საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.09.2020
საქმის ნომერი
2კ-354აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #050100119002820857

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№354აპ-20 ქ. თბილისი

ჟ–ი პ., 354აპ-20 1სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, კერძოდ: ჯარიმის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგი მოტივებით: სასამართლომ სწორად არ შეაფასა პ. ჟ–ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი; პ. ჟ–ი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ იყო გამოყენებული კანონით გათვალისწინებული საშეღავთო გარემოებები, იგი არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული; ამასთან, ამჯერად მან ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, რაც გამოიხატა დაზარალებულთა მიმართულებით სანადირო თოფიდან გასროლასა და მუქარაში; მსჯავრდებულმა არ მოინანია ჩადენილი დანაშაული და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით პ. ჟ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა მსჯავრდებულ პ. ჟ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოიხსნას მისი უზრუნველყოფის მიზნით, ............ მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე, პ. ჟ–ის (პ/ნ ...............) კუთვნილი ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 3600.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი – 27.09.50.164) 3000 (სამი ათასი) ლარის წილზე და უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ჟ–მა ჩაიდინა ადამიანის დევნა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.

პ. ჟ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ..... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... „..................“ წევრები - მ. ი–ი და მისი მეუღლე ი. ი–ი ეწეოდნენ რელიგიურ მოღვაწეობას და იეჰოვას რელიგიური მრწამსის შესახებ ესაუბრებოდნენ პ. ჟ–ს მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. აღნიშნულზე განაწყენდა პ. ჟ–ი, რომელმაც მ. ი–ისა და ი. ი–ის მიმართ ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩაიდინა დევნა მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი და მუქარით, რომ რელიგიური მოღვაწეობის მიზნით აღარ დაენახა ისინი მასთან მისული, გაისროლა მათი მიმართულებით.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პ. ჟ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმება და მისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ პ. ჟ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ: სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ პ. ჟ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლისდამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი