დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003186281
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№42I-19 ქ. თბილისი
ვ. დ., 42I-19 30 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების - ნანიკო ზაზუნაშვილის, დავით ჯავახიშვილის
ადვოკატ - ა. შ.-ის
თარჯიმან - თ. ც.-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ვ.-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ.-ის (D. V.) ინტერესების დამცველების, ადვოკატების - მ. ს.-სა და ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ვ.-ის მიმართ რ-ის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ქ. მ-ის ხ-ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით დ. ვ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
2018 წლის 18 ივნისს ქ. მ-ის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო განჩინებით დ. ვ.-ის ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დ. ვ.-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩა უცვლელად.
2018 წლის 18 სექტემბრიდან დ. ვ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
2019 წლის 13 მაისს რ-ის შსს-ს ქ. მ-ის შ-ს რაიონის განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოსცა დადგენილება დ. ვ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, დ. ვ.-ს ბრალად ედება რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:17 საათზე, რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქ. მ-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად, გამოძიების მიერ დაუდგენელ პირებთან ერთად, კონფლიქტის დროს წარმოშობილი პირადი უთანხმოების ნიადაგზე, დ. ვ.-მა ს. ი.-ს მიაყენა ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, არანაკლებ ხუთჯერ, მუშტით თავის არეში და არანაკლებ ერთხელ, ფეხით ზურგის არეში დარტყმის შედეგად, ს. ი. დაეცა და მიიღო თეძოს ძვლის მოტეხილობა, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა.
2. დ. ვ.-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ვ..
2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით დ. ვ.-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2019 წლის 3 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. ვ.-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2019 წლის 21 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო დ. ვ.-ის ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2019 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით დ. ვ.-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 21 ოქტომბრამდე.
3. 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა დ. ვ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის შსს-ს ქ. მ-ის შ-ს რაიონის განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 13 მაისის დადგენილებაში დ. ვ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანუკა ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
5. დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ვ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის შსს-ს ქ. მ-ის შჩუკინოს რაიონის განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 13 მაისის დადგენილებაში დ. ვ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. ვ.-ის ინტერესების დამცველები, ადვოკატები - მ. ს. და ა. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. რ-ის ფედერაციაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ვ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 21 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაუდასტურებელია აგრეთვე დაცვის მხარის მითითება, რომ დ. ვ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ დ. ვ. რ-ის ფედერაციაში ებრძოდა უკანონო კაზინოების არსებობასა და არალეგალურად მცხოვრები პირების გამოვლენას, რაც მ-ის პროკურატურის მაღალჩინოსნებისთვის მიუღებელი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარეს მტკიცებულებები დ. ვ.-ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია. მსგავსი საფრთხეები არ იკვეთება არც საექსტრადიციო მასალების შესწავლის შედეგად.
5. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს რ-ის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომლის თანახმადაც, დ. ვ.-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დ. ვ. „არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“ ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით. შესაბამისად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში დ. ვ.-ის მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები.
6. რაც შეეხება ბრალდებულის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადების შესახებ დადგენილებაში არსებულ უზუსტობას, რაზეც აგრეთვე გამახვილებულია ყურადღება საკასაციო საჩივარში, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში მითითებულ დოკუმენტში არსებული ტექნიკური ხარვეზი ვერ გახდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ვ.-ის (D. V.) ინტერესების დამცველების, ადვოკატების - მ. სა.-ასა და ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე