საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002151250
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№33აპ-19 ქ. თბილისი
ვ. ს. 33აპ-19 2 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ს. ვ. - დაბადებული 1…- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ვ-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და ინახავდა ყალბ 3 000 აშშ დოლარს, რომელიც ნომინალური ღირებულების 50%-ად ბ- ში, ორ ეტაპად გაასაღა გ. მ-ზე, კერძოდ: 2017 წლის 10 სექტემბერს მან გ. მ-ს ნიმუშის სახით გადასცა 1 ყალბი აშშ დოლარი სერიული ნომრით H.... ; ხოლო 2017 წლის 11 სექტემბერს ს. ვ-მ 1 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ გ. მ-ზე გაასაღა 29 ყალბი 100 აშშ - დოლარიანი კუპიურა სერიული ნომრებით: ----
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ს. ვ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილებას, კერძოდ, დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის - 1/3-ის პირობით ჩათვლას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე. კასატორი უთითებს, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა მტკიცებულებები; ითანამშრომლა გამოძიებასთან; ცხოვრობს საქართველოში; კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) გათვალისწინებით, ს. ვ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილშიც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე