დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
2კ-30-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003098801

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№30I-19 ქ. თბილისი

მ. ჯ. ბ-ი, 30I-19 26 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - პ. გ-ის

თარჯიმან - ნ. ი-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჯ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ჯ. ბ-ის მიმართ გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 27 თებერვალს გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ზ-ის სასამართლომ გასცა მ. ჯ. ბ-ის დაკავების ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მ. ჯ. ბ. ეჭვმიტანილია გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 53-ე მუხლებთან ერთობლივად 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ჩადენილი პროფესიონალის მიერ, 2 დასრულებული და 7 მცდელობის ეპიზოდი) ჩადენაში.

2018 წლის 12 აპრილიდან მ. ჯ. ბ-ი იძებნება ინტერპოლის არხებით.

გ-ის ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. ჯ. ბ-ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში მ. ჯ. ბ. დაზარალებულ შ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით დაეუფლა ამ უკანასკნელის თანხას, ჯამურად - 23 900 ევროს. ამასთან, 7 ცალკეულ შემთხვევაში, იმავე გზებით, ცდილობდა დაზარალებულ შტრაუსისაგან დიდი ოდენობით ფულის მიღებას, რაც ვერ განხორციელდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

კერძოდ, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას მ. ჯ. ბ-მა დაარწმუნა ქალბატონი შ-ი, რომ გ-ში მას გაუგზავნიდა ძვირად ღირებულ ხალიჩას, რომლის საფასურიც თავდაპირველად ამ უკანასკნელს თავად უნდა გადაეხადა, ხოლო შემდგომ ხალიჩის ნამდვილი მყიდველი შ-ს გადასცემდა შესაბამის თანხას. აღნიშნულზე თანხმობის მიღების შემდეგ, გე-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში ქალბატონმა შ-მა გადაიხადა 20 900 ევრო ხალიჩაში, რომლის რეალური ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 900-1000 ევროს. ამასთან, თავდაპირველი დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, მას ხალიჩა არავისთვის მიუწოდებია და არც თანხა აუნაზღაურებია. აგრეთვე, დროის იმავე პერიოდში მ. ბ-მა დაარწმუნა ქალბატონი შ-ი, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული პრობლემების გამო მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა - 3000 ევრო, რომელსაც მალევე დააბრუნებდა. თუმცა, აღნიშნული თანხის მ. ჯ. ბ-სთვის გადარიცხვის შემდეგ მას ეს თანხა არ დაუბრუნებია.

ზემოაღნიშნული 2 შემთხვევის გარდა, დროის იმავე პერიოდში მ. ჯ. ბ-ი სხვადასხვა ცრუ მიზეზის დასახელებით, 7 ცალკეულ შემთხვევაში ცდილობდა დაზარალებული შ-სგან დიდი ოდენობით თანხის მიღებას, რაზედაც მიიღო უარი.

ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებისას მ. ჯ. ბ-ის მიზანს წარმოადგენდა დროებითი უკანონო შემოსავლის წყაროს შექმნა დაზარალებული შ-საგან თაღლითური გზით ფულის მიღებით.

2. მ. ჯ. ბ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2018 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჯ. ბ-ი.

2018 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. ჯ. ბ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები მ. ჯ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე.

2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. ჯ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 23 მაისამდე.

2019 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. ჯ. ბ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 23 აგვისტომდე.

3. 2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა მ. ჯ. ბ-ის გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ზ-ის სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის მ. ჯ. ბ-ის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 53-ე მუხლებთან ერთობლივად 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი პროფესიონალის მიერ, 2 დასრულებული და 7 მცდელობის ეპიზოდი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანუკა ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

5. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჯ. ბ-ის გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ზ-ის სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის მ. ბ-ის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე, 23-ე და 53-ე მუხლებთან ერთობლიობაში 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი პროფესიონალის მიერ, 2 დასრულებული და 7 მცდელობის ეტაპზე შეჩერებული ეპიზოდი).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჯ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატი პ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. გ-ის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჯ. ბ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 23 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

4. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ახლო ნათესავი მუშაობს ინტერპოლის ბიუროში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც მეჰმეთ ჯემ ბელლიჯანის განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულის ახლო ნათესავი შესაძლოა, მუშაობდეს ინტერპოლის ბიუროში არ დასტურდება, ხოლო დადასტურების შემთხვევაშიც გაურკვეველია რა არსებითი გავლენა შესაძლოა იქონიოს ამ გარემოებამ გ-ის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მ. ჯ. ბ-ის ცალკეული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

5. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის მითითებით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ მ. ჯ. ბ-ნს საქართველოში ჰყავს მეუღლე და შვილი, რომელიც სწავლობს სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში მ. ჯ. ბ-თან გასაუბრებისა და საექსტრადიციო მასალების თანახმად მ. ჯ. ბ-ის ოჯახის წევრები: მეუღლე - შ. ბ. და 2010 წელს დაბადებული შვილი - თ. ბ. თ-ის მოქალაქეები არიან და დროებით ცხოვრობენ საქართველოში. გ-ში ცხოვრობს მ. ჯ. ბ-ის სრულწლოვანი შვილი. თავად მ. ჯ. ბ. 2010 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, თუმცა ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში. ამდენად, მ. ჯ. ბ-ის ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე