საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
2კ-700აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №700აპ-17 ქ. თბილისი

კ-ი ა., 700აპ-17 17 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის განაჩენით ა. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 თებერვლიდან.

განაჩენით ა. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 6 აგვისტოს ა. კ-მ - ….. რაიონის სოფელ ….. მიმდებარე საზაფხულო საძოვრებზე თ. ნ-თან შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა მისი მოკვლა და მის სარგებლობაში არსებული სანადირო თოფიდან ესროლა თ. ნ-ს, რითაც მას მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ თ. ნ-ს, მოწმეების - ა. ბ-ს, ვ. გ-ს, ს. კ-ს, ჰ. მ-ს, ლ. თ-ს, ჰ. ვ-ს, დ. მ-ს, თ. ჯ-ს, რ. ტ-ს, დ. ტ-ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს პასუხიმგებლობას განზრახი მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის. ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშნელოვანია, ყველა გარემოება დადგინდეს ერთობლივად, როგორიცაა: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია. იგი მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში იკვეთება მკვლელობის მცდელობა. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად კი დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახ ქმედება, რომელიც თუმცა მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, მცდელობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც შედეგი არ დადგა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რაც შეეხება სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, აღნიშნული მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას, რომელიც შეიძლება ჩადენილ იქნეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ა. კ-მ, მასა და დაზარალებულ თ. ნ-ს შორის საძოვრების თაობაზე მომხდარი შელაპარაკების გამო, სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა ამ უკანასკნელს, თან სიტყვიერადაც ემუქრებოდა. დაზარალებულმა თ. ნ-მ სცადა ცხენს მოჰფარებოდა, მაგრამ ა. კ-მ მეორედაც ესროლა და ტყვია მას მოხვდა მარცხენა ხელში, რის გამოც უგონოდ დაეცა, ხოლო ა. კ-მ სიტყვებით ,,შენ ეგ გინდოდა ჩემგანო’’ შემთხვევის ადგილი დატოვა. ბუნებრივია, ასეთი პირობების არსებობისას სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ს მხოლოდ თ. ნ-ს შეშინება სურდა და ჰაერში ისროლა, ამ უკანასკნელს კი ტყვია მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ,,ცერზე შეტრიალდა’’.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება დაზარალებულ თ. ნ-სა და მოწმეების - ა. ბ-ს, ვ. გ-ს ჩვენებებით. მოწმეთა ჩვენებების გარდა, სააპელაციო პალატამ ასევე მხედველობაში მიიღო, რომ თოფი იყო ორლულიანი და ა. კ-მ ორჯერ ისროლა. სხვა ვაზნა ამოღებული არც ყოფილა. ამასთან, ა. კ-ი თავად აღნიშნავს, რომ თოფი წაიღო, რადგან იცოდა, რომ თ. ნ-ს ვერ მოერეოდა. მისი მეუღლის - ს. კ-ს ჩვენებით კი დასტურდება, რომ მან სთხოვა მეუღლეს, არ წასულიყო, თუმცა მან არ დაუჯერა, თოფი აიღო და თ. ნ-ს მიმარულებით წავიდა, თავადაც გაჰყვა მეუღლეს, რათა ჩხუბი არ მომხდარიყო. მასთან ერთად მიდიოდა მეზობელი ჰ. მ-ა და მისი თერთმეტი წლის შვილი. მას სურდა თოფის წართმევა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 13 აგვისტოს დასკვნის თანახმად, აკად. ო. ღ-ს სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N…..-ის მიხედვით, თ. ნ-ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ძვლის დიაფიზალური ცეცხლსასროლი ფრაგმენტული მოტეხილობა (ღია), მარცხენა გულმკერდის ცეცხლნასროლი არაშემავალი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ. მ-მ, რომელმაც განმარტა, რომ თ. ნ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა მხრის ქვემო მესამედში, სადაც იყო უსწორ-მასწორო შემავალი ჭრილობა, რომელიც გამოდიოდა მხრის ძვლის შიგნითა ზედაპირზე ძალიან დიდი ქსოვილოვანი დეფექტით, კანის დეფექტით; აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ძვლის, მოტეხილი ძვლების კერეპიტაცია, ასევე - ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა გულმკერდის შუა აქსილარულ ხაზზე მეხუთე-მეექვსე ნეკნებს შორის, ჭრილობა არ იყო შემავალი გულმკერდის ღრუში. დაზიანებები მიყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას, ვინაიდან მოტეხილი იყო ლულოვანი ძვლის დიაფიზის ნაწილი. რაც შეეხება გულმკერდის არეში მიყენებულ ჭრილობას, რომელიც იყო ნაფლეთოვანი, წარმოადგენდა ცეცხლნასროლ ჭრილობას და იყო მსუბუქი ხარისხის ჯანმრთელობის მოშლით. ამრიგად, აპელანტთა განმარტება იმის შესახებ, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა და თ. ნ-ს დაზიანებები ა. კ-ს გაუფრთხილებლობით მიადგა, ეწინააღმდეგება როგორც მოწმეთა ჩვენებს, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. პ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ა. კ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა; არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. კ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №399აპ-14). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ს ქმედებაში დაასაბუთა როგორც საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, ისე მისი ქმედების - საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაკვალიფიცირების უმართებულობა.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2]

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.