დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
2კ-31-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003096840

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№31I-19 ქ. თბილისი

ა. ი. ლ-ი, 31I-19 26 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატების - თ. გ-სა და მ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ი. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ი. ლ-ის მიმართ მ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 16 აგვისტოს მ-ის რესპუბლიკის ქ. კ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ა. ი. ლ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლის თანახმად, მას ბრალი დაედო მ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,b”, ,,b1” და ,,f“ ქვეპუნქტებით (ბავშვებით ვაჭრობა, ე.ი. გადაბირება, გადაყვანა, დამალვა, ჩადენილი არაკომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის უმწეობისა და სექსუალური ძალადობის ბოროტად გამოყენებით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, ორი ან მეტი ბავშვის მიმართ, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2018 წლის 17 აგვისტოს მ-ის რესპუბლიკის ქ. კ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ა. ი. ლ-ის მიმართ სამძებრო ღონისძიებების დაწყების შესახებ.

2018 წლის 5 სექტემბერს მოლდოვის რესპუბლიკის ქ. კ-ის სექტორის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ი. ლ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

იმავე დღეს ქ.კ-ის სექტორის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოიცა ა. ი. ლ-ის დაკავების ბრძანება.

2018 წლის 14 დეკემბერს გამოცხადდა ა. ი. ლ-ის ძებნა ინტერპოლის არხებით.

2. ა. ი. ლ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს ა. ი. ლ..

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. ი. ლ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

2019 წლის 17 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ი. ლ-ის ექსტრადიციის თაობაზე მ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ი. ლ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 26 ივნისამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. ი. ლ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 26 სექტემბრამდე.

3. მ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2015-2016 წლებში ა. ი. ლ., მ-ის რესპუბლიკისა და რ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას, თანამზრახველებთან ერთად, ეწეოდა წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი პირების სექსუალურ ექსპლუატაციას. ა. ი. ლ. სარგებლობდა მცირეწლოვნებისა და მათი ოჯახების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ბავშვებისთვის სასურველი ნივთების ჩუქებითა და ოჯახისთვის თანხის გადახდით ახერხებდა არასრულწოვნებისგან სექსუალური მომსახურების მიღებას.

თანხის ან სხვა მატერიალური სარგებლის გადახდის შემდეგ, 14 წელს მიუღწეველი დაზარალებულები მ. გ. (დაბ: 25.09.2005), დ. გ. (დაბ: 30.10.2010) და სხვა მათი თანატოლი ბავშვები, ზემომითითებული დროის მონაკვეთში, ა. ი. ლ-ს პერიოდულად მიჰყავდა მ-ის რესპუბლიკაში, კ-ის რაიონის სოფელ რ-ში მდებარე საკუთარ სახლში, ასევე, რ-ში და თანამზრახველებთან ერთად არასრულწლოვნებთან სჩადიოდა სხვადასხვა სექსუალურ აქტს.

4. 2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ა. ი. ლ-ის - მ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია მ-ის რესპუბლიკის ქ. კ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურის მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს გამოტანილ ა. ი. ლ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია მ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,b”, ,,b1” და ,,f“ ქვეპუნქტებით (ბავშვებით ვაჭრობა, ე.ი. გადაბირება, გადაყვანა, დამალვა, ჩადენილი არაკომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის უმწეობისა და სექსუალური ძალადობის ბოროტად გამოყენებით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, ორი ან მეტი ბავშვის მიმართ, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

6. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ი. ლ-ის მ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია მ-ის რესპუბლიკის ქ.კ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურის მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს გამოტანილ ა. ი. ლ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია მ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,b”, ,,b1” და ,,f“ ქვეპუნქტებით (ბავშვებით ვაჭრობა, ე.ი. გადაბირება, გადაყვანა, დამალვა, ჩადენილი არაკომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის უმწეობისა და სექსუალური ძალადობის ბოროტად გამოყენებით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, ორი ან მეტი ბავშვის მიმართ, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ).

7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მ-ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი. ლ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 26 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

4. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას ადამიანის უფლებების დარღვევის რისკთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც „არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის“, რომ არენდ იან ლაიენის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა.

5. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მ-ის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომლის თანახმადაც, მ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში, მათ შორის, მ-ის რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაცული იქნება ა. ი. ლ-ის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

6. კასატორის პოზიციით, ა. ი. ლ-ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ იხილავს ა. ი. ლ-ის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

7. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის მითითებით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის გარემოება, რომ ა. ი. ლ-ს საქართველოში ჰყავს მეგობარი ქალი, რომელთანაც აპირებს ოჯახის შექმნას. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში არენდ იან ლაიენთა მოეწყო გასაუბრება ოჯახის ურღვევობის პრინციპთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია. ამდენად, ა. ი. ლ-ს ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე