საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2020
საქმის ნომერი
2კ-167აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160100118002267555

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №167აპ-19 ქ. თბილისი

ბ–ი მ., 167აპ-19 27 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. ბ–ი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი, მ. ბ–ი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს - ვ. ს–ას, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. 201. წლის . დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ. ბ–მა, ქ. მ–ში, ს–ს ქუჩა N-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს - ვ. ს–ას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2017 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. მ–ში, ს–ს ქუჩა N-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 20.. წელს დაბადებულ ზ. ს–ას, 20.. წელს დაბადებულ გ. ბ–სა და 20.. წელს დაბადებულ რ. ბ–ის თანდასწრებით, მ. ბ–მა გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში მეუღლეს - ვ. ს–ას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3.ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით მ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ბ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს სახით ზ. ნ–ას (პ/ნ..........) მიერ გადახდილი 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

მ. ბ–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; მსგავს საქმეებზეარსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა(მაგალითისთვის იხ. საქმე N766აპ-19),რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა პრაქტიკის შეცვლის საფუძველიგამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას; დაზარალებულმა ვ. ს–ამ გამოკითხვისას აჩვენა, რომ მასზე იძალადა ქმარმა - მ. ბ–მა.

8. სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის პოზიციას აღნიშნულ საკითხში, კერძოდ: სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას. მაგრამ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

9. სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მით უმეტეს არ გულისხმობს ბრალდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

10. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, §§9.7; 9.6).

11. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.

12. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას გამოძიების ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და ირიბ ჩვენებებზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: მოცეულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა, არამედ თავად საქართველოს სსსკ-ის 1261-ემუხლით აკრძალული ქმედების განხორციელების ფაქტი.

13. დაზარალებულმა ვ. ს–ამ და მოწმე ზ. ს–ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლისა და მამის - მ. ბ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ბ–ის მიერ მეუღლის - ვ. ს–ას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, საქმის მასალებში არ მოიპოვება. რაც შეეხება ბრალდების მოწმეების - პოლიციის თანამშრომლების: რ. ბ–ისა და ა. ო–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულებისა და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს; ასევე ირიბია მოწმე ე. ს–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ვ. ს–ა არის მისი შვილი, ხოლო მ. ბ–ი - სიძე. ე. ს–ის განმარტებით, მას შვილისაგან გაგონილი ჰქონდა ოჯახში არსებული კონფლიქტის თაობაზე, თუმცა დაადასტურა, რომ თავად არ შესწრებია არც 2017 წლის 14 დეკემბერს და არც 2017 წლის 17 დეკემბერს შვილის ოჯახში განვითარებულ მოვლენებს.

14. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (18.12.2017 წ.) ვ. ს–ას სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 14 და 17 დეკემბერს მ. ბ–ის მიერ ვ. ს–ას მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ.

15. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვეობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N548-ე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში მართალია მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ ( II-37). ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

16. სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე