საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2020
საქმის ნომერი
2კ-563აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117001873085

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №563აპ-19 ქ. თბილისი

გ–ი ლ., 563აპ-19 15 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი როინ ხინთიბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასი - ..., ..., ....., რაც ამოიღეს 2017 წლის 24 თებერვალს, დღის საათებში, თ–ში, ...... გამზირზე, ... კვარტლის კორპუს N..-ში მდებარე ლ. გ–ის კუთვნილ ბინა N...-ში ჩატარებული ჩხრეკისას.

ლაშა გეგელაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, წონით 0,0312 გრამი, რაც ამოიღეს 2017 წლის 24 თებერვალს, დღის საათებში, თ–ში, .... ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ... გ–ის პირადი ჩხრეკისას.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით ლ. გ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა 8000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კასატორი ვერ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება გარემოება, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ყველა ის გარემოება, რომლის საფუძველზეც დაადგინა ლ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კერძოდ:

8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა, კერძოდ, მითითებულ ბინაში ლ. გ–თან ერთად მცხოვრებმა პირებმა - ე. წ–მა, თ. წ–მა და დ. გ–მა განმარტეს, რომ ისინი ზემოხსნებულ მისამართზე ცხოვრობენ ლ. გ–თან ერთად, აღნიშნული ასევე დაადასტურა შემთხვევის დროს ადგილზე მყოფმა ძიძამ თ. შ–მა. მათვე დაადასტურეს, რომ ბინის ჩხრეკა ჩატარდა ე. წ–ის მონაწილეობით, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტუმბოს პირველი უჯრიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მცენარეული მასით. დაცვის მხარის მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა საძინებელი ოთახიდან ამოიღეს ნივთიერება, სხვა ოთახები დაათვალიერეს ზედაპირულად. პოლიციელთა ასეთი ქმედება კი იწვევს ეჭვს. გარდა ამისა, საეჭვო გარემოებას წარმოადგენს 2017 წლის 25 თებერვალს ე. წ–თან ამ უკანასკნელის გამოკითხვის მიზნით გამომძიებელ ა. გ–ას ვიზიტი. გამომძიებელმა იგი გამოჰკითხა წინა დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით და შესთავაზა დაედასტურებინა, რომ ამოღებული ნივთიერება ეკუთვნოდა ლ. გ–ს, ასევე დააფიქსირებინა პოზიცია ლუქზე ხელის მოწერის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე. წ–მა კი განმარტა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ნივთიერება, მას არ დაუნახავს გამომძიებლის მიერ მითითებული ნივთიერების ამოღების მომენტი, ამასთან, ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა ისე, რომ არ გასცნობია შინაარსს. დაცვის მხარის მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამოღებული ნივთიერება ადგილზე არ დაულუქავთ და ე. წ–ს ლუქზე ხელი არ მოუწერია. ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით კი ლუქზე ზემოდან მესამე ხელმოწერაზე ფიქსირდება ასოები ,,გ“, ,,ბ“ და ,,კ“, რაც მოწმე ე. წ–ის ჩვენების თანხვდენილია და ადასტურებს, რომ ლუქზე მისი ხელმოწერა არ დასტურდება. ამასთან, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ოთახს, საიდანაც ამოიღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სამეცადინოდ იყენებდა ლ. გ–ის შვილი, საძინებელ ოთახად კი - ლ. გ–ის ძმა-დ. გ–ი. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამორიცხულა თ–ში, ..... გამზირზე, ... კვარტლის კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში ლ. გ–ის გარდა სხვა პირთა ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები (ჩვენების ის ნაწილი, რომ ოთახი, საიდანაც ამოიღეს ნივთიერება, წარმოადგენდა ე. წ–ის და ლ. გ–ის საძინებელ ოთახს) ვერ გახდება ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, მითუფრო მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს სხვა ინფორმაცია.

9. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უპირობოდ არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთიერება ეკუთვნის ლ. გ–ს და არც ის გარემოება რომ იმ ობიექტზე, სადაც იყო აღმოჩენილი ამოღებული ნივთიერება, მხოლოდ ლ. გ–ს ჰქონდა წვდომა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ დანაშაულის საგნის იმ ფართიდან ამოღების შემთხვევაში, რომლითაც სარგებლობენ სხვა პირებიც (მაგ. ოჯახის წევრები) და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის საგნის მსჯავრდებულის მიერ უშუალოდ შეძენა/შენახვა/სარგებლობა, დასკვნა რომ ამოღებული ობიექტი შეინახა მსჯავრდებულმა/გამართლებულმა პირმა არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N294აპ-15).

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შპს ,,Delfos Group“-ის (მის: ქ. თ–ი, ... გამზირი, .... კვარტალი, კორპუსი N..) დირექტორ ნ. კ–ის 2017 წლის 22 მარტის წერილის თანახმად, ვიდეოკამერებიდან ვიდეომასალის გაცემა საჭიროებს მოსამართლის შესაბამის ბრძანებას. ამასთან, 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერს, ის შენახულია და არ განადგურდება (ტომი I, ს.ფ. 30).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა ადვოკატ მ. გ–ის შუამდგომლობა ქ. თ–ში, .... ქუჩა, მე... კვარტალის მე... კორპუსის ..... სართულზე განთავსებული ,,D.....“-იდან მაღაზიის კუთვნილი ქუჩის გარე სათვალთვალო კამერების 2017 წლის 24 თებერვლის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, თუმცა აღნიშნული ჩანაწერის მოპოვება ვერ განხორციელდა ჩანაწერის განადგურების გამო(ტომიII, ს.ფ. 141-144). კერძოდ, შპს ,,.....“-ის (მის: ქ. თ–ი, ..... გამზირი, მე... კვარტალი, კორპუსი N...) დირექტორ ნ. კ–ის 2017 წლის 4 აპრილის წერილის თანახმად, ,,ვიდეო კამერებიდან ვიდეო მასალის გაცემა ვერ ხერხდება. DVR - .... წლის ..... ჩანაწერი არ მოიძებნა, წაშლილია“ (ტომიII, ს.ფ. 183). ამდენად, მართალია, შპს ,,....“-ის დირექტორმა თავდაპირველად დაადასტურა, რომ 2017 წლის 23-24 თებერვლის ჩანაწერი იყო შენახული და არ განადგურდებოდა, თუმცა მოგვიანებით (როდესაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოსთხოვეს ჩანაწერების გადაცემა), აღნიშნული ჩანაწერების გადაცემა ვერ განახორციელა ვინაიდან ჩანაწერი არ მოიძებნა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ თ–ში, .... გამზირის N....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ლ. გ–ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ,,დიროლი“-ს შეფუთვაში მოთავსებული რამდენიმე აბი და აბის ნამტვრევები ნაფშვენებთან ერთად, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ აბებს, ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა - 0,0312 გრამი. მათ ასევე განმარტეს, რომ ლ. გ–ს ჩხრეკისას და დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე და შეადგინეს ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ლ. გ–ისა და ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებს. კერძოდ, დ. გ–მა და ა. ბ–მა დაადასტურეს, რომ ლ. გ–ი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მოულოდნელად, ამასთან, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ,,ჩატენეს“ ავტომანქანაში და წაიყვანეს. მათვე განმარტეს, რომ ადგილზე ლ. გ–ის პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და არც საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედგენილა. აღნიშნული ვერსია თანხვდენილია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად, ლ. გ–ის ქურთუკს აღენიშნება ძალადობის კვალი.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ლ. გ–ი ,,VIBER“-ის მეშვეობით სწერდა მეგობარს, რომ მას უთვალთვალებდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ იმ დროს როდესაც ლ. გ–სთვის ცნობილი იყო, რომ მას პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, შარვლის ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ინსპექტორ-გამომძიებელი გ. გ–ი ჩვენებაში აღნიშნავს, რომიგივე დღეს 13:30-13:55 საათზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, თ–ში, .... ქუჩა N..-თან უნდა ყოფილიყო ლ. გ–ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. 13:00-14:00 საათამდე პერიოდში ლ. გ–ი უმცროს ვაჟთან ერთად იმყოფებოდა თ–ში, პ.... გამზირის, მე-.. კვარტლის .... კორპუსის გვერდით მდებარე სკვერში, რა დროსაც საქანელაზე მყოფ შვილს გადაუღო ფოტო, რომელიც 13:27 საათზე გადაუგზავნა მეუღლეს. ,,.......ის“ მიერ გაცემული ანძების მონაცემების მიხედვით, ლ. გ–ის დაკავების დროს, კერძოდ 14:19 -14:24 საათამდე პერიოდში, მისი ყოფნის ადგილად ფიქსირდება თ–ი, ხ–ის ქუჩა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ( მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37; 41, ECtHR,20/03/2009). ამასთანავე, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).

15. საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ ოქმზე შენიშვნების, დამატების ან შესწორების გამოთქმის უფლებას რაც აისახება ოქმში, ხოლო მე-6 ნაწილი ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ვინაიდან ხშირია მოწმეების მიერ მათ მიერ ხელმოწერილ ოქმებში მითითებული ინფორმაციის შედავება არსებით სასამართლო სხდომაზე ისეთი საფუძვლებით, რაც უკავშირდება ოქმის ხელმოწერას ოქმის ტექსტის გაცნობაზე ნებაყოფლობით უარის თქმის პირობებში ( მაგ. ენდობოდა საგამოძიებო მოქმედების მწარმოებელ პირებს) ან ტექსტის გაცნობის ობიექტურ სირთულეებზე მითითებით ( მაგ. არ ჰქონდა სათვალე) მნიშვნელოვანია, ტექნიკური საშუალებების ფართოდ გამოყენება საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის და შედეგების ფიქსაციის მიზნებისთვის (მათ შორის მოწმეთა მიერ ან მოწმეებისთვის საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსის გაცნობის დადასტურებისთვის).

16. ვინადან საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე