საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
2კ-125აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002071345

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №125აპ-19 ქ. თბილისი

ჯ. ა-ი, 125აპ-19 1 აგვისტო, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ჯ-ს, - ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ-ის რაიონში მდებარე „ჰ-ის“ მთისკენ მიმავალ გზაზე, ა. ჯ-მა შენიშნა ტურისტი - ჩ-ის მოქალაქე მ. ნ., რომელსაც დაუძახა და ჟესტიკულაციით ანიშნა, რომ მასთან სურდა სქესობრივი კავშირის დამყარება. მ. ნ-სგან უარის მიღების შემდეგ ა. ჯ. ცხენით გაიქცა მისი მიმართულებით, ძალადობის გამოყენებით ყელში სტაცა ხელი, ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე, უკბინა ტუჩზე, წააქცია და შეეცადა მისთვის ტანსაცმლის გახდას, რაც მ. ნ-ას წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო. მ. ნ-ამ დაიწყო ყვირილი, რის გამოც, ა. ჯ-მა თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით ა. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. ჯ-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გამამართლებელი განაჩენი.

ა. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.

4. მსჯავრდებული ა. ჯ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. ჯ-ის გამართლებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის აზრით, მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: მოწმეების - მ. ნ-ას, პ. ს-ის, მ. ა-ის, ტ. ა-ას ჩვენებები, რომლებიც დაიკითხნენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ხოლო გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ამოღების ოქმი, ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ექსპერტიზის N-- დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N-- დასკვნა და ბიოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნა), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ა. ჯ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

8. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით. საპროცესო ნორმების არსებით დარღვევად კი მიაჩნია ის გარემოება, რომ ა. ჯ-ს, როგორც შეზღუდულ შერაცხადს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას), სავალდებულოდ უნდა ჰყოლოდა ადვოკატი.

9. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩატარებულია ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც არცერთი მოწმე არ უთითებდა (მათ შორის არც ა. ჯ-ის დედა - ნ. ა.) ა. ჯ-ის ფსიქიკური პრობლემების შესახებ, არ მოიპოვებოდა წერილობითი მტკიცებულება ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის (არ იმყოფებოდა აღრიცხვაზე ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში) შესახებ, არ არსებობდა სავალდებულო დაცვის წინაპირობა. შესაბამისად, მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე