შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 14.07.2020
საქმის ნომერი
2კ-597აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002356025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №597აპ-19 ქ. თბილისი

მ. გ., 597აპ-19 14 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ლუკა გამყრელიძის

მსჯავრდებულ - გ. მ-ს

ადვოკატ - კ. ს.

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ-ში მდებარე „.......“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-მა დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დ. ლ-ას წაართვა 1000 ლარად ღირებული, iPhone 7 ფირმის მობილური ტელეფონი. გ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედებით დ. ლ-ას მიადგა 1000 ლარის მატერიალური ზიანი და ასევე - მორალური სახის ზიანი.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით:

გ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლის 27 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

გაუქმდა გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო. ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 10000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით, ნ. ზ-ის (დაბადებული ....., პირადი №----) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ-ში, საკადასტრო კოდი ...........) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ-ში მდებარე „.....“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ-მა დ. ლ-ას გამოართვა iPhone 7 ფირმის მობილური ტელეფონი შემდგომი გადახდის შეთავაზებით. გ. მ-მა დ. ლ-ას არც მობილური ტელეფონი დაუბრუნა და არც მისი ღირებულება გადაუხადა. გ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედებით დ. ლ-ას მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანჟელა გეთია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

8. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს-მ იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა თავად მსჯავრდებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1.საკასაციო სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საქმე, შეამოწმა ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ ანჟელა გეთიას მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით) არ დასტურდება გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის თანახმად, ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მართალია, დასტურდება გ. მ-ს მიერ დ. ლ-ას კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, მაგრამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით ძალადობა, მათ შორის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა - ბრალდების მხარის მიერ მითითებული ცივი იარაღის გამოყენება, კერძოდ:

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა დ. ლ-ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, მივიდა თავის კუთვნილ მობილური ტელეფონების მაღაზიაში, სადაც დახვდნენ თანამშრომელი გ. გ., ერთი მეგობარი და გ. მ. ეს უკანასკნელი სახეზე ეცნობოდა მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენა - საიდან, რის შემდეგაც თავად გ. მ-მა გაახსენა თავი, რომ რამდენიმე წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, თან უთხრა, რომ სურდა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა, ხოლო თანხას გადაუხდიდა მეორე დღეს, 12:00 საათისთვის, რაზედაც უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ მობილურის შეძენასა და თანხის შემდგომ გადახდაზე მათ შორის საუბარი კვლავ გაგრძელდა. გ. მ-მა უთხრა, რომ ტელეფონი მისი იყო და აღარ დაუბრუნებდა, შემდეგ დაუბრუნა და ისევ წაართვა. ბოლოს ისე წავიდა, რომ ტელეფონი არ წაუღია. მეორე დღეს, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 11:45 საათისთვის გააღო მაღაზია, სადაც მალევე კვლავ მივიდა გ. მ. და უთხრა, რომ დაპირებისამებრ, ტელეფონის შესაძენად იყო მისული. მან უარი თქვა წინა დღეს შერჩეულ ტელეფონზე იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ ტელეფონს არ ჰქონდა ყუთი და ითხოვა ტელეფონი ყუთით. მას აჩვენა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა ყუთი. ტელეფონს შეცვლილი ჰქონდა ეკრანი და ამის თაობაზე აცნობა გ. მ-ს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მეზობლად მდებარე მაღაზიაში მუშაობდა მისი ნაცნობი, რომელთანაც უნდა შეემოწმებინა ტელეფონი. თავადაც გაჰყვა გ. მ-ს და თან წაიღეს მობილური ტელეფონი ყუთით. როდესაც შესამოწმებლად მიიტანეს, ხელოსანმა რ–მა გ-ს უთხრა, რომ ტელეფონი კარგ მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ გ-მ მას (დ. ლ-ას) უთხრა, რომ როგორც შეთანხმდნენ, თანხას - 1000 ლარის ოდენობით, ბანკომატის მეშვეობით გამოიტანდა „...........“ ბანკის ანგარიშიდან და მისცემდა. ერთად წავიდნენ წ...... მდებარე „.....“ ბანკისკენ. გზაში გ. მ-მა განუცხადა, რომ მისი მეგობრის მამა ცხოვრობდა იქვე და მას გამოართმევდა ფულს, ამიტომ სხვა მიმართულებით განაგრძეს სიარული. ერთ კონკრეტულ ადგილზე, წ......ან შესახვევში, გ-მ უთხრა, რომ იმ ადგილას თავად მივიდოდა მისი მეგობრის მამა, ამიტომ დაბრუნებულიყო მაღაზიაში და ფულს მოგვიანებით მიუტანდა, რაზედაც არ დათანხმდა. ამ დროისათვის გ. მ-ს მობილური ტელეფონი ხელში ეჭირა, ხოლო ტელეფონის ყუთი ჯიბეში ედო. ამის შემდეგ გ-მ უთხრა - „ნივთი ჩემია, ყუთიც მე მაქვს და რას გააკეთებ, მიჩივლებო?“ „არ მაინტერესებს, არ გაძლევო“ - და აუჩქარებლად, დინჯად წავიდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ამ პერიოდში არაფერი მოუმოქმედებია, ვინაიდან გაუჩნდა გარკვეული შიშის გრძნობა. კერძოდ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ, წინა დღეს, 2018 წლის 10 თებერვალს, მაღაზიაში ყოფნისას, გ. მ-ს თან ჰქონდა დანა, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა მათ დასანახად. მან დანა ჯერ ამოიღო საქამრიდან და ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ გადასცა მის (დ. ლ-ას) მეგობარს, რომელიც მაგიდასთან იჯდა. ამ უკანასკნელმა დანა უჯრაში შეინახა. შემდეგ გ-მ კვლავ გამოართვა დანა. 11 თებერვალს კი მას თან ჰქონდა შავი ფერის ნივთი (თუმცა ზუსტად ვერ უთითებს, აღნიშნული იყო თუ არა დანა). ნერვიულობის ფონზე ეს ნივთი აღიქვა დანად. გ. ხელში ათამაშებდა ამ ნივთს, თითქოს გახსნის მომენტიც შეამჩნია და როგორც ახსოვს, დასამაგრებელიც ჰქონდა. ყოველივე აღნიშნულის გამო, ვერაფერი მოიმოქმედა, უყურებდა როგორ მშვიდად მიდიოდა ბრალდებული, თავად კი მოგვიანებით მიმართა პოლიციის განყოფილებას.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ. გ-მა განაცხადა, რომ მუშაობს სადგურის მოედანზე, სავაჭრო ცენტრ „..........ში“ მდებარე N--- მაღაზიაში, მის მეგობარ დ. ლ-ასთან. 2018 წლის 10 თებერვალს იმყოფებოდა მაღაზიაში, სადაც საღამოს საათებში შევიდა გ. მ. იგი ათვალიერებდა iPhone 7 მოდელის მობილურ ტელეფონს და უთხრა, რომ სურდა აღნიშნული ტელეფონი წაეღო თანხის გადახდის გარეშე, რაზედაც უარი განუცხადა. ამ დროს მაღაზიაში შევიდა მაღაზიის მფლობელი - დ. ლ-ა, რომელსაც გ-მ უთხრა - შენი ნაცნობი ვარო. გ. მ-მა დ. ლ-ას ასევე უთხრა, რომ სურდა მობილური ტელეფონის წაღება თანხის გადახდის გარეშე და თანხას მეორე დღეს მიუტანდა. აღნიშნულზე დ. ლ-ამ განუცხადა, რომ მაღაზია მხოლოდ მისი საკუთრება არ იყო და ტელეფონს თანხის გადახდის გარეშე ვერ გაატანდა. ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი გ-სა და დაზარალებულს შორის, რაც მაღაზიის გარეთაც გაგრძელდა. ამასთანავე, გასვლამდე, მაღაზიაში საუბრისას, გ. მ-მა საქამრეში ჩადებული დანა ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში მაღაზიაში კვლავ მივიდა გ. მ. და დ. ლ-ას ჰკითხა, iPhone 7 მოდელის მობილურ ტელეფონს რამდენ ლარად მიჰყიდდა, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ხსენებული ტელეფონის ფასი იყო 1000 ლარი. ამის შემდეგ გ. მ-მა უთხრა, რომ გვერდით მდებარე N--- მაღაზიაში ახლობელ ხელოსანთან უნდა შეემოწმებინა მობილური ტელეფონი, რის გამოც ის და დ. ლ-ა მაღაზიიდან გავიდნენ ტელეფონით და ყუთით. ამ დროს გ-სთვის დანა არ შეუმჩნევია. მოგვინებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ. მ-მა დ. ლ-ას დანის მუქარით გამოართვა iPhone 7 მოდელის შავი ფერის მობილური ტელეფონი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ. ბ-მა განაცხადა, რომ დასაქმებულია ვ-ს მოედნის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „...........“ არსებულ №… მაღაზიაში, მობილური ტელეფონების ხელოსნად. 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში, მასთან მივიდა მისი მეგობარი გ. მ., ვინმე ლ-ასთან ერთად, რომლის მაღაზიაც მისი მაღაზიის მეზობლად მდებარეობს. გ. მ–ს თან ჰქონდა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონი და სთხოვა მისი შემოწმება. შემოწმების შემდეგ გ–ს უთხრა, რომ მობილურ ტელეფონს ეკრანი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გ. მ. და დ. ლ. ერთად წავიდნენ.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ. ჯ. განაცხადა, რომ გ. მ. არის მისი მეგობარი. 2018 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, გ-ში, როდესაც დაახლოებით დღის 12 საათზე გააღვიძა გ. მ-მა და სთხოვა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ლომბარდში ჩაებარებინა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი. ისინი წავიდნენ ....... მდებარე ლომბარდში, სადაც ყუთის დატოვების სანაცვლოდ გ. მ-მა მიიღო 501 ლარი. მოწმისათვის უცნობია, თუ საიდან ჰქონდა გ-ს ეს ტელეფონი.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ. ბ-მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. ........-ში მდებარე შპს „............ში“ (ლომბარდი) ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 11 თებერვალს ზემოაღნიშნულ ლომბარდში ჩაბარებულ იქნა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის ყუთი, რის თაობაზეც მისმა სხვა თანამშრომელმა გააფორმა ხელშეკრულება. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს დალომბარდებული ნივთი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს IV განყოფილების თანამშრომლებმა - გ. გ-მა, გ. პ-მა, ნ. ფ-მა, რ. გ-მა, გ. დ-მ, რ. ჩ-მა და გ. ბ-მ, ასევე ექსპერტმა მ. ბ-მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება კანონის შესაბამისად.

9. 2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ. მ-ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ........ში, რ. გ-ში, მისი მეუღლის - თ. ა-გან ამოიღეს iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონი.

10. 2018 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თ., პ-ში მდებარე შპს „მ-ში“ დ. ბ-გან ამოიღეს თეთრი ფერის ყუთი, რომელიც არის iPhone 7-ის. აღნიშნულ ყუთს გაკეთებული აქვს წარწერა ......, უკანა მხარეს აწერია 32 GB, ხოლო გვერდით აწერია iPhone, ასევე ამოღებულია სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №--.

11. 2018 წლის 12 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ. ა–აგან ამოღებული მობილური ტელეფონი „iPhone 7“, კერძოდ, გამომძიებელმა ჩართო აღნიშნული მობილური ტელეფონი და აკრიფა კომბინაცია - *#06#OK, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოისახა მობილური ტელეფონის იმეიკოდი -3........

12. 2018 წლის 11 თებერვლის სესხისა და გირავნობის №..... ხელშეკრულების თანახმად, შპს „მ.........ს“ და ნ. ჯ-ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაგირავდა მობილური ტელეფონის - iPhone 7, 32 GB, BLACK, იმეიკოდით - 3.......... ყუთი, 502 ლარის სანაცვლოდ, 10 დღის ვადით.

13. 2018 წლის 15 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „აიფონ 7“, 32GB, იმეიკოდით …. საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 850 ლარს.

14. 2018 წლის 20 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თ., გ-ში, ა. მ-მა ნებაყოფლობით წარმოადგინა, მისი განმარტებით, გ. მ-ს კუთვნილი, მოშავო ფერის ელექტროსიგარეტი და მართკუთხა ფორმის კოლოფში მოთავსებული 4 ცალი სიგარეტი, რაც ამოიღო ადვოკატმა კ. ს-მ.

15. გ. მ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში, სახლიდან წავიდა სავაჭრო ცენტრ „კ-თან“ მდებარე ტელეფონების მაღაზიაში, სადაც მუშაობს მისი მეგობარი - რ. ბ-ი. თან ჰქონდა გარკვეული თანხა და უნდოდა ტელეფონი ეყიდა მეუღლისთვის საჩუქრად. როდესაც მივიდა მაღაზიაში და ათვალიერებდა ტელეფონს, გამოჩნდა მისი ძველი ნაცნობი დ. ლ-ა, რომელიც გადაკოცნა და მოიკითხა; ასევე უთხრა, რომ სურდა iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის შეძენა. დ. ლ-ამ აჩვენა გასაყიდი ტელეფონი, რომელიც ღირდა 1000 ლარი. აღნიშნულზე უთხრა, რომ შეძენამდე ტელეფონი უნდა შეემოწმებინა თავის მეგობარ ხელოსანთან - რ. ბ-თან, რაზეც დ. ლ-ა დათანხმდა. დ. ლ-ასთან ერთად გავიდა მეზობლად მდებარე მაღაზიაში და რ. ბ-ს შეამოწმებინა ტელეფონი. ხელოსანმა უთხრა, რომ ტელეფონს ეკრანი ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იყო კარგ მდგომარეობაში და ღირდა მისი შეძენა. იქიდან გამოსვლისას დ. ლ-ას უთხრა, რომ ჰქონდა მხოლოდ ხუთასი ლარი, რომელსაც მისცემდა, ხოლო დარჩენილ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს, ვინაიდან კვირა დღე იყო, ქორწილში მიდიოდა და ვერ მოასწრებდა თანხის მოძიებას. თავიდან დაზარალებულმა თავი შეიკავა, რადგან დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა აღნიშნულს და დარეკა ვიღაცასთან. დ. ლ-ას უთხრა, რომ ტელეფონის ყუთიც სჭირდებოდა მასზე დაფიქსირებული იმეიკოდით, სხვა შემთხვევაში ტელეფონს არ შეიძენდა. დ-მა მაღაზიიდან გამოიტანა ყუთი და წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. გ. მ-მა განმარტა, რომ მანქანიდან ამოიღო ხუთასი ლარი და გადასცა დ. ლ-ას. ასევე დაჰპირდა, რომ დანარჩენ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს. დ. ლ-ა ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მერე არაფერი უთქვამს, დაემშვიდობნენ და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. სახლში სანამ მივიდოდა, მეგობრის ნ. ჯ-ის დახმარებით, ტელეფონის ყუთი დაალომბარდა პ. მდებარე ლომბარდში, რაშიც აიღო 500 ლარი. შემდეგ სახლში მივიდა, მეუღლეს უთხრა, რომ ტელეფონი იყიდა მისთვის, ხოლო ყუთი დაალომბარდა, თუმცა გამოისყიდდა და ისე მისცემდა ტელეფონს, შემდეგ ტუმბოში ჩადო ტელეფონიც და თანხაც (თუმცა 50 ლარი წაიღო ქორწილში). ქორწილიდან წამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, საპატრულო პოლიციამ გააჩერა ტაქსი, რომლითაც იგი მგზავრობდა, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებიც და მოხდა მისი გადაყვანა დიდუბის რაიონულ სამმართველოში, ისე, რომ მისთვის დაკავებულის უფლებები არ განუმარტავთ. გ. მ-მა კატეგორიულად გამორიცხა დანის ფლობისა და ტარების ფაქტი; განმარტა, რომ არის ელექტროსიგარეტის მომხმარებელი და მუდმივად ატარებს მას. 2018 წლის 11 თებერვალს, როგორც მაღაზიაში, ასევე მაღაზიის გარეთ ეწეოდა აღნიშნულ ელექტროსიგარეტს. 2018 წლის 10 თებერვალს არ ყოფილა დ. ლ-ას მაღაზიაში, მხოლოდ რ. ბ-თან იყო მისული სანახავად, ხოლო დ. ლ-ასთან პირველად მივიდა 11 თებერვალს.

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ ყაჩაღობის ჩადენისას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც იარაღის აქტიური გამოყენებისას, ასევე - იარაღის დემონსტრირების დროსაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით, სრულიად გამოირიცხა ყაჩაღობის შემადგენლობისათვის აუცილებელი ელემენტი - სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალის გამოყენების მუქარა. კერძოდ, მართალია დ. ლ-ა უთითებს, რომ იმ საგნის დემონსტირებით, რაც მან აღიქვა დანად, გაუჩნდა გარკვეული შიში, თუმცა მას კონკრეტულად საგნის დასახელება არ შეუძლია - იყო თუ არა ეს დანა. გარდა ამისა, დაზარალებული მის უმოქმედობას უკავშირებს არა მხოლოდ იმწუთიერ შიშს, არამედ იმ გარემოებას, რომ წინა დღეს მასთან მისული გ. მ. ატარებდა დანას. ამასთან, დ. ლ-ამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას არ სურდა კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევა, მისთვის მიუღებელია ამგვარი ცხოვრების წესი და ამიტომ გადაწყვიტა წინააღმდეგობა არ გაეწია გ. მ-სათვის ტელეფონის უკან დასაბრუნებლად. რაც შეეხება გ. მ-ს მიერ 2018 წლის 10 თებერვალს დანის ტარების ფაქტს, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ. გ-მა, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს, რომ გ. მ. მუდმივად ცივი იარაღით გადაადგილდება და მას ეს ნივთი თან ექნებოდა 11 თებერვალსაც. სასამართლო ასევე ითვალისწინებს გ. გ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მას არ შეუმჩნევია 11 თებერვალს მაღაზიაში მისული გ. მ-სთვის დანა. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ გ. მ-მა დ. ლ-ას დანის მუქარით გამოართვა iPhone 7-ის მოდელის ტელეფონი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. მ-ს ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

18. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულმა ნივთი ნებაყოფლობით გადასცა და მსჯავრდებულმა მოატყუა, რომ ტელეფონის ღირებულებას გადაუხდიდა, რაც, ერთი შეხედვით, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ხერხად გამოიყენა - მოტყუება და, შესაბამისად, ჩაიდინა თაღლითობა, მაგრამ მის ქმედებაში გამოკვეთილია ძარცვის შემადგენლობა, კერძოდ:

19. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს - ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღება ხდება მოტყუების გამოყენებით. მოტყუება გულისხმობს ქონების მესაკუთრის დეზინფორმაციას, მის წინასწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 566აპ-18). თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. იმავდროულად, ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის არ არის საკმარისი დამნაშავეზე ნივთის ნებაყოფლობით გადაცემის ფაქტი.

20. დაზარალებულ დ. ლ-ას ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 11 თებერვალს მან მის მაღაზიაში მისულ გ.მ-ს ტელეფონი მხოლოდ იმიტომ გადასცა, რომ ტელეფონის შესაძენად მისულმა გ. მ-მა მოითხოვა ი-მეი კოდის შემოწმება და ტელეფონის მდგომარეობის შემოწმება მეზობლად მდებარე მაღაზიაში მომუშავე ნაცნობი ხელოსნის მიერ, რის შემდეგაც გ. მ-ს უნდა გადაეხადა ნივთის საფასური. ამასთან, დ. ლ-ა თავადაც გაჰყვა გ. მ-ს და თან წაიღეს მობილური ტელეფონის ყუთი. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე გ. გ-ს ჩვენებითაც. ამდენად, დაზარალებულმა დ. -ამ გ. მ–ს ნივთი გადასცა მხოლოდ იმწუთიერ, ძალიან მოკლევადიან პყრობაში მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით.

21. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ნდობის ფაქტორის არებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის, მოწმე გ. გ-ს, ასევე თავად გ. მ-ს ჩვენებებით, არ დასტურდება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ნდობითი ხასიათის ურთიერთობის არსებობა და ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით დაზარალებულის შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, დაზარალებულ დ. ლ-ას ჩვენებებიდან ირკვევა რომ 10 თებერვალს საღამოს თავის კუთვნილ მობილური ტელეფონების მაღაზიაში მისულს დახვდნენ თანამშრომელი გ. გ., ერთი მეგობარი და გ. მ. ეს უკანასკნელი სახეზე ეცნობოდა, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენა - საიდან, რის შემდეგაც თავად გ. მ-მა გაახსენა თავი. აღნიშნულის მიუხედავად დაზარალებულმა უარი უთხრა გ. მ-ს მობილური ტელეფონის გატანებაზე თანხის მეორე დღეს 12:00-სთვის გადახდის პირობით. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე გ. გ-ც. მსჯავრდებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ 11 თებერვალს ტელეფონის საყიდლად მისვლის შემდეგ, ნაცნობობის მიუხედავად, დაზარალებულმა არ გაატანა ტელეფონი ხელოსნისთვის ჩვენების მიზნით და თავად გაჰყა როგორც ხელოსანთან, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც მსჯავრდებული უთითებდა ფულის „აღების ადგილად“ (,,..............“ ბანკთან, ერთ კონკრეტულ ადგილს, ............. შესახვევს).

22. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეებს შორის არც ნივთის ღირებულების ეტაპობრივად/ ნაწილობრივად გადახდის შესახებ შეთანხმების არსებობა, რაზეც მიუთითებდა ადვოკატი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაცვის მხარემ ვერ შეძლო ასეთი შეთანხმების არსებობის დადასტურება, მანვე უარყო ასეთი შეთანხმების არსებობა მხარეებს შორის ტელეფონის მაღაზიიდან წამოღების მომენტში. აღნიშნული არ დასტურდება არც დაზარალებულ დ. ლ-ასა და არც მოწმე გ. გ-ს ჩვენებებით. დაზარალებული დ. ლ-ა ყველა ჩვენებაში ცალსახად აღნიშნავს, რომ 2018 წლის 10 თებერვალს მან უარი უთხრა გ. მ-ს iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის გაყიდვაზე თანხას მეორე დღეს, 12:00 საათისთვის გადახდის პირობით. მოწმე გ. გ-ს ჩვენებითაც დგინდება, რომ 2018 წლის 10 თებერვალს უარი უთხრა გ. მ-ს iPhone 7 მოდელის მობილური ტელეფონის წაღებაზე თანხის გადახდის გარეშე. ამ დროს მაღაზიაში შესულმა მაღაზიის მფლობელმა დ. ლ-ამაც (რომელსაც გ-მ უთხრა - შენი ნაცნობი ვარო) გ. მ–ს განუცხადა, რომ მაღაზია მხოლოდ მისი საკუთრება არ იყო და ტელეფონს თანხის გადახდის გარეშე ვერ გაატანდა. ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი გ. მ-ს და დაზარალებულს შორის, რაც მაღაზიის გარეთაც გაგრძელდა. დ. ლ-ას განმარტებით, მას შემდეგ რაც მეორე დღეს ხელოსანმა რ-მა გ-ს უთხრა, რომ ტელეფონი კარგ მდგომარეობაში იყო, გ-მ მას უთხრა, რომ, როგორც შეთანხმდნენ, თანხას - 1000 ლარის ოდენობით, ბანკომატის მეშვეობით გამოიტანდა „...........“ ბანკის ანგარიშიდან და მისცემდა.

23. ამდენად, დ. ლ-ას და გ. გ-ს ჩვენებებით ცალსახად დასტურდება რომ დ. ლ-ა წინააღმდეგი იყო და არ ატანდა გ. მ-ს ტელეფონს ტელეფონის ღირებულების მოგვიანებით გადახდის პირობით, მხარეებს შორის არ არსებობდა არც თანხის ეტაპობრივად გადახდის შესახებ შეთანხმება. დაზარალებულმა ნივთი მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანა, რაც გ. მ-მა განაცხადა, რომ ნივთს ყიდულობდა. ამასთან, ერთ კონკრეტულ ადგილზე, წ-ან შესახვევში, გ-მ უთხრა, რომ იმ ადგილას თავად მივიდოდა მისი მეგობრის მამა, ამიტომ დაბრუნებულიყო მაღაზიაში და ფულს მოგვიანებით მიუტანდა, რაზედაც არ დათანხმდა. ამ დროისათვის გ. მ-ს მობილური ტელეფონი ხელში ეჭირა, ხოლო ტელეფონის ყუთი ჯიბეში ედო. დ. ლ-ას ჩვენების თანახმად, მან მოითხოვა ფულის გადახდა ან ტელეფონის უკან დაბრუნება, რაზეც გ. მ-მა უპასუხა, რომ „ნივთი ჩემია, ყუთიც მე მაქვს და რას გააკეთებ, მიჩივლებო?“ „არ მაინტერესებს, არ გაძლევო“ - და აუჩქარებლად, დინჯად წავიდა. ამდენად, გ. მ-სთვის თავიდანვე და ნივთის დაუფლების მომენტშიც ცნობილი იყო, რომ დაზარალებული წინააღმდეგი იყო გ. მ-სთვის ნივთის საფასურის მოგვიანებით გადახდის პირობით ნივთის გატანების, რაც მკაფიოდ განუცხადა კიდევ ერთხელ .......... შესახვევში, და მოითხოვა ფულის გადახდა ან ტელეფონის დაბრუნება.

24. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისთვის ნივთის ღირებულების ნაწილის (500ლარი) გადახდა, რაზეც მიუთითებდა დაცვის მხარე. კერძოდ, მსჯავრდებულ გ. მ-ს ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ხელოსანმა ნახა ნივთი და იქაურობა დატოვეს, დ. ლ-ას უთხრა, რომ ჰქონდა მხოლოდ ხუთასი ლარი, რომელსაც მისცემდა ახლა, ხოლო დარჩენილ ხუთას ლარს გადაუხდიდა ორშაბათს, ვინაიდან კვირა დღე იყო, ქორწილში მიდიოდა და ვერ მოასწრებდა თანხის მოძიებას. თავიდან დაზარალებულმა თავი შეიკავა, რადგან დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა აღნიშნულს და დარეკა ვიღაცასთან. დ. ლ-ას უთხრა, რომ ტელეფონის ყუთიც სჭირდებოდა მასზე დაფიქსირებული იმეიკოდით, სხვა შემთხვევაში ტელეფონს არ შეიძენდა. დ-ა მაღაზიიდან გამოიტანა ყუთი და წავიდნენ იმ მიმართულებით, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. გ. მ-მა განმარტა, რომ მანქანიდან ამოიღო ხუთასი ლარი და გადასცა დ. ლ-ას. ასევე დაჰპირდა, რომ დანარჩენ ხუთას ლარს მისცემდა ორშაბათს. დ. ლ-ა ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ მერე არაფერი უთქვამს, დაემშვიდობნენ და დაშორდნენ ერთმანეთს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება არც თანხის ნაწილობრივად გადახდის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება, არც მსჯავრდებულის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებასთან მისვლა, არც თანხის ნაწილის გადაცემა და არც გ. მ-ს მიერ მითითებული დაზარალებულის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი (თანხის ნაწილის გადახდის პირობით ნივთის გატანების შეთანხმება).

25. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას .... ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებითაც) და უკავშირდება დაცვის მხარის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28, 42).

26.ვინაიდან საქართველოში სისხლის სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე და საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს ლეგალურ სუბსიდუალურობას, სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სასამართლო მხოლოდ აფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და სასამართლო სხდომაზე მათი გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება და ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

27. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ მსჯავრდებულის ჩვენება ეწინაააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, მსჯავრდებულის განმარტებით, 2018 წლის 10 თებერვალს არ ყოფილა დ. ლ-ას მაღაზიაში, მხოლოდ რ. ბ-თან იყო მისული სანახავად, ხოლო დ. ლ-ასთან პირველად მივიდა 11 თებერვალს; ხოლო დ. ლ-ასა და გ. გ-ს ჩვენებებით დასტურდება 2018 წლის 10 თებერვალს მაღაზიაში მსჯავრდებულის მისვლა.

28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების ანგარებით დაუფლებას თვალნათლივ იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ან სხვა ადამიანისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნივთის აშკარა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით და აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 566აპ-18). დაზარალებულის ჩვენების თანახმად დ. ლ-ა ითხოვდა გ. მ-ს დაებრუნებინა მისთვის ტელეფონი ან გადაეხადა ტელეფონის ღირებულება, უთხრა რომ ნივთი მისი არ იყო, პრობლემები აქვს და ნივთის გარეშე არსად წავიდოდა - შესაბამისად გ. მ-ს მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლება განხორციელდა აშკარად, დაზარალებულის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 269აპ-18, განჩინება საქმეზე N 173აპ-20). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ ქონების დაუფლება გულისხმობს, რომ პირს რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება საკუთარი შეხედულებით იმისდამიუხედავად მოახერხა თუ არა ამ შესაძლებლობის რეალიზება. მოცემულ შემთხვევაში მართალია გ. მ–ს მობილური ტელეფონი ხელში ეჭირა ქუჩაში გადაადგილებისას, გადამწყვეტია დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმა, როდესაც გ. მ-მა დაზარალებულის მოწოდებაზე უპასუხა, რომ „ნივთი ჩემია, ყუთიც მე მაქვს და რას გააკეთებ, მიჩივლებო?“ „არ მაინტერესებს, არ გაძლევო“ - და აუჩქარებლად, დინჯად წავიდა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ისეთი შემთხვევა, როდესაც დამნაშავე ამა თუ იმ მოგონილი საბაბის მოშველიებით დაზარალებულის მოტყუებას იყენებს როგორც ხერხს ამ უკანასკნელის კუთვნილი ნივთის იმ მომენტისათვის ხელში ჩასაგდებად, რათა ამ გზით აშკარად დაეუფლოს მას დაზარალებულის მიერ მკაფიოდ გამოხატული ნების წინააღმდეგ, რომელიც მაშინვე ითხოვს იმწუთიერი მპყრობელისგან ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურებას ან გადაცემული ნივთის მისთვის უკან დაბრუნებას,ხოლო ნაცვლად ამისა, ნივთს დამნაშავე ადგილზევე ისაკუთრებს მართლსაწინააღმდეგოდ, უნდა დაკვალიფიცირდეს ძარცვად და არა თაღლითობად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე №566აპ-18).

30. სასამართლო ითვალისწინებს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ( დ. ლ-ას, გ. მ-ს ჩვენებითაც) ცალსახად დასტურდება, რომ დაზარალებული თავიდანვე იყო ნივთის ღირებულების მოგვიანებით გადახდის პირობით გადაცემის წინააღმდეგი, ბოლომდე მიჰყვებოდა ნივთს, არ დათანხმდა გ. მ-ს შემოთავაზებას რომ დაბრუნებულიყო მაღაზიაში და გ. მ. მეგობრის მამასთან შეხვედრის შემდეგ თავად მიუტანდა აღნიშნულ თანხას, ითხოვდა ნივთის უკან დაბრუნებას ან ფულის გადახდას, იმავე დღეს აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რომლითაც დ. ლ-ას მიადგა მატერიალური ზიანი - 850 ლარის ოდენობით, უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

33. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

34. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ნასამართლობის არმქონე), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

35. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ არსებობს მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 63 -ე და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და მიაჩნია, რომ გ. მ-ს მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომის -თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, გამოყენება წარმოადგენს საკმარის ზომას მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ემუხლით,307-ემუხლის 1-ლინაწილის,,გ“ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

4. გ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; ასვე სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლის 27 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

5. ცნობად იქნას მიღებული, რომ გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით, ნ. ზ-ს (დაბადებული ..........., პირადი №--) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. .............ში, საკადასტრო კოდი .......) პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა;

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - მაჯის საათი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჯეოსელის სიმბარათით და თანხა 2 (ორი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს; თ. ა-გან ამოღებული „iPhone 7“ ფირმის მობილური ტელეფონი და დ. ბ-გან ამოღებული „iPhone 7“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს; გ. მ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე