დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.11.2020
საქმის ნომერი
2კ-44-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802220004075118

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№44I-20 ქ. თბილისი

დ. მ., 44I-20 17 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. დ.ს (M. D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2014 წლის 26 მარტს თ-ს რესპუბლიკის ა-ს საქალაქო, მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. დ. (დაბადებული ... წლის .. ოქტომბერს) ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა/პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. იმავე განაჩენით მ. დ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ჯამურად - 21 წლითა და 48 თვით, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 10 წელი და 3 თვე.

2017 წლის 22 თებერვალს თ-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად და მიიღო საბოლოო სახე.

2019 წლის 6 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის ა-ს საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მ. დ.ს დაკავების ბრძანება.

2020 წლის 8 იანვრიდან მ. დ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. მოწოდებული მასალების თანახმად, მ. დ.ს მიერ თ-ს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2007-2008 წლებში მ. დ.მ და მისმა თანამზრახველებმა ისარგებლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების - ა. ჰ. -ს, დ. ტ. -ს და ნ. ი. -ს მძიმე ფინანსური მდგომარეობით, შეჰპირდნენ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებას და ამ პირების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, უზრუნველყვეს მათი თ-ს რესპუბლიკაში გადაყვანა. თ-ს რესპუბლიკაში მ. დ. ფლობდა და ხელმძღვანელობდა სასტუმროს და კაზინოს, სადაც გადამალეს ზემოაღნიშნული პირები და უზრუნველყვეს მათი პროსტიტუციაში ჩაბმა. მითითებულ პირები, მ. დ.სა და მისი თანამონაწილეების კონტროლით, დაკავებულნი იყვნენ პროსტიტუციით სასტუმროსა და კაზინოს მომხმარებლებთან. ამასთან, მ. დ. იღებდა და განკარგავდა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს.

3. 2020 წლის 24 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო შუამდგომლობა მ. დ.ს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.

4. 2020 წლის 18 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. დ..

5. 2020 წლის 20 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მ. დ.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

6. საჩივარი ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ 2020 წლის 12 მარტის განჩინებით დაუშვებლად ცნო.

7. 2020 წლის 14 მაისსა და 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. დ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

8. 2020 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. დ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 18 აგვისტომდე.

9. 2020 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით მ. დ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 18 ნოემბრამდე.

10. 2020 წლის 8 ივნისსა და 2020 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია მ. დ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

11. 2020 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. დ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ა-ს საქალაქო, მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა/პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფა).

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო მ. დ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ა-ს საქალაქო, მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა/პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფა).

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. დ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. პ-მ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: მ. დ.ს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან, პანდემიის გათვალისწინებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა მტკიცებულებები, რომ იგი იდევნება პოლიტიკური ნიშნით; სურს საქართველოში ცხოვრება და არის თავშესაფრის მაძიებელი, მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად, რაზეც ეთქვა უარი; სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

14. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. დ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

15. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. დ. ექსტრადიციის მიზნით საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 18 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. დ.ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. მხოლოდ განცხადებას, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, რომ მ. დ. თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

5. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას არ აბრკოლებს ასევე ის ფაქტი, რომ მ. დ. არის თავშესაფრის მაძიებელი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №17I-15; №7I-16; №25I-20).

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. დ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ა-ს საქალაქო, მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა/პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. დ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი