საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060635
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №321აპ-20 ქ. თბილისი
თ. ო., 321აპ-20 3 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
1.1. ა. კ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
ა. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
1.2. ი. კ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
1.3. ო. თ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2.1. 2014 წლის 19 თებერვალს ა. კ. (რომელსაც სურდა ი. ხ-ას ცოლად მოყვანა), წინასწარ შეუთანხმდა ი. კ-სა და ო. თ-ს უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ი. ხ-სათვის; იმავე წლის 20 თებერვალს, დილით, შეთანხმებისამებრ, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ისინი ელოდებოდნენ ი. ხ-ას, სადაც მან დაახლოებით 09:00 საათზე გამოიარა . ხ-სა და გ. ხ-სთან ერთად. ამ დროს ო. თ-მა ფიზიკური ძალის გამოყენებით, შეძლო მიეყვანა ი. ხ. იქვე გაჩერებული ”VAZ 21 099” მარკის ავტომობილთან, სახელმწიფო ნომრით --, რომელსაც მართავდა ა. კ., ხოლო ავტომობილთან მიყვანის შემდეგ, ი. კ-ის დახმარებით, შეძლეს დაზარალებული ჩაესვათ ავტომობილის უკანა სალონში, რის შემდეგაც, აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მსჯავრდებულ ო. თ-ის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მიმალვაში. მსჯავრდებული 2017 წლის 16 მაისს დააკავეს; სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. თ-მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჭ-ემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად (ო. თ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 მაისიდან).
5. მსჯავრდებულის ადვოკატი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო საჩივრით ითხოვს მის გაუქმებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №275აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: სააპელაციო სასამართლოში დაკითხული დაზარალებულისა და გ. თ-ას ჩვენებებით, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე თ. ხ-ას პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით) უტყუარად დასტურდება ო. თ-ის მიერ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი