საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2020
საქმის ნომერი
2კ-260აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002006316

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-20 ქ. თბილისი

ჟ–ა მ., 260აპ-20 7ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჟ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჟ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენით:

ი. კ–ა, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

გაუქმდა ი. კ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ლ. კ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

მ. ჟ–ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

გაუქმდა მ. ჟ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით მ. ჟ–ს (პ/ნ ......) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 2000 ლარი გირაოს თანხის ფარგლებში ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: დ. ნ–ი- პ/ნ .....), მდებარე: ქ. თ–ში, ..... მასივის ტერიტორია, 1 100კვ.მ მიწის ნაკვეთი; საკადასტრო კოდი: ....) უნდა მოეხსნას ყადაღა.

კახაბერ იაკობიძე, - დაბადებული 1989 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 4 აპრილს ი. კ–მ სს ,,საქართველოს ბანკში“ შეავსო ავტოსესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3500 ლარი და წარადგინა შპს ,,..............“ მიერ გაცემული ყალბი №.......... სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 8052.10 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 4 აპრილს ი. კ–მ სს ,,............ ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 14300 აშშ დოლარი.

2016 წლის 18 აპრილს ლ. კ–მ სს ,,.......... ბანკში“ შეავსო ავტოსესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 900 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 1800 ლარის შემოსავალი და წარადგინა შპს ,,............“ მიერ გაცემული ყალბი №.......... სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა -13961,78 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 18 აპრილს ლ. კ–მ სს ,,............. ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 25320 აშშ დოლარი.

2016 წლის 17 მარტს მ. ჟ–მ სს ,,......... ბანკში“ შეავსო ავტოსესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3000 ლარი და წარადგინა შპს ,,.................“ მიერ გაცემული ყალბი №............. სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 15803 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 17 მარტს მ. ჟ–მ სს ,,............. ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 27770 აშშ დოლარი.

2016 წლის 26 აპრილს კ. ი–მ სს ,,......... ბანკში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 800 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 5000 ლარის შემოსავალი და წარადგინა შპს ,,..............“ მიერ გაცემული ყალბი №.............. სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 9380,28 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 27 აპრილს კ. ი–მ სს ,,.......... ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 17150 აშშ დოლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულებისათვის დანიშნული ჯარიმის ოდენობის გაზრდას, ხოლო მსჯავრდებული მ. ჟ–ა - დანიშნული სასჯელის - ჯარიმის შემცირებასა და სასჯელის ზომად 1000 ლარის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. მსჯავრდებული მ. ჟ–ა ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და დანიშნულია როგორც მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე - საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებითდა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას (მსჯავრდებულმა მ. ჟ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი)

8. კასატორი მიუთითებს, რომ მას კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და სასჯელის ისეთი სახის შეფარდებას, რომელსაც არ ექნება ქონებრივი ხასიათი. საქმის მასალების თანახმად, მარინე ჟვანია განქორწინებულია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს შრომისუუნარო ავადმყოფი მეუღლე. ამასთანავე, საქმეში არაა წარმოდგენილი დოკუმენტი მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის სამართლიანობაზე. ამასთანავე სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ჯარიმა მიეკუთვნება სასჯელთა ყველაზე მსუბუქ სახეს და შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს მისი სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა.

9. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №120აპ-11; №216აპ-14).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ჟ–ს საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე