საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2020
საქმის ნომერი
2კ-613აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117001915084

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №613აპ-19 ქ. თბილისი

გ. მ. 613აპ-19 15 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი ზინიკო ქობალია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ფ–სა და ზ. რ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით, ხოლო მ. გ–ის – სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, მსჯავრდებულების – მ. გ–ისა და შ. გ–ის მიმართ კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

2.ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. გ–ეს, – დაბადებულს .... წელს, – მ. გ–ს, – დაბადებულს . წელს, – ზ. რ–ს, – დაბადებულს .... წელს, – და ა. ფ–ეს, – დაბადებულს .... წელს, – ბრალი დაედოთ შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: 2009 წლის 21 ივლისს ა. ფ–ე დაინიშნა ...... მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ..... (.......) რწმუნებულის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2013 წლის 18 დეკემბერს ა. ფ–მ დაამზადა ყალბი ცნობები, რომ თითქოსდა, გ. ა–ე და შ. პ–ე ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, სადაც მოჰყავდათ სიმინდი და კარტოფილი. მითითებული ყალბი ცნობები შ. გ–მ გამოიყენა პროდუქციის ექსპორტისას.

2013 წლის 31 მაისს ზ. რ–ი დაინიშნა .............. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ......... რწმუნებულის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2013 წლის ნოემბერში ზ. რ–ს დახმარებისათვის მიმართეს თავისმა ნაცნობებმა – რ. რ–მა და ლ. ქ–მა და სთხოვეს დაემზადებინა ცნობები, სოფელ ........ მცხოვრებ მოქალაქეთა მიერ სასოფლო–სამეურნეო კულტურის მოყვანის თაობაზე, რომელიც სჭირდებოდა შ. გ–ეს კარტოფილის ექსპორტისთვის. ზ. რ–მა დაამზადა 2013 წლის 5,8 და 11 ნოემბრით დათარიღებული სამი ცნობა, სადაც მიუთითა ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, ნ. რ–ი, ა. რ–ი და ა. ი–ე ფლობდნენ მიწის ნაკვეთს, სადაც მოჰყავდათ სიმინდი და კარტოფილი. მითითებული ყალბი ცნობები შ. გ–მ გამოიყენა პროდუქციის ექსპორტისას.

2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით შ. გ–მ და მ. გ–მ ჯგუფურად დაამზადეს ყალბი შესყიდვის აქტები, სადაც ყალბად დააფიქსირეს შპს „....“ მიერ ....., ....., ........, ...... მუნიციპალიტეტსა და ..... რეგიონში მცხოვრები გ. კ–ის, გ. გ–ის, მ. პ–ის, ი. ხ–ის, ჟ. ა–ის, მ. შ–ის, ვ. შ–ის, ნ. გ–ის, ა. გ–ის, გ. კ–ის, ა. ი–ის, ჯ. ჰ–ის, ტ. შ–ის, ე. მ–ის, რ. დ–ის, კ. გ–ის, ს. ჰ–ის, მ. ო–ის, თ. ქ–ის, ბ. პ–ის, გ. ც–ის, ნ. რ–ის, ა. ი–ის, ა. რ–ის, ზ. რ–ის, შ. პ–ის, გ. ა–ის, გ. ღ–ის, რ. კ–ის, ა. ფ–ის, ა. ბ–ის, გ. თ–ის, ნ. რ–ის, ნ. ქ–ის, ზ. ს–ს, ვ. კ–ის, გ. ჩ–ის, ი. კ–ის, თ. მ–ის, თ. მ–ის, ი. ბ–ისა და სხვა პირებისგან სასოფლო–სამეურნეო კულტურების შესყიდვის ფაქტები. ყალბად შედგენილ აქტებში მიუთითეს შესყიდული ბოსტნეულისა და ხილის ოდენობა და გადახდილი საფასური, რითაც ხარჯი გაზარდეს 3 084 991 ლარით. ყალბად შედგენილი შესყიდვის აქტები, შემდგომში გამოყენების მიზნით წარადგინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე პროდუქციის ექსპორტის დროს და ასევე – საგადასახადო ორგანოში.

2013 წლის დეკემბერში შპს „.....“ დირექტორმა მ. გ–მ, საზოგადოების სახელით ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტისას, საბაჟო საზღვარზე წარადგინა ......... მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფ. ..... რწმუნებულის – ზ. რ–ის მიერ დამზადებული, 2013 წლის 5,8 და 11 ნოემბრით დათარიღებული ყალბი ცნობები და ..... მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფ. ..... (.....) რწმუნებულის – ა. ფ–ის მიერ დამზადებული, 2013 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული ყალბი ცნობები.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით:

შ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი.

გაუქმდა შ. გ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასაართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, შ. გ–ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: თ–ში, ........ მე–... შესახვევი, კორპ.N..., საკადასტრო კოდი: ...............) დადებული ყადაღა.

მ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

გაუქმდა მ. გ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, შ. გ–ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: თ–ში, ...... მე–– შესახვევი, კორპ.N..., საკადასტრო კოდი: .............) დადებული ყადაღა.

ზ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ზ. რ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ა. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. ფ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ა. ფ–ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: ..... რაიონში, სოფელ ........ (......) 5000 კვ. მ სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ..... ) დადებული ყადაღა.

ზ. რ–სა და ა. ფ–ს უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

4.სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით შ. გ–მ და მ. გ–მ ჯგუფურად დაამზადეს ყალბი შესყიდვის აქტები, სადაც ყალბად დააფიქსირეს შპს „.......“ მიერ .........., ......., ........, ........ მუნიციპალიტეტსა და ......... რეგიონში მცხოვრები გ. კ–ის, გ. გ–ის, მ. პ–ის, ი. ხ–ის, ჟ. ა–ის, მ. შ–ის, ვ. შ–ის, ნ. გ–ის, ა. გ–ის, გ. კ–ის, ა. ი–ის, ჯ. ჰ–ის, ტ. შ–ის, ე. მ–ის, რ. დ–ის, კ. გ–ის, ს. ჰ–ის, მ. ო–ის, თ. ქ–ის, ბ. პ–ის, გ. ც–ის, ნ. რ–ის, ა. ი–ის, ა. რ–ის, ზ. რ–ის, შ. პ–ის, გ. ა–ის, გ. ღ–ის, რ. კ–ის ა. ფ–ის, ა. ბ–ის, გ. თ–ის, ნ. რ–ის, ნ. ქ–ის, ზ. ს–ის, ვ. კ–ის, გ. ჩ–ის, ი. კ–ის, თ. მ–ის, თ. მ–ის, ი. ბ–ისა და სხვა პირებისგან სასოფლო–სამეურნეო კულტურების შესყიდვის ფაქტები. ყალბად შედგენილ აქტებში მიუთითეს შესყიდული ბოსტნეულისა და ხილის ოდენობა და გადახდილი საფასური, რითაც ხარჯი გაზარდეს 3 084 991 ლარით. ყალბად შედგენილი შესყიდვის აქტები, შემდგომში გამოყენების მიზნით, წარადგინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე პროდუქციის ექსპორტის დროს და ასევე – საგადასახადო ორგანოში.

5.აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ფ–სა და ზ. რ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით, ხოლო მ. გ–ის – სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, მსჯავრდებულების – მ. გ–ისა და შ. გ–ის მიმართ კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ–ის 303–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მ. გ–ის – სსკ–ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტები არ იძლევა მსჯავრდებულ მ. გ–ის ქმედების ყალბი დოკუმენტის გამოყენებად მიჩნევის შესაძლებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, მსჯავრდებულებმა ჯგუფურად დაამზადეს ყალბი შესყიდვის აქტები, სადაც დააფიქსირეს შესყიდული ხილ–ბოსტნეულის ყალბი ოდენობა და გადახდილი საფასური. აღნიშნული ყალბი შესყიდვის აქტები წარადგინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე პროდუქციის ექსპორტის დროს და საგადასახადო ორგანოში, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სსკ–ის 210–ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სახის დოკუმენტის (ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის) და არა სსკ–ის 362–ე მუხლით გათვალისწინებული სახის ყალბი დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ზ. რ–ისა და ა. ფ–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ იმსჯელა და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც გაამართლა ისინი საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ–16, №404აპ–16, №560აპ–16).

11. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების – მ. გ–ისა და შ. გ–თვის სასჯელების განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები – მ. გ–მ და შ. გ–მ აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მ. გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის ონკოლოგიური ავადმყოფი) და მათ განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და აკმაყოფილებს სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნას (საქმე N257აპ–17).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ–ის 303–ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ–ის 303–ე მუხლის მე–3, მე–32, მე–33, მე–4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე