დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.06.2020
საქმის ნომერი
2კ-28-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802220003722759

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№28I-20 ქ. თბილისი

ტ. პ. 28I-20 26 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - პ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ. ტ-ს მიმართ რ-ს ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 15 იანვარს რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.დ-ს რ-ს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გადაწყვეტილებით პ. ტ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2018 წლის 25 იანვარს რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.დ-ს რ-ს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება პ. ტ-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, პ. ტ-ს ბრალი დაედო რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იარაღად საგნის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2018 წლის 26 იანვარს რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.დ-ს რ-ს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გადაწყვეტილებით პ. ტ-ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

2018 წლის 7 მარტს რ-ს ფ-ს ქ.დ-ს რ-ს ჟ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. ტ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

2018 წლის 10 აპრილს პ. ტ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

2. პ. ტ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2019 წლის 10 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პ. ტ.

2019 წლის 13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, პ. ტ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2019 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით პ. ტ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 10 სექტემბრამდე.

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით პ. ტ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 10 დეკემბრამდე.

2019 წლის 5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით პ. ტ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 50000 ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

რ-ს ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2018 წლის 10 იანვარს, რ-ს ..... მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, პ. ტ-სა და ა. ა-ს შორის წარმოშობილი პირადი უთანხმოების საფუძველზე, პ. ტ-მ დანის გამოყენებით ა. ა-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში რამდენიმე ჭრილობა. თავდასხმის შედეგად ა. ა-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რა დროსაც განუვითარდა გულმკერდის მარცხენა პლევრის არეში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ღია ჰემოპნევმოთორაქსი, მუცლის ღრუს წინა კედლის არეში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და ღვიძლის მარჯვენა წილში შემავალი ჭრილობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი პ. ტ-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.დ-ს რ-ს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 25 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იარაღად საგნის გამოყენებით).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - პ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პ. ტ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 10 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ პ. ტ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რ-ს ფედერაციის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პ. ტ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. პ. ტ-მ სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოცემული დროისათვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები დასრულებული არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციაზე ვერ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.

5. კასატორის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე№2I-17).

6. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს პ. ტ-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

7. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, ECtHR, § 110, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება. ასეთად, Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom (no8139/09, § 259, ECtHR, 17/01/2012,) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს:

- in absentia მსჯავრდებას, როდესაც არ არსებობს საქმის ხელახლა არსებითად განხილვის შესაძლებლობა;

- სასამართლო პროცესი, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა და განხორციელდა დაცვის უფლებების სრული უგულებელყოფით;

- პატიმრობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე;

- ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე განზრახი და სისტემატური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ.

ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, ECtHR, no. 8139/09, § 261, 17/01/ 2012).

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რ-ს ფედერაციაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

9. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ რ-ში არსებული ზოგადი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ .. პირის გადაცემა თავისთავად წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“ (იხ. Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR,27/02/2014).

10. 2019 წლის 14 მაისს, პროკურორთან გასაუბრებისას, პ. ტ-მ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მის ექსტრადიციას რ-ს ფედერაციაში. მან ასევე განმარტა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისა და ადგილობრივი დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც დევნიან სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ამასთან, დაცვის მხარის მიერ 2019 წლის 23 აპრილს წარმოდგენილი განცხადების თანახმად, პ. ტ. რ-ს ფედერაციაში იდევნება მის ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით. იგი 2018 წლის 10 იანვარს, რ-ს ფედერაციის ქ.დ-ს რ-ვში, ა. ა-ნთან შელაპარაკებისას, პნევმატური იარაღით დაჭრეს და მას ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული არ ჩაუდენია. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარემ წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, პ. ტ-მ 2018 წლის 10 იანვარს ამბულატორიული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიმართა რ-ს ფედერაციის დ-ს რ-ს საქალაქო საავადმყოფოს. ასევე, აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, 2018 წლის 13-20 იანვარს პ. ტ. სამკურნალოდ იმყოფებოდა ა-ს სამედიცინო ცენტრში და მას დასმული ჰქონდა დიაგნოზი: ნაფლეთი ჭრილობა შუბლის არეში, საშუალო სიმძიმის თავის ტვინის შერყევა და ენცეფალოპათია.

11. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალის თანახმად, პ. ტ-ს ბრალდების ფორმულირების მიხედვით, 2018 წლის 10 იანვარს რ-ის ფ-ს ქ.დ-ს რ-ში პ. ტ-მ, მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, ა. ა-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში რამდენიმე ჭრილობა. დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ ხსენებულ კონფლიქტში, თავის მხრივ, პ. ტ-მმ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, თავისთავად არ წარმოადგენს პ. ტ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის დადგენა განეკუთვნება რ-ს ფედერაციის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პ. ტ-ს ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით, არასდროს მიუმართავს რ-ს ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის და მან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზნით, მომდევნო დღეს - 2018 წლის 11 იანვარს დატოვა რ-ს ფედერაცია.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პ. ტ-სა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ რ-ს ფედერაციის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების გამოცდილება. აღნიშნული დასტურდება თვით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც, რომლის თანახმად, პ. ტ. 2000 წლიდან ცხოვრობს რ-ს ფედერაციაში ოჯახის წევრებთან ერთად. მან საშუალო სკოლა დაამთავრა და საშუალო პროფესიული განათლება მიიღო რ-ს ფედერაციის დ-ს რ-ში.

13. დაცვის მხარეს არ მოუწოდებია ინფორმაცია პ. ტ-ს მიმართ რ-ს ფედერაციის სახელმწიფო წარმომადგენლების ან სხვა ფიზიკური პირების მხრიდან ძალადობის, დევნის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე წინარე ინციდენტის არსებობის შესახებ. ამდენად, აღნიშნული გარემოებებიდან და იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ტ-ს მიმართ ეთნიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით ( მათ შორის მაგალითად, აღნიშნული საფუძვლით პ. ტ-ს მიერ რფ შესაბამისი სამსახურებისთვის რეაგირების მოთხოვნით მიმართვის თაობაზე) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ეთნიკური ნიშნით დევნის საფრთხის რეალურობის შესახებ.

14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით პ. ტ-ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მითითებულმა სამინისტრომ ვერ დაადგინა რეალური საფრთხის არსებობა პ. ტ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი რაიმე ნიშნით დევნასთან ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

15. საქართველოს პროკურატურამ ასევე მოიძია პ. ტ-ს შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com, yandex.ru). პ. ტ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

16. რ-ს ფედერაციის გენერალური პროკურატურის გარანტიის თანახმად, ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად პ. ტ-ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პ. ტ. უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები)“.

17. 2020 წლის 15 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რ-ს ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა დაზუსტებული გარანტია, რომლის თანახმად, რ-ს ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, რ-ს ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში პ. ტ-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას. სისხლის სამართალწარმოების პროცესში იგი არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებული. რ-ს ფედერაციის ტერიტორიაზე პ. ტ. განთავსდება 1950 წლის ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლები). ამავე გარანტიების თანახმად, რ-ს ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა პ. ტ-ს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით. პ. ტ-ს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ყველა უფლებით. გარდა ამისა, პ. ტ-ს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ განცხადებასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების ან ასეთი საფრთხის არსებობის თაობაზე, შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული დამნაშავე პირების მიმართ განსაზღვრული სასჯელი არ გაქარწყლდება რაიმე სახის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებით.

18. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188).

19. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან არ დგინდება პ. ტ-ს საქმეში აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევის არსებობა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვევარაუდა, რომ პ. ტ. რ-ს ფედერაციაში დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას. ასევე, მხედველობაშია მისაღები, რომ რ-ს ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პ. ტ.ი ისარგებლებს ადვოკატის მომსახურებით და ყველა სხვა უფლებით, რაც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა ხელმომწერიცაა რ-ს ფედერაცია.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მოუწოდებია რაიმე კონკრეტული სახის ინფორმაცია, რაც მის მიმართ რ-ს ფედერაციაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი პ. ტ-ს რ-ს ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ს ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.დ-ს რ-ს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 25 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იარაღად საგნის გამოყენებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - პ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე