საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.07.2020
საქმის ნომერი
2კ-133აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #200100119002851779

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №133აპ-20 ქ. თბილისი

ქ–ე მ., 133აპ-20 24 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიასა და მსჯავრდებულ მ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა სარია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ მ. ქ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მ. ქ–ის გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს, - დაბადებულს ..... წელს, - ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...... რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - ლ. მ–ი, შ. შ–ი და მ. ხ–ი სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ .............. დამაკავშირებელ საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა მ. ქ–ე. მოძრაობისას მ. ქ–ს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა მ. ქ–ს გააჩერებინეს ავტომანქანა. ლ. მ–მა მას განუმარტა, რომ უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ. მ–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის შევსების დასრულებამდე მ. ქ–ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ. მ–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ. მ–ს იგი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო ძირს. აღნიშნულზე ლ. მ–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ. ქ–მ ლ. მ–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ლ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ. ქ–ე ხელებით მოეჭიდა ლ. მ–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ. ქ–ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ. შ–ი, რომელსაც მიახლოებისას მ. ქ–მ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც შ. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. ქ–მ შ. შ–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.

მ. ქ–მ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 12 კალიბრიანი „.....“ მოდელის ერთლულიანი თოფი, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად ჰქონდა დამოკლებული, რასაც 2018 წლის 30 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის საბარგულში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2018 წლის 30 დეკემბერს, .......... დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ. ქ–ე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 12 კალიბრიანი „......“ მოდელის ერთლულიან თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

მ. ქ–მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 36,96 გრამი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში. 2018 წლის 30 დეკემბერს, ............ დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ. ქ–ის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, რომლის წონა შეადგენდა 36,96 გრამს.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენით:

მ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

მ. ქ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

მ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 დეკემბერიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...... რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ლ. მ–ი, შ. შ–ი და მ. ხ–ი სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ........... დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ....-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა მ. ქ–ე. მოძრაობისას მას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა მ. ქ–ს გააჩერებინეს ავტომანქანა და ლ. მ–მა მ. ქ–ს განუმარტა, რომ მისთვის უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასევე განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ. მ–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის შევსების დასრულებამდე მ. ქ–ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ. მ–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ. მ–ს იგი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო ძირს. აღნიშნულზე ლ. მ–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ. ქ–მ ძალადობით, რათა არ დასრულებულიყო მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ლ. მ–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ მ. ქ–ე ხელებით მოეჭიდა ლ. მ–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ. ქ–ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ. შ–ი, რომელსაც მიახლოებისას მ. ქ–მ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც შ. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. ქ–მ შ. შ–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ქ–ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ასევე მ. ქ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ქ–ის მიმართ ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარები და მიაჩნია, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება.

8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მ. ქ–ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - შ. შ–ის, ლ. მ–ის, მ. ხ–ისა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ მ. ქ–მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ადგილზე აღმოაჩინეს დახეული სამართალდარღვევის ოქმი, რაც ადგილზე იქნა ამოღებული, დასურათებული და დალუქული სათანადო წესით. გარდა ამისა, ხსენებულ ოქმზე აღმოჩნდა მ. ქ–ის ბიოლოგიური კვალი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულ მ. ქ–ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ ჰქონდა პოლიციელებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენების, ტანსაცმლის დაზიანების და ქვითრის დახევის ძალა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს მსჯავრდებული დაჯდა საჭესთან, ჩავიდა თ–დან .......... რაიონში, ფეხით გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან.

10. რაც შეეხება კასატორის მითითებას საჯარიმო ქვითარზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №... ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... რაიონული სამმართველო წარმოადგენს ამ დეპარტამენტის სრტუქტურულ ერთეულს (მუხლი 8). ამ დებულების მეთორმეტე მუხლით განსაზღვრულია რაიონული სამმართველოების კომპეტენცია და აღნიშნულია, რომ მათ კომპეტენციას მიეკუთვნება ამავე დებულების მე-10 და მე-11 მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილებები. მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ უბნის ინსპექტორების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა. უდავოა, რომ შემთხვევა მომხდარია ...... რაიონის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 1181-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.

11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო მოკლებულია მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის უფლებას. გადაწყვეტილებას მტკიცებულების დასაშვეობის შესახებ სასამართლო იღებს წინასასამართო სხდომაზე, ხოლო საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის მტკიცებულებათა საკმარისობის თვალსაზრისით.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ,,..ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR,21/07/2015).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).

15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიასა და მსჯავრდებულ მ. ქ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე