დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003667131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
25I-20 ქ. თბილისი
თ-უ ქ., 25I-20 20 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-უს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2004 წლის 26 იანვარს თ-ის რესპუბლიკის იზმირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ქ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 62-ე და 448-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ამავე კოდექსის 572-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და თ-ის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 4 თვით, ჯარიმა - 288 800 თურქული ლირა და ჯარიმა - 3 756 985 თ-ი ლ-ა.
2005 წლის 28 მარტს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
2006 წლის 31 ივლისს თ-ის რესპუბლიკის იზმირის საქალაქო პირველმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილა თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის ახალი დებულებების ქ. თ-უს სასარგებლოდ გამოყენების საკითხი, რის საფუძველზეც, აღნიშნული სასამართლოს განაჩენით ქ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და თ-ის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და ჯარიმა - 2 985 თ-ი ლ-ა. ამავე განაჩენით ქ. თ. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად თ-ის რესპუბლიკის N5326 კანონის 35-ე მუხლით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა - 50 თ-ი ლ-ა.
2007 წლის 4 მაისს თ-ის რესპუბლიკის ფ-ეს საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2007 წლის 6 მაისს ქ. თ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.
2017 წლის 25 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის იზმირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. თ-უს მიერ გამოსაცდელ ვადაში ადამიანის დაჭრის (აღნიშნული დანაშაულისათვის ექსტრადიცია არ იქნა მოთხოვნილი) დანაშაულის ჩადენის გამო, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და მას დაეკისრა 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 2012 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვალდებულება.
ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ქ. თ-უს ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.
2019 წლის 18 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის იზმირის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ქ. თ-უს დაკავების შესახებ ბრძანება.
2019 წლის 17 აპრილს გამოცხადდა ქ. თ-უს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, ქ. თ-უს მიერ თ-ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, თ-ის რესპუბლიკის ქ. ი-ში დაზარალებული ვ. ი. მ-თან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა ქუჩაში. ამ დროს ქ. თ-უმ, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომანქანით ჩაუარა მათ, რის შემდეგაც მობრუნდა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინტერესდა, ვისი მისამართით დაიყვირეს მოცემულმა პირებმა. კამათისას, ქ. თ-უმ ამოიღო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვ. ი-ის თავში დაუმიზნა, რა დროსაც დაზარალებულის მეგობრებმა სცადეს მისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ქ. თ-უს მიერ ნასროლი ტყვია ვ. ი-ის მოხვდა სახის არეში და კისრის მხრიდან დატოვა დაზარალებულის სხეული.
3. 2019 წლის 10 სექტემბერს ქ. თ., ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
4. 2019 წლის 11 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ქ. თ-უს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ქ. თ-უს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
6. 2019 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-უს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 10 მარტამდე.
7. 2020 წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-უს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 10 ივნისამდე.
8. 2020 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ქ. თ-უს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 7 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო ქ. თ-უს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-უს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: იგი იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან დაპირისპირებულია ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებთან და ხელისუფლებასთან; სურს საქართველოში ცხოვრება და არის თავშესაფრის მაძიებელი; თ-ის რესპუბლიკაში ხშირია პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები; ქ. თ-უს მსჯავრდება უკანონოა, ვინაიდან მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები; მის მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. თ. ექსტრადიციის მიზნით საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 10 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ქ. თ-უს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. მხოლოდ განცხადებას, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რომ ქ. თ. თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებაც, რომ ქ. თ-უს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს თ-ის რესპუბლიკაში, რადგან არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით დასტურდება, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, ქ. თ. დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ქ. თ-უს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის ზოგადი განცხადება, რომ თ-ის რესპუბლიკაში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
6. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება იმის თობაზე, რომ ქ. თ-უს მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ქ. თ-უს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას. გარდა აღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ქ. თ. ისარგებლებს თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ის რესპუბლიკა.
7. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას არ აბრკოლებს ასევე ის ფაქტი, რომ ქ. თ. არის თავშესაფრის მაძიებელი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (სუსგ №17I-15, №7I-16).
8. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ქ. თ-უს დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ქ. თ-უს ბრალეულობის საკითხს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-უს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. თ-უს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე