საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
2კ-698აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002077213

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№698აპ-18 ქ. თბილისი

ა-ე ვ. 698აპ-18 8 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით ვ. ა-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ვ. ა-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ივლისიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-ემ ჩაიდინა ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება მოხელის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის აპრილში ვ. ა-ე შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსს თ. მ-ს და უთხრა, რომ ლ-ის რაიონში, მდინარე ,,ს-ის“ სანაპიროდან სურდა სასარგებლო წიაღისეულის - ქვიშა-ღორღის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოპოვება. თუ თ. მ-ი წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისას წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და არ დააჯარიმებდა, როგორც სამართალდამრღვევს, იგი ყოველთვიურად ქრთამის სახით გადაუხდიდა დაახლოებით 5000 ლარს.

ვ. ა-ემ თ. მ-ს განუმარტა, რომ ყოველთვიურად აპირებდა, ლიცენზიის გარეშე მოეპოვებინა 10000 კუბმეტრი ქვიშა-ღორღი. მოპოვებული ინერტული მასალის 1კუბმეტრისთვის ქრთამის სახით გადაუხდიდა 50 თეთრს. 2017 წლის 27 ივლისს ქ. ქ-ში ვ. ა-ე შეხვდა თ. მ-ს და უკანონო ქმედების ჩასადენად მფარველობისთვის ქრთამის სახით გადასცა შეთავაზებული თანხის ნაწილი - 4000 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ვ. ა-ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენას; დანაშაული პროვოცირებულია თ. მ-ის მიერ, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს; სადავოა კვალიფიკაციაც, ვინაიდან, ზოგადად, ქვიშა-ღორღის მოპოვება კანონით დაშვებული

საქმიანობაა, ამიტომ ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო მოქმედებისთვის).

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: თე. მ-ის, გ. ი-ის, ვ. ჭ-ის, დ. ფ-ის, ა. მ-ის, გ. შ-ას, ვ. ს-ისა და დ. ს-ას ჩვენებები, ვ. ა-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრიდან, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერების კრებსები და სატელეფონო საუბრების კრებსები ქმნის საკმარის საფუძველს ვ. ა-ის მსჯავრდებისათვის.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი (მათ შორის: დანაშაულის პროვოცირებასა და კვალიფიკაციაზე) და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე