დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003322996
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2I-20 ქ. თბილისი
ფ. მ. 2I-20 29 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კ. თ-ს
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - გ. ქ-ს
თარჯიმან - თ. ც-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ფ-ს მიმართ რ-ს ფ-ში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2019 წლის 31 იანვარს რ-ს ფ-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს მ. ფ-ს ძებნა.
2019 წლის 25 თებერვალს რ-ს ფ-ს შსს კ-ს მხარის მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილმა გამოსცა დადგენილება მ. ფ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, მ. ფ-ს ბრალად ედება რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
2019 წლის 27 თებერვალს რ-ს ფ-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს მ. ფ-ს საერთაშორისო ძებნა.
2019 წლის 5 მარტს რ-ს ფ-ს ქ. კ-ს ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ მ. ფ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
2019 წლის 8 აპრილიდან მ. ფ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მ. ფ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 11 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ.
2019 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2019 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ფ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2019 წლის 8 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ფ-ს ექსტრადიციის თაობაზე რ-ს ფ-ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2019 წლის 27 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ფ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2019 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ს მიმართ შეფარდებული პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 11 ოქტომბრამდე.
2019 წლის 12 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურიდან მიიღო დამატებითი ინფორმაცია მ. ფ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2019 წლის 18 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ფ-სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2019 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ს მიმართ შეფარდებული პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 11 იანვრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღინისძიებით - გირაოთი. გირაოს თანხა განისაზღვრა 50000 ლარით. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - მ. ფ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლიდან ბ. გ., ლ. მ., ბ. შ., დ. კ. და მ. ფ. წინასწარ შეკავშირდნენ „ზ-ს“ სავაჭრო ნიშნის პროდუქციის გასაღების გზით დაზარალებულების თანხების მოტყუებით დაუფლებისათვის.
ბ. შ. და დ. კ. დაუკავშირდნენ მ. ფ-ს, რომელიც იყო „ზ-ს“ სავაჭრო ნიშნის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტ-ს“ დამფუძნებელი და დირექტორი.
დანაშაულებრივ ჯგუფში, მ. ფ-ს ფუნქციის შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ კომპანიას უნდა მიეწოდებინა პროდუქცია ბ. შ-სა და დ. კ-ს სხვადასხვა კომპანიისათვის, ხოლო, თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიები მოამარაგებდნენ ვ. გ-ს და ლ. მ-ს კლინიკებს. მ. ფ-ს ცნობილი იყო, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია სინამდვილეში ვერ განკურნავდა სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის – ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და შესაბამის პროდუქციაზე სამედიცინო პროდუქციის სტატუსის მინიჭებისათვის მ. ფ-მ წარადგინა ყალბი ინფორმაცია. ამასთან, იგი შესაბამისი პროდუქციის წარმოებისას იყენებდა მაქსიმალურად დაბალი ღირებულების, არასამედიცინო მასალას.
შემდგომში, ზემოაღნიშნული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა კომპანიისა - „პ-ს“, „ფ-ს“, „დ. მ-ს“, „ზ-ს“, „კ-ს“, „ს-ს“, „გ-ს“ და მათ მიერ მოძიებული პერსონალის მეშვეობით, რომელთაც არ გააჩნდათ სამედიცინო გამოცდილება, შესაბამისი კვლევების გარეშე, დაზარალებულებს უსვამდნენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ დაავადების მწვავე ფორმაზე, რომელსაც შეეძლო მძიმე შედეგების, მათ შორის – სიკვდილის გამოწვევა და არწმუნებდნენ დაზარალებულებს შეეძინათ „ზ-ს“ პროდუქცია, რომელიც არ იყო განკუთვნილი მითითებული დაავადების მკურნალობისათვის.
2016 წლის მარტიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში მ. ფ-სა და მისი თანამონაწილეების ზემოაღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად მატერიალური ზიანი მიადგა, სულ მცირე, 1148 პირს, ხოლო მიყენებულმა ზიანმა შეადგინა, სულ მცირე, 11 760 393,9 რუსული რუბლი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურიდან მიღებულ მ. ფ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში და დასჯადია რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა, ადვოკატმა გ. ქ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 11 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ფ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რ-ს ფ-ს მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ფ-მ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით მოითხოვა საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოში და მას უარი ეთქვა მოთხოვნის არსებით განხილვაზე. შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში.
5. კასატორის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.იხ.საქმე№2I-17).
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებული მ. ფ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაშიც, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, დაცულია ორმაგი დასჯადობის პრინციპის სასჯელთან მიმართებით დადგენილი მოთხოვნები.
7. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მ. ფ-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.
8. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], ECtHR, no. 56581/00, § 84; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, ECtHR, no. 9808/02, 25/03/2005, §56; Drozd and Janousek v. France and Spain, ECtHR, 26/06/1992, § 110), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება. ასეთად, Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom (ECtHR, N8139/09, 17/01/2012, § 259) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს:
- in absentia მსჯავრდებას, როდესაც არ არსებობს საქმის ხელახლა არსებითად განხილვის შესაძლებლობა;
- სასამართლო პროცესი, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა და განხორციელდა დაცვის უფლებების სრული უგულებელყოფით;
- პატიმრობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე;
- ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე განზრახი და სისტემატური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ.
ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, ECtHR, no8139/09, 17/01/ 2012, § 261).
9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად
დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, ECtHR, no46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73; K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2013, §58), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, ECtHR, no36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რ-ს ფ-ში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.
10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2011, § 66). ასევე, ზოგადად ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, ECtHR, 29/04/1997, § 41), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, 19/11/2019, § 79, იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ რუსეთში არსებული ზოგადი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია რომ .. პირის გადაცემა თავისთავად წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“ ( იხ. Zarmaev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014).
11. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ფ-ს სასჯელის სახით დაენიშნება მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, შუამდგომლობაში მითითებული ქმედებებისათვის რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსი (თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით) ითვალისწინებს ალტერნატიულ სანქციებს, რომლებიც არ ატარებს აბსოლუტურად განსაზღვრულ სახეს. კერძოდ, რფ სსკ-ის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით 1 000 000 რუბლამდე ოდენობის ჯარიმით ან მსჯავრდებულის სამ წლამდე პერიოდის ხელფასის ან სხვაგვარი შემოსავლის ოდენობით ან უამისოდ და თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან უამისოდ.
12. მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოსაყენებელი სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ მომთხოვნ სახელმწიფოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამუდამო პატიმრობა, აღნიშნული თავისთავად არ წარმოადგენს ექსტრადიციაზე უარის თქმის ( მით უფრო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის) თვითკმარ საფუძველს (Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 112).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ფ-სთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის შემდეგ, ექსტრადიცია მოთხოვნილია მისი სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რაც არ გულისხმობს a priori გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ან/და ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობით გამოყენებას (იხ. mutadis mutandis Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 100, 121) .
14. სასამართლო ხაზს უსვამს გამოძიების მიმდინარეობისას კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით წევრ სახელმწიფოებზე დაკისრებული პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების მნიშვნელობას. სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ ი.ე. ს-ს, ე.ვ. კ-ს, ი.ა. ე-ს, ა.პ. ი-ს, ო.პ. ს-ს ახსნა-განმარტებებს რ. ფ. საგამოძიებო ორგანოს სახელზე და განცხადებებს საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რფ საგამოძიებო ორგანოს 2018 წლის 19 ნოემბრის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და იმ გარემოებას, რომ არც საქმის მასალებით და არც დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით არ იკვეთება, რომ შესაბამისმა პირებმა ისარგებლეს 2018 წლის 19 ნოემბრის დადგენილების გასაჩივრების უფლებით, ან მათ შეეზღუდათ გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
15. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვ. კ-ს, ო. კ-ს, ო. ფ-ს და მ. ფ-ს ახსნა-განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წყაროს დამოუკიდებლობა, სარწმუნოობა და ობიექტურობა (იხ. K. v. R..., ECtHR, no69235/11, 23/05/2013, § 60). შესაბამისად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს აღნიშნული ახსნა-განმარტებების წყაროს საპროცესო სტატუსს, საპროცესო ინტერესს, მათი კავშირ-ურთიერთობის ხასიათს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან.
16. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიებსაც. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს - რფ გენერალური პროკურატურის მიერ, დაკავშირებულია საპროკურორო ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და მათთვის
სავალდებულო ხასიათი აქვს. წარმოდგენილი გარანტიები არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.Klein v. Russia, ECtHR, no24268/08, §55; Chahal v. The United Kingdom, ECtHR, no22414/93, §105), ატარებს კონკრეტულ ხასიათს, პირდაპირ ეხება კასატორის კონვენციური უფლებების დაცვას. გარანტიები მოიცავს სიცოცხლის და წამებისგან დაცვის, ადვოკატის ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლების პატივისცემის (იხ. T.K. and S.R. v. Russia,ECtHR, no28492/15, 49975/15, 19/11/2019, §102, 103; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no8139/09, 17/01/2012, §194) და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
17. ევროპული სასამართლოს თანახმად, „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ გამორიცხავს მისგან გარანტიების მიღებას (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 194, 188, 17/01/2012) და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს, რომ აღნიშნულ გარანტიებს არანაირი წონა არ შეიძლება მიენიჭოთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აფასებს გაცემული გარანტიების ხარისხს - რამდენად არის მიღებული გარანტიები საკმარისი, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობის საფრთხე (იხ. Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 148, ECHR 2008; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no.8139/09, 17/01/2012, §186; T.K. and S.R. v. Russia, no. 28492/15, 49975/15, 19/11/, 2019, § 99).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014, §113; Gasayev v Spain, ECtHR, no 48514/06, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, ECtHR, no 21022/08; 51946/08, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების ( როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს წარმოდგენილი გარანტიები.
19. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას და არც სასიკეთო მიზანს ყველა სახელმწიფოსთვის, როდესაც დანაშაული უფრო დიდ საერთაშორისო დონეზე გადადის“ (Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 11; Soering v UK, ECtHR, 07/07/1989, §86).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფ-ს გენერალური პროკურატურიდან მიღებულ მ. ფ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში და დასჯადია რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე