საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115782719
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №362აპ.-19 13 თებერვალი, 2020 წელი
ე-ო რ., 362აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2003 წლის 1 ოქტომბერს რ. ე-ო ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
2. 2003 წლის 2 ოქტომბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ბრძანებით რ. ე-ოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 3 თვით.
3. 2003 წლის 2 ოქტომბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწის დადგენილებით გამოცხადდა რ. ე-ოს ძებნა.
4. 2003 წლის 21 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა ბრალდებულის მიმალვის გამო.
5. 2008 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, პროკურორის დავალების საფუძველზე განახლდა გამოძიება.
6. 2015 წლის 20 აპრილს თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა შეადგინა საბრალდებო დასკვნა, საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) რ. ე-ოს ბრალდების გამო.
7. 2018 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ. ე-ო ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.
8. 2018 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ბრალმდებელმა მიხეილ ჩხეიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა რ. ე-ოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
9. 2019 წლის 1 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. 2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენის გაუქმება და რ. ე-ოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003 წლის 21 ივლისს:
- რ. ე-ომ გააჩერა ტაქსი, რომელსაც მართავდა რ. გ-ი;
- ისინი აღნიშნული ავტომანქანით მივიდნენ ქ. თბილისში, წ-ა და მ-ის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკში;
- რ. ე-ომ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ. გ-ს;
- რ. გ-ი ქალაქის N1 საავადმყოფოში გარდაიცვალა.
12. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებლად მიიჩნევს ყველა იმ მტკიცებულებას, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებიდან არცერთი მათგანი პირდაპირ არ მიუთითებს, რომ რ. ე-ო მითითებული ტაქსით მივიდა ქ. თბილისში, წ-სა და მ-ის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკში და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ. გ-ს.
13. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების მოტივაციას, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდების მხარის მიერაა წარმოდგენილი, უტყუარად ვერ დასტურდება რ. ე-ოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ბრალდება მხოლოდ ვარაუდებსა და ვერსიებზეა დაფუძნებული.
14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ რ. ე-ო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ორმა მოწმემ, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული რ. ე-ომ ჩაიდინა.
15. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა საქართველოს სსსკ-ის 292-ე და 293-ე მუხლების თანახმად.
16. კასატორის მიერ აღნიშნული საფუძვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მომართვა ცალსახად მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სამართლებრივ მოთხოვნებს, რადგან არც ძველი და არც მოქმედი რედაქციით საქართველოს სსსკ-ის 292-ე და 293-ე მუხლები კასაციის რაიმე პროცედურას არ აწესრიგებს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორის აზრით, განაჩენი უკანონოა. კასატორმა კვალიფიციურად და არგუმენტირებულად უნდა მიუთითოს უკანონობის რომელიმე კრიტერიუმზე:
- საქართველოს სსსკ-ის რომელი ნორმა დაარღვია სააპელაციო სასამართლომ და არსებითია თუ არა ეს დარღვევა;
- რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს;
- რაში გამოიხატა დანიშნული სასჯელის აშკარა შეუსაბამობა.
საკასაციო საჩივარში ზოგადი მსჯელობები, მოწმეთა ჩვენებების საჩივრის ავტორისეული ინტერპრეტაციები, სამართლებრივი და მექანიკური შეცდომები, საჩივრის შემოტანის ფორმალური ხასიათი ვერ უზრუნველყოფს არათუ საჩივრის დაკმაყოფილებას, არამედ -დასაშვებობის სტანდარტს.
18. საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მიხეილ ჩხეიძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი