დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
2კ-22-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003012584

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№22I-19 ქ. თბილისი

ბ. მ. 22I-19 7 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კ. თ-ს

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - მ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. მ-ს (B. M. ) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. მ-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1 2018 წლის 7 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ბართინის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ბ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება), თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ქმედებით ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი მოტყუებით, ძალადობით ან მუქარით, იარაღის გამოყენებით, სექსუალური მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით ბ. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თურქეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

1.3 თურქეთის რესპუბლიკის ბართინის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ 2018 წლის 7 მარტს გამოსცა ბ. მ-ს დაკავების ბრძანება.

2. ბ. მ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1 საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის 14 მაისს მიიღო ბ. მ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2.2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. მ.

2.3 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბერს განჩინებით ბ. მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4 საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის 13 სექტემბერსა და 2019 წლის 23 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ბ. მ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 29 ნოემბერსა და 2019 წლის 10 მაისს.

2.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ბ. მ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 11 მარტამდე.

2.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით ბ. მ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 11 ივნისამდე.

2.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით ბ. მ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, ხოლო გირაოს თანხად განისაზღვრა - 20000 ლარი.

2.8 თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ბ. მ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 12 ოქტომბერს დაზარალებული ბ. ბ. იმყოფებოდა კაფე „ი. თ-ში“, რა დროსაც ბრალდებულმა ბ. მ-მ კაფეს თანამშრომლის მეშვეობით ბ. ბ-ს სთხოვა, კაფეს გარეთ გასულიყო. გარეთ გამოსულ ბ. ბ-ს ბ. მ. გაეცნო და შესთავაზა გაჰყოლოდა მას, რაზეც დაზარალებულმა უარი განუცხადა, ვინაიდან არ იცნობდა. აღნიშნულის შემდეგ, ბ. მ-მ მუქარის გამოყენებით დაზარალებულს მანქანაში ჩაჯდომა აიძულა. ბ. მ-მ მანქანის სალონის სათავსიდან ამოიღო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და საბრძოლო მასალით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ბ. მ-მ დაზარალებულს განუცხადა, რომ მანქანიდან ვერ ჩავიდოდა და იარაღის გამოყენების მუქარით თავისუფლება აღუკვეთა. ბ. მ. ბ. ბ-სთან ერთად მანქანით გაემართა მ-ს მიმართულებით, გზაში დაზარალებულს აკოცა და ხელით ეხებოდა სხვადასხვა ინტიმურ ადგილას, რაზეც ბ. ბ. უწევდა წინააღმდეგობას. მ-ში ბ. მ-მ ავტომობილი უკაცრიელ ადგილას გააჩერა და დაზარალებულს განუცხადა, რომ მასთან ორალური გზით სქესობრივი კავშირი უნდა დაემყარებინა. ვინაიდან დაზარალებულმა აღნიშნულზე უარი განაცხადა, ბ. მ. ძალის გამოყენებით შეეცადა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას, რაც დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. შემდეგ ბ. მ. მძღოლის სავარძლიდან დაზარალებულის სავარძლისკენ გადავიდა და ძალადობის გამოყენებით შეეცადა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ბ. ბ-ს წინააღმდეგობის გამო ასევე ვერ შეძლო. ამის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებული მიიყვანა ჰ-ში, სადაც დაზარალებულმა ტელეფონით ახლობელს შეატყობინა თავისი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. მითითებულ ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ბ. მ. დააკავეს.

3. 2019 წლის 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ბ. მ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ბართინის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ქმედებით ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი მოტყუებით, ძალადობით ან მუქარით, იარაღის გამოყენებით, სექსუალური მიზნით).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

4.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. მ-ს (B. M.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ბართინის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ქმედებით ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი მოტყუებით, ძალადობით ან მუქარით, იარაღის გამოყენებით, სექსუალური მიზნით).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. მ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 11 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

4. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკაში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ მოპყრობისა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005). განსახილველ შემთხვევაში საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ბ. მ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს.

5. გარდა აღნიშნულისა, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომლის თანახმადაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. მ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

6. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას ხელახალი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალების თანახმად, ბ. მ. უშუალოდ ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, მათ შორის - იმ სხდომებს, რომლებზეც დაიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები, ხოლო ბ. მ-ს ადვოკატები ესწრებოდნენ ყველა სხდომას. ბ. მ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის სახით დაიკითხა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების თანდასწრებით. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. ამდენად, ადვოკატის მიერ მითითებული გარემოება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა, არსებობდეს ხელახალი განხილვის უფლების დარღვევის რისკი, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. მ-ს (B. M. ) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე