არაა დაფიქსირებული დალუქვის თარიღი, სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი კი კ. შ-ს ა/მანქანის დალუქვასთან დაკავშირებით სს საქმეში არ მოიპოვება. ა/მანქანის დალუქვის თაობაზე არაფერი განუმარტავთ კ. შ-სა და პ. ბ-ს მაშინ, როდესაც ვ. გ-მ განმარტა, რომ ა/მანქანის დალუქვას ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სამივე პირი (ვ. გ-ი, პ. ბ-ი და ი. გ-ი), ასევე - კ. შ-ც. მას დალუქვასთან დაკავშირებული დოკუმენტის შედგენის ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ ლუქზე მოაწერეს ხელი. აღნიშნული განმარტებაც ეწინააღმდეგება როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ლუქზე ფიქსირდება „ხელმოწერა“ და არა ხელმოწერები, ამასთან, თუკი კ. შ-ც ესწრებოდა მისი კუთვნილი ა/მანქანის დალუქვას და არ მოაწერა ხელი, უნდა გაკეთებულიყო შენიშვნა ხელის მოწერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ კ. შ-ს ა/მანქანის ჩხრეკის ოქმი არ არის შედგენილი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან მასში უნდა ასახულიყო და დალუქულიყო ჩხრეკის შედეგად ნანახი და ამოღებული ყველა ობიექტი, განურჩევლად იმისა, ნივთი კანონსაწინააღმდეგო იყო თუ არა და მიუხედავად ოქმის შემდგენი პირის მოსაზრებისა, კერძოდ: ა/მანქანის ჩხრეკის ოქმში ასახვა ვერ ჰპოვა კ. შ-ს კუთვნილმა პირადმა ნივთებმა - მობილურმა ტელეფონმა, საფულემ, პლასტიკურმა ბარათებმა, ფულმა, გასაღებმა და ა.შ. მათ შორის - ფულადმა თანხამ - დაახლოებით 50 ლარისა და 50 აშშ დოლარის ოდენობით (დათვალიერების ოქმის შესაბამისად) და 1400 აშშ დოლარმა (კ. შ-ს მიერ დათვალიერების ოქმსა და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად). საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პ. ბ-მ და ვ. გ-მ დაადასტურეს, რომ კ. შ-ს პირადი ნივთებისა და ფულადი თანხის აღწერა ა/მანქანის ჩხრეკის ოქმში არ მოხდა ი. გ-ს მითითების შესაბამისად (ვინაიდან არ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, ამასთან, ფულადი თანხა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან მიმართებით შეუსაბამო იყო), თავად ი. გ-მ კი მოსამართლის შეკითხვაზე, რა მიზეზით არ აისახა დათვალიერების ოქმში მითითებული ნივთები ა/მანქანის ჩხრეკის ოქმში, განმარტა, რომ „საქმისათვის განსაკუთრებული არაფერი იყო და არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ოქმში დამეფიქსირებინა“.

ასევე ეჭვს ბადებს კ. შ-ს დაკავების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელების გარდა სხვა პირთა ყოფნა-არყოფნის საკითხი, კერძოდ: მოწმეებმა - პ. ბ-მ, ვ. გ-მ და ი. გ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს ბრალდებულის დაკავების ადგილზე მათი ხელმძღვანელის - გ.მ-ს მისვლის ფაქტი, თუმცა ხსენებული პირებიდან მხოლოდ ვ. გ-მ განაცხადა, რომ გ. მ-თან ერთად მივიდა კ. შ-ს მეგობარი გოგონაც, დანარჩენმა ორმა პოლიციელმა კი კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი. მოწმეთა ჩვენებების სანდოობის კუთხით აღსანიშნავია ხსენებულ პირთა მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები, რა დროსაც შეკითხვაზე - „პირადი ჩხრეკის, ა/მანქანის ჩხრეკის ჩატარებისა და შემდგომ დაკავების დროს, მითითებულ ადგილზე მათ (ი. გ-ს, ვ. გ-ს, პ. ბ-ს) და კ. შ-ს გარდა იმყოფებოდა თუ არა ვინმე სხვა მოქალაქე ან პოლიციის თანამშრომელი?“ - ი. გ-ი, პ. ბ-ი და ვ. გ-ი პასუხობენ იდენტურად - ,,ხსენებულ ადგილზე, სადაც ჩატარდა ჩხრეკები და შემდგომ დაკავება, მითითებულ პერიოდში ჩვენ გარდა სხვა არავინ ყოფილა“.

სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ ობიექტურობის თვალსაზრისით შეკითხვებს წარმოშობს ის გარემოება, რომ კ. შ-ს პირად და ა/მანქანის ჩხრეკაში, აგრეთვე მის დაკავებაში მონაწილე და შესაბამისი ოქმების შემდგენელმა ი. გ-მ დაკითხა ამავე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები - პ. ბ-ი და ვ. გ-ი, მაშინ, როდესაც ი. გ-ი ერთდროულად არის პოტენციური მოწმე, ანუ პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი (სსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილი) და სს საქმის მწარმოებელი გამომძიებელიც, რომელიც წარმოადგენს ბრალდების მხარეს (სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილი).

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდების პირდაპირი მოწმეების - პოლიციელების ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საეჭვოს ხდის მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სანდოობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება, საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ, მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება ასევე არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ნარკოლოგიური გამოკვლევის №….. დასკვნის თანახმად, კ. შ-ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიულად დაუდგინდა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი, რასაც არ უარყოფს თავად კ. შ-ც, თუმცა განმარტა, რომ მარიხუანა მოიხმარა არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ ყოფნისას, საიდანაც დაბრუნდა გამოკვლევამდე რამდენიმე დღით ადრე. საზღვრის კვეთის თაობაზე მიღებული ინფორმაცია ადასტურებს კ. შ-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით საქართველოდან 2014 წლის 26 ივლისს, 15:56 საათზე გასვლისა და საქართველოში 2014 წლის 3 აგვისტოს შემოსვლის ფაქტს. პრაქტიკაში ცნობილია, რომ ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების კვალი ორგანიზმში შესაძლოს, დარჩეს დაახლოებით 40 დღის განმავლობაში, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის (მოხმარების ხანდაზმულობა, ხანგრძლივობა, პერიოდულობა, პიროვნების ინდივიდუალური თვისებები, ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები) გათვალისწინებით, ეს ვადა არ არის კატეგორიულად განსაზღვრული და მაქსიმალური. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე წარმოადგენს თუ არა დასჯად ქმედებას იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც საქართველოში დაბრუნებამდე იმყოფებოდა კ. შ-ი.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას კ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კ. შ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მირიან მეგრელიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი