საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.07.2020
საქმის ნომერი
2კ-257აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№257აპ-20 ქ. თბილისი

ქ-ა თ-ზ, 257აპ-20 21 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით თ. ქ-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; მასვე 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ქ-ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბ-ში, ზ. გ-ას ქ. №38-ის მიმდებარედ მოძრაობდა „ნისან ფუგას“ მარკის ავტომანქანა (სახ. №--), რომელსაც მართავდა თ. ქ-ა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეით ჰ. პ-ოს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. გ-ემ და ითხოვა თ. ქ-ას გამართლება.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ თ. ქ-ას, დაზარალებულ ჰ. პ-ოს, მოწმეების – ლ. გ-ის, გ. ა-ას, ი. შ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 24 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნით, 2018 წლის 13 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ვიდეოექსპერტიზის №-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული, რომ თ. ქ-ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთხოვნები და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ქ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე