საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
2კ-625აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №625აპ-17 ქ. თბილისი

კ-ე გ., 625აპ-17 11 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 6 ივნისიდან.

გაუქმდა გ.კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2. აღნიშნული განაჩენით გ. კ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. კ-ს დაარსებული ჰქონდა კომპანია, შპს “…..”. იგი ერთიანი განზრახვით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მიღების მიზნით, 2014 წლის აპრილიდან - 2015 წლის მაისის პერიოდში ქ. თბილისში ახერხებდა, მოეპოვებინა საქართველოს მოქალაქეების ნდობა და მათ სთავაზობდა კანადაში დასაქმებას. იგი ეუბნებოდა, რომ მათ დაუმზადებდა კანადის სამუშაო ვიზას. აღნიშნულის სანაცვლოდ იგი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით ფულად თანხას - დაახლოებით - 332 151 ლარს და ნაცვლად კანადისა, გ. კ-მ მოქალაქეების ნაწილი გააგზავნა პანამის რესპუბლიკაში იმ დაპირებით, რომ იქიდან შეძლებდა კანადაში მათ გადაყვანას, რაც ასევე აღმოჩნდა ტყუილი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა ნ. ა-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა თანხა სანაცვლოდ იმისა, რომ გაამგზავრებდა კანადაში. გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით გაამგზავრებდა კანადაში, მაგრამ პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ მან კვლავ მოატყუა ნ. ა-ი და აღნიშნული ქმედებით მას მიადგა დიდი ოდენობით – 10 800 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა მოქალაქეების – მ. ფ-სა და ა. ლ-ს ნდობა, დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მათ გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში, პანამის რესპუბლიკის გავლით. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით გაემგზავრებინა კანადაში, ისინი დატოვა პანამის რესპუბლიკაში, სადაც ასევე ატყუებდა, რომ გადაიყვანდა კანადაში. აღნიშნულის შედეგად მ. ფ-სა და ა. ლ-ს მიადგათ 5 100 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა მოქალაქეების – რ. ს-სა და ი. ს-ს ნდობა, დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მათ გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში, პანამის რესპუბლიკის გავლით. მან თაღლითურად გამოსტყუა თანხა და ნაცვლად იმისა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით გაემგზავრებინა კანადაში, ისინი დატოვა პანამის რესპუბლიკაში, სადაც ასევე ატყუებდა, რომ გადაიყვანდა კანადაში. აღნიშნულის შედეგად რ. ს-ს მიადგა 4 500 ლარის, ხოლო ი. ს-ს – 7 900 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის აპრილიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა ხ. ვ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ხ. ვ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 14 000 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის დეკემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა კ. ლ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა ნაცვლად იმისა, რომ გაემგზავრებინა კანადაში. გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით უნდა გაემგზავრებინა კანადაში, მაგრამ პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდგომ მან კვლავ მოატყუა კ. ლ-ე და აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 8 160 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის აპრილიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა მოქალაქეების - უ. მ-ს, მ. წ-სა და დ. ხ-ს ნდობა, დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მათ გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ გაემგზავრებინა კანადაში, გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით უნდა გამგზავრებულიყვნენ კანადაში, მაგრამ კვლავ მოატყუა ისინი და აღნიშნული ქმედების შედეგად უ. მ-ს მიადგა 11 600 ლარის, მ. წ-ს – 5 200 ლარის, ხოლო დ. ხ-ს – 5200 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის იანვარ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ვ. გ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და დაარწმუნა, რომ ყველა საბუთი ჰქონდა წესრიგში, შემდგომ გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ნათელი გახდა, რომ არანაირი კანადის ვიზა ვ. გ-ზე არ არსებობდა და მას თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა, რითაც მას მიადგა 9 500 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ-აპრილის პერიოდში მოიპოვა მოქალაქეების – ზ. ს-სა და თ. ს-ს ნდობა, დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მათ გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და დაარწმუნა, რომ ყველა საბუთი ჰქონდა წესრიგში, შემდგომ გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ნათელი გახდა, რომ არანაირი კანადის ვიზა არ არსებობდა და მათ თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა, რითაც მათ მიადგა დიდი ოდენობით – 23 000 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა მ. ჩ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით მ. ჩ-ს მიადგა 5 900 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის დეკემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა დ. ა-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით დ. ა-ს მიადგა 7 400 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ნ.წ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და დაარწმუნა, რომ ყველა საბუთი ჰქონდა წესრიგში, შემდგომ გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ნათელი გახდა, რომ არანაირი კანადის ვიზა არ არსებობდა და მას თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა, რითაც მას მიადგა დიდი ოდენობით – 10 560 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა ა. მ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ა. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 15 400 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - მაისის პერიოდში მოიპოვა თ. ჩ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით თ. ჩ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 10 300 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის იანვარ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ი. ჩ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ი. ჩ-ს მიადგა 6 250 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის მაისის პერიოდში მოიპოვა მ. მ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ გაემგზავრებინა კანადაში, გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით უნდა გაემგზავრებინა კანადაში, მაგრამ პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ მან კვლავ მოატყუა მ.მ-ი და აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 5 985 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის მაისის პერიოდში მოიპოვა შ. მ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ გაემგზავრებინა კანადაში, გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით უნდა გაემგზავრებინა კანადაში, მაგრამ პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ მან კვლავ მოატყუა შ. მ-ე და აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 6 700 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ოქტომბრიდან - 2015 წლის იანვრის პერიოდში მოიპოვა ლ. შ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში, პანამის რესპუბლიკის გავლით. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით გაემგზავრებინა კანადაში, იგი დატოვა პანამის რესპუბლიკაში, სადაც ასევე ატყუებდა, რომ გადაიყვანდა კანადაში, აღნიშნულის შედეგად ლ. შ-ს მიადგა 2 275 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ბ. მ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ბ. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 10 434 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ი. ჩ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ი. ჩ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 12 187 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა კ. კ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით კ. კ-ს მიადგა 7 535 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის აპრილის პერიოდში მოიპოვა ნ. ბ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ გაემგზავრებინა კანადაში, გ. კ-მ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნისას განუმარტა, რომ პანამის რესპუბლიკის გავლით გაამგზავრებდა კანადაში, მაგრამ პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდგომ მან კვლავ მოატყუა ნ. ბ-ე და აღნიშნული ქმედებით მას მიადგა 9 900 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის იანვარ - თებერვლის პერიოდში მოიპოვა ზ. ა-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ პანამის რესპუბლიკაში დასაქმებას. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა. პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდგომ მას კვლავ ატყუებდა და ჰპირდებოდა დასაქმებას. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-ს მიადგა 9 800 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის იანვარ - მაისის პერიოდში მოიპოვა ი. ტ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ი. ტ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 13 500 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა მოქალაქეების – მ. ტ-სა და ბ. ბ-ს ნდობა, დაარწმუნა ისინი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მათ გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მათგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით მ. ტ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 38 880 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო ბ. ბ-ს - 985 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა ი. ბ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით ი. ბ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 11 655 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა დ. ქ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით დ. ქ-ს მიადგა 9 990 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტი - აპრილის პერიოდში მოიპოვა მ. კ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით მ. კ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 10 905 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა თ. ს-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით თ. ს-ს მიადგა 4 435 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2014 წლის დეკემბრიდან - 2015 წლის მარტის პერიოდში მოიპოვა თ. ჭ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ დაასაქმებდა პანამის რესპუბლიკაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და პანამის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ კვლავ არწმუნებდა, რომ დაასაქმებდა. აღნიშნულის შედეგად თ.ჭ-ს მიადგა 6 000 ლარის მატერიალური ზიანი. გ. კ-მ 2015 წლის მარტ - აპრილის პერიოდში მოიპოვა მ. ბ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ შეძლებდა ფულის სანაცვლოდ კანადის სამუშაო ვიზის დამზადებას, მის გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში. მან თაღლითურად გამოსტყუა ფულადი თანხა და შემდგომში ცდილობდა მისგან თავის არიდებას. აღნიშნული ქმედებით მ. ბ-ს მიადგა დიდი ოდენობით – 10 215 ლარის მატერიალური ზიანი.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ-მ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების - ა. ლ-ს, ი. ს-ს, ნ. ა-ს, კ. ლ-ს, ვ. გ-ს, უ. მ-ს, ხ. ვ-ს, დ. ა-ს, მ. ჩ-ს, ზ. ს-ს, თ.ს-ს, ნ. წ-ს, ა. მ-ს, მ. კ-ს, კ. კ-ს, თ. ს-ს, თ. ჩ-ს, ზ. ა-ს, მ. ბ-ს, ი. ტ-ს, ი. ჩ-ს, ი. ბ-ს, დ. ქ-ს, ი. ჩ-ს, ბ. ბ-ს, მ. ტ-ს, მ. მ-ს, შ. მ-ს, ლ. შ-ს, ბ. მ-ს, თ. ჭ-ს ჩვენებები, მოწმეების - ი. ს-ს, თ. ლ-ს, მ. მ-ს, თ. თ-ს, ი. ქ-ს, ი. ჯ-ს ჩვენებები, დადგენილებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ა. მ-სა და ნ. ყ-ს პასპორტების დათვალიერების ოქმი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდის დათვალიერების ოქმი და ამობეჭდილი დოკუმენტები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, გ. კ-ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე ცნობა, მომართვები საჯარო რეესტრიდან დანართით, მომართვები შსს მომსახურების სააგენტოდან დანართით, მომართვის წერილი შპს ,,…..“ დანართით, მომართვის წერილები ანალიტიკური დეპარტამენტიდან დანართით, მომართვის წერილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან თანდართული დოკუმენტაციით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან, მომართვის წერილი ,,…..“ ბანკიდან დანართით, მომართვის წერილი სს ,,…..“ ბანკიდან, მომართვის წერილი სს ,,…..ბანკიდან“ დანართით, მომართვის წერილი საქართველოს საგარეო სამინისტროდან დანართით, განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით, ხელწერილები, დადგენილება პიროვნების დაზუსტების შესახებ, მოსამართლის განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, დადგენილება ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და მასალების გასაიდუმლოების შესახებ, დადგენილებები დაზარალებულად ცნობის შესახებ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხელშეკრულებები, ქვითრები თანხის ჩარიცხვების თაობაზე და სხვა მასალები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატა საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს დაზარალებულებისგან თანხების აღების ნაწილში, ის არ ეთანხმება ქმედების სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ ჩადენილია არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ – სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულს არავის მოტყუების განზრახვა არ ჰქონია და ის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყველას ჰპირდებოდა თანხის დაბრუნებას.

დაცვის მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული გ. კ-ე არის უდანაშაულო და მას არავის მოტყუების განზრახვა არ ჰქონია, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ: სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა - მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, რომლის გარეშეც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. მოტყუებაში კი იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ანდა ხდება გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვა, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრეს ადგება ზიანი.

მოცემულ შეთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა მოიპოვა დაზარალებულების ნდობა და დაარწმუნა ისინი, რომ მას, როგორც კანადის მოქალაქეს, ჰქონდა კავშირები საზღვარგარეთ და შეეძლო მათი კანადაში დასაქმება. იგი მათ ჰპირდებოდა დასაქმებას სხვადასხვა ადგილას, თუმცა რეალურად მათი დასაქმება არ შეეძლო, რაც დაზარალებულთა ჩვენებებით დასტურდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში - 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის მაისის პერიოდში. ბუნებრივია, თუ გ. კ-ს მხოლოდ ამ ადამიანების დახმარების სურვილი ამოძრავებდა, როგორც თავად განმარტავს და სურდა მათი დასაქმება, როდესაც ნახა, რომ მათ დასაქმებას ვერ ახერხებდა, სხვა პირებს აღარ გამოართმევდა თანხებს დასაქმების მოტივით. ამასთან, დაზარალებულთა ჩვენებებით დასტურდება, რომ იგი მათ არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას, მაგალითად, დაზარალებულთა ნაწილმა მხოლოდ თურქეთში ჩასვლის შემდეგ შეიტყო, რომ კანადაში გასამგზავრებლად ისინი ჯერ პანამაში უნდა ჩასულიყვნენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თავისი მოქალაქეობის შესახებ, მათ უთხრა, რომ იყო კანადის მოქალაქე, თუმცა იყო მექსიკის მოქალაქე; ზოგს არწმუნებდა, რომ კანადაში გასამგზავრებლად საბუთები უკვე გამზადებული იყო, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა; დაზარალებულთა ნაწილი თურქეთიდანვე ბრუნდებოდა უკან, ნაწილს კი პანამაში გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება; ზოგ დაზარალებულს ჰპირდებოდა თავის თევზის გადასამუშავებელ ქარხანაში დასაქმებას, ზოგს კი – თავის ნაყინის წარმოების საამქროში. ამასთან, დაცვის მხარეს მსჯავრდებულის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული გ. კ-ე მოქმედებდა მოტყუების განზრახვით, დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, დასტურდება ასევე გ. კ-ს თანამშრომელთა ჩვენებებით, რომელთაც განმარტეს, რომ გ. კ-ს ერთი ადამიანიც კი არ გაუგზავნია და დაუსაქმებია კანადაში, მის სანაყინე ქარხანაში, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული მ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი გ. კ-სთან მუშაობდა, იყო დაცვის თანამშრომელი. თავდაპირველად გ. კ-ს საქმიანობის სფერო იყო ხორცი და ყავა, შემდეგ, როგორც გაირკვა, მისი საქმიანობა კანადის ვიზებთან იყო დაკავშირებული. მიდიოდა სტამბულში, იქ შედიოდა კანადის საკონსულოში და შემდეგ აკეთებდა ვიზებს. პირადად არ იცნობს არავის, რომ კანადაში გამგზავრებულიყო გ. კ-ს დახმარებით. გ. კ-სთან ერთად თურქეთში 4-ჯერ არის ნამყოფი. ჯ-ს (გ. კ-ს) მიჰქონდა პასპორტები და შეჰქონდა საკონსულოში. მათთან ერთად იყო ნ. გ-ა, მეოთხე შემთხვევაში ახლდა თანამშრომელი თ. . გ. კ-ს აპრილის თვის ხელფასი გადასახდელი აქვს, თუმცა მას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.

პალატამ შეაფასა დაზარალებულთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ მათი სისწორის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ისინი თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ასევე – სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებთან, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არადამაჯერებელია, პალატამ არ გაიზიარა.

დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა და არა – სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული, აპელირებდა იმ გარემოებაზეც, რომ გ. კ-ე მასთან მისულ მოქალაქეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რომლის საგანს წარმოადგენდა პირის დასაქმება. აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და განმარტა, რომ მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ხელშეკრულებაც, რომელიც, დაზარალებულის წარმოდგენით, კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობა დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. კ-მ მას შემდეგ, რაც მოიპოვა დაზარალებულთა ნდობა, თანხის ნაწილი ჩაარიცხვინა თავის ანგარიშზე, ნაწილი კი აიღო ხელზე, მოატყუა ისინი და კანადაში დასაქმების ნაცვლად, ზოგი თურქეთიდანვე დაბრუნდა საქართველოში, ზოგს კი პანამაში გაუსაძლის პირობებში მოუხდა ცხოვრება და მათ მხოლოდ ახლობლების დახმარებით მოახერხეს საქართველოში დაბრუნება.

მსჯავრდებულის დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ზუსტად არ არის დადგენილი ზიანის ოდენობა, რადგან გ. კ-ე დაზარალებულს უხდიდა სასტუმროსა და კვების თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაითვალისწინა, რომ ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს გ. კ-ს ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან გ. კ-ე დაზარალებულებს თანხებს ახდევინებდა დასაქმების პირობით, ამასთან, დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მითითებული თანხების დაზუსტების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, არ წარუდგენია.

ამრიგად, პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულ გ. კ-ს მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა გ. კ-ს ქმედებები და გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი